ავტორი:

"არ მეგონა, "რანინაში" მონაწილეობას თუ შევძლებდი, ღმერთის ძალა მაინც რა არის, არა?!" - გაბრიელის სიმღერა და ბოდაველების მუსიკალური ოჯახი

"არ მეგონა, "რანინაში" მონაწილეობას თუ შევძლებდი, ღმერთის ძალა მაინც რა არის, არა?!" - გაბრიელის სიმღერა და ბოდაველების მუსიკალური ოჯახი

საზოგადოებამ კონკურს "რანინადან“ გაიცნო - გაბრიელ ბოდაველმა თავისი ნიჭიერებით, ხასიათით ყველას შეაყვარა თავი. გული არ სწყდება, ფინალში რომ ვერ მოხვდა. მადლიერია კონკურსის, რადგან მიაჩნია, რომ "რანინამ“ ბევრი კარგი რამ მისცა.

გაბრიელი 174-ე საჯარო სკოლის მეშვიდეკლასის მოსწავლეა. არის 13 წლის. სიმღერა კი 2 წლიდან დაიწყო.

  • ის ახლა თავის არაჩვეულებრივ, მუსიკოს დედიკოსთან ერთად ambebi.ge-ს სტუმარია.

გაბრიელ ბოდაველი:

- თავიდან დედის დაწერილ სიმღერებს ვასრულებდი და ეს ძალიან მომწონდა. ხალხურს რომ ვმღერი, სხვანაირად განვიცდი, მაგ დროს საშუალება მაქვს, გამოვხატო ჩემი ემოციები. ძალიან მიხარია, რომ ღმერთმა დამაბერტყა სიმღერის ნიჭი, ამისთვის ყოველდღე დიდ მადლობას ვუხდი.

თავიდან არ მინდოდა პროექტში მონაწილეობა, მასში მზოვრეთის მამების ლოცვა-კურთხევით ჩავერთე. ძალიან სასიამოვნო გარემო დამხვდა. საერთოდ არ მეგონა, თუ კონკურსში მონაწილეობას შევძლებდი, მაგრამ ღმერთის ძალა მაინც რა არის, არა?!. მამების ლოცვა-კურთხევის შემდეგ, ძალა ვიგრძენი და კონკურსის სირთულეებიც დაძლიე.

არაჩვეულებრივი პროექტია, მასში მონაწილეობა ბედნიერებაა, ნამდვილი ზღაპარია. მიხარია, „რანინაში“ რომ მოვხვდი, მონაწილეობა და გამოცდილება მივიღე. პედაგოგები ძალიან მეხმარებოდნენ, დიდი მადლობას ვუხდი მათ.

გარდა იმისა, რომ გამოცდილებას იღებ, უამრავ მეგობარს იძენ, მოსიყვარულე ბავშვებთან და პედაგოგებთან ერთად კიდეც ერთობი. ბევრი ბავშვი გავიცანი და ახალი მეგობრები გავიჩინე. ამიტომ ასეთ პროექტში მოხვედრა ჩემთვის დიდი პატივია და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იქ დამხვდა და გავიცანი.

- ყველაზე მეტად კონკურსმა რა მოგცა?

- ადამიანად აღმზარდა, სიმღერაშიც ბევრი რამ მასწავლა და მეტად კომუნიკაბელური გამხადა. "რანინა“ ჩემთვის სკოლაც იყო და ოჯახიც.

- რომელი ჟანრი აღმოჩნდა შენთვის ადვილი?

- ადვილი იყო ხალხური და აზერბაიჯანული ტური, ძალიან გამიიოლდა... საერთოდ კონკურენტული გარემო სულაც არ იყო, ერთმანეთს გვერდში ვედექით და ვგულშემატკივრობდით. მეგობრულად ვიყავით, - ვინც ათეულში მოხვდა, ყველა გამარჯვებულია. საერთოდ არ მეწყინა, რომ ფინალში ვერ გადავედი. ჩემი მეგობრების გასხვლა გამიხარდა.

- შენი პედაგოგი მუსიკაში ვინ არის. ვინ გასწავლა თავიდან სიმღერა?

- ჩემი პედაგოგი მუსიკაში დედაა, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ამიტომ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას და ასევე ხელოვნების სკოლაში ნინო გოცირიძეს. ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის და შემდეგ უკვე "რანინას“ პედგოგებს - ქეთი ჯავახიშვილს, ნინო ჩაჩავას, მანანა მორჩილაძეს.

- სიმღერის გარდა კიდევ რით ხარ დაინტერესებული და დაკავებული?

- ძიუდოთი. 4 წელი მიხდება, რაც ძიუდოზე დავდივარ. ჯერ მედლები არ მაქვს, მაგრამ ვემზადებით, რომ შედეგი დავდო... ძიუდოზე კვირაში 4-5-ჯერ დავდივარ და სპორტის ეს სახეობა მომწონს. ზოგადად, ძიუდო ქართველი ბიჭების სპორტი მგონია, რადგან სულ ვარჯიშსა და ბრძოლაში ხარ. მანდაც მეგობრებთან ერთად ვარ, რაც ასევე სასიამოვნო პროცესია.

- შენ გამოხატე სურვილი, რომ ძიუდოზე გევლო?

- მამაჩემი ძიუდოისტია, რამდენიმე მედალი აქვს. ამიტომ, ძალიან მინდოდა ძიუდოზე მეც მევლო, მამას სულ ვეწუწუნებოდი, ძიუდოზე შემიყვანე-მეთქი. მერე, როგორც იქნა, ხუციშვილების კლუბში შემიყვანა, ძალიან კარგი კლუბია.

გაბრიელი უფროს ძმასთან - ლაშასთან ერთად

- დედა მუსიკოსია, მამა სპორტსმენი - მოკლედ შენი ჰარმონიული განვითარება ოჯახიდან დაიწყო, ხომ?

- კი, ასეა. საერთოდ არაფრის სწავლა არ მეზარება, პირიქით, მიყვარს კიდეც. სკოლის საგნებიდან მათემატიკა მომწონს, ასევე უცხო ენა, გეოგრაფია, ისტორია და ქართული. გეოგრაფია მაინც განსაკუთრებულად მიყვარს. მიადვილდება მისი სწავლა და საინტერესოც არის. დედამიწის აღწერილობა და ყველაფერი დედამიწის შესახებ სულ მაინტერესებს. სიამოვნებით ვუსმენ მასწავლებელს და მერე გაკვეთილსაც ყურადღებით ვსწავლობ.

- სამომავლოდ რას ფიქრობ, რომელ პროფესიას აირჩევ?

- ვიქნები ძიუდოისტი, რომელსაც შეუძლია კარგად სიმღერა. მუსიკასაც მინდა გავყვე და ძიუდოსაც.

- შენს და-ძმებზეც მოგვიყევი.

- მყავს ტყუპისცალი და, მარიამ ბოდაველი, ძალიან წარმატებული მევიოლინეა, სტიპენდიატია. დიდი მონაცემები აქვს მუსიკაში.

მარიამი

ასევე მყავს უფროსი და - ბარბარე, ჩემზე კარგადაც კი მღერის , რაც გადაჭარბება არ არის. ბარბარე 15 წლის გახდა. მას დატირება, ხალხური სიმღერები, ჯაზი - ჩემი აზრით, კარგად გამოსდის. პატარა ძამიკო, იოანე ბოდაველი 10 წლის არის, ძიუდოში ყოველდღე ვარჯიშობს. ამ სპორტში ისეა ჩართული, მაგის მეტი არაფერი უნდა...

იოანე, ბარბარე, გაბრიელი და მარიამი

შორენა ჩოლოგაური, გაბრიელ ბოდაველის დედა, მუსიკოსი:

- როდესაც მზოვრეთის მამათა მონასტრიდან მამებმა მთხოვეს, გაბრიელი ამ პროექტში გაგვეყვანა, სიმართლე გითხრათ, უარი ვუთხარი. არ მინდოდა, რომ გული სტკენოდა, - მოგეხსენებათ, კონკურსს ასეთი რაღაცები ახასიათებს. მერე, გადავწყვიტე, მათი თხოვნისთვის ანგარიში გამეწია, ლოცვა-კურთხევა შემესრულებინა და გაბრიელს "რანინაში“ მონაწილეობა მიეღო. მათ ისიც მითხრეს, რომ გაბრიელს აქვს ის ხმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა ისმოდეს. კი შევასრულე მათი თხოვნა, ოღონდ, პირველ კასტინგზე არ გავყევი. მისმა უფროსმა ძმამ ლაშამ წაიყვანა (ის ჩემი მეუღლის შვილია პირველი ქორწინებიდან). მერე რომ დაგვირეკეს, კასტინგი გაიარაო, საოცარი ემოცია მქონდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მეორე ტურზე გავყევი და მერე კიდევ დაგვირეკეს, - გავიდაო... ჩვენი მიზანი არ იყო, რომ გაბრიელი ფინალში გასულიყო. ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. უბრალოდ, მინდოდა, ემღერა და ჩემი შვილი საქართველოს გაეცნო. მისი ტკბილი ხმით დაეტკბო ადამიანები. გაბრიელმა მართლაც მოახერხა ადამიანების გულებში სიყვარულით შეღწევა...

ვიდრე სიმღერას დაიწყებს, ვნერვიულობ, მაგრამ როგორც კი პირველ ბგერას აიღებს, მერე ნელ-ნელა ვეშვები, - უკვე ვიცი, როგორ დაასრულებს. საოცრად გრძნობს სიმღერას, მუსიკას მთელი გულით და სულით ასრულებს. მადლობას ვუხდი "რანინას“ პედაგოგებს, რომლებმაც მართლა დიდი შრომა გასწიეს და გაბრიელი ვოკალის აკადემიაში დაიტოვეს. აქამდე ანსამბლ "ერისიონში“ (ბავშვთა ანსამბლი "ჩაკრულო“) მღეროდა. მადლობა მის ხელმძღვანელს, "ერისიონის“ მომღერალ თამაზ ბლუაშვილს... ახლა გეგმები შეგვეცვალა, სოლფეჯიოში ვამზადებ, რადგან საგუნდო-სადირიჟორო გახრით ნიჭიერთა ათწლედში უნდა ჩავაბარებინო.

- თქვენს საქმიანობაზეც გვიამბეთ, ვიცი, რომ მუსიკოსი ხართ...

- ბოლო დროს ვეღარ ვმღერი, რაღაც პრობლემები შემექმნა ხმის იოგებზე, ამიტომ დროებით გავჩერდი. საერთოდ ოპერას ვმღეროდი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. მერე კონსერვატორიაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაცნაირად ხელი არ მომემართა. ოჯახიც შევქმენი, შემხვდა ადამიანი, რომელიც გვერდში დამიდგა, მითხრა, შენს შემოქმედებას საჯაროდ გავიტანთ, უბრალოდ, გთხოვ, არ დაიზარო, იმუშავე და წერეო...

"დროშიონთან" ერთად

შემოვიკრიბე ბიჭები სხვადასხვა სახელმწიფო ანსამბლებიდან. დღესდღეობით მყავს მამაკაცების ანსამბლი "დროშიონი“. სიმღერებს თვითონ ვწერ, ძირითადად ჩემს დაწერილ რეპერტუარს ვმღერით. ეს არის კლასიკა ფოლკლორში. ბიჭები არიან, როგორც აღვნიშნე, სხვადასხვა ანსამბლებიდან, ფოლკლორს კარგად მღერიან და არიან ტაძრის მგალობლებიც. ვმუშაობთ 2 განხრით - ფოლკლორში და იმ ჟანრში, რასაც თვითონ ვქმნი. ვქმნი დეკანოზ იოსებ ხოხონიშვილის საოცარ ლექსებზე, სხვა პოეტების ლექსებიც მაქვს ამღერებული, ასევე სიმღერები ჩემს ლექებზეც.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიიდან მამა პეტრე პეტრიაშვილი ჩვენი ანსამბლის სოლისტია. ძალიან მცოდნე და განათლებული ადამიანია, თავადაც ჰყავს ანსამბლი "ბეთანია“. ბაბუის საქმე გააგრძელა. ბაბუა ამ ანსამბლის ხელმძღვანელი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მის გზას აგრძელებს. მამა პეტრემ მოისმინა ჩემი სიმღერები, აღფრთოვანდა, სიხარულით დამთანხმდა და ჩვენს ანსამბლში მღერის. თავისი წვლილი შეიტანა "დროშიონში“. ბავშვთა ანსამბლიც მყავს - პატარა "დროშიონელები“ და მათთან მუშაობისას გაბრიელი მეხმარება.

- 4 შვილი, მათი აღზრდა, ოჯახი, საკუთარი საქმე - ამდენს როგორ უძღვებით?

- შვილებთან, პრაქტიკულად, მე ვარ მარტო. საჭმელი, სისუფთავე, ბავშვების სწავლა, ოთხი ბავშვის კონტროლი - საკმაოდ რთულია. გაზრდა კი არ არის რთული, აღზრდაა. მთელ ენერგიას შვილების სწორ აღზრდაში ვხარჯავ. პირველ რიგში ღვთის სიყვარული უნდა ჰქონდეთ, მერე სამშობლოს სიყვარული, მიიღონ ღირსეული განათლება, იმ განათლებით თავიანთ ქვეყანას და ერს ემსახურონ. მათ ამას სულ ვახსენებ. ვეუბნები, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ღმერთს მადლობდნენ, ემსახურონ და არაფრით იამაყონ.

- ამდენი მუსიკოსის თანაცხოვრება ოჯახში როგორია?

- ძალიან ხმაურიანი ოჯახი ვართ - მე თვითონაც ვსწავლობ. საგუნდო-სადირიჟორო განხრით შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ვფიქრობდი, პარალელურად მუშაობა დამეწყო მუსიკალურ სკოლაში, დიპლომი მომთხოვეს. ზაქარია ფალიაშვილის სასწავლებლის ჩემმა დიპლომმა ვერ გაიარა აკრედიტაცია და ამიტომ გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. თან კიდევ მეტად განვვითარდები-მეთქი. გამოცდები ჩვეულებრივად ჩავაბარე და მოვხდი თეატრალურ უნივერსიტეტში. მომავალ წელს დავამთავრებ.

ბევრი მეუბნება - ამდენს როგორ ახერხებო? ზუსტად ვიცი, რომ ამ ყველაფერში, შვილების აღზრდაში ჩემი დედა ღვთისმშობელი მეხმარება. მისი მადლიერი ვარ