ავტორი:

"გავლენიანი ჩეჩენის შვილი საქართველოდან მოტყუებით გაიყვანეს და სავარაუდოდ მოკლეს" - რა არის ცნობილი 33 წლის ქალზე, რომელიც ჩეჩნეთიდან ოჯახს გაექცა

"გავლენიანი ჩეჩენის შვილი საქართველოდან მოტყუებით გაიყვანეს და სავარაუდოდ მოკლეს" - რა არის ცნობილი 33 წლის ქალზე, რომელიც ჩეჩნეთიდან ოჯახს გაექცა

ჩეჩნეთიდან მუქარის გამო გაქცეული, ალია ოზდამიროვა ნოემბერში საქართველოდან მოტყუებით ან ძალადობრივი გზით გაიტაცეს, ჩეჩნეთში დააბრუნეს და სავარაუდოდ მოკლეს. როგორც ორგანიზაცია СК SOS–ის წყაროები იუწყებიან, მისი დაკრძალვა 12 ნოემბერს გაიმართა.

  • 33 წლის ალიას თქმით, 20 ოქტომბერს ჩეჩნეთის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია გარკვეულმა ადამიანებმა, მათ შორის ბიძაშვილებმა, შეიტყვეს. სწორედ მათგან და ასევე ღვიძლი ძმისგან მომავალმა საფრთხემ აიძულა ის ჯერ სტამბოლში, ხოლო შემდეგ კი საქართველოში ჩასულიყო.

გამოკითხვისას გაირკვა, რომ ოზდამიროვას მიმართ მუქარა ასევე მის ბიზნესსაქმიანობასთან იყო დაკავშირებული, ძმები მას იმის გამო სცემდნენ, რომ ქალის ბიზნესპარტნიორებს ინვესტორების ვალი დაედოთ, თანხის ქურდობაში კი თავად ალია დაადანაშაულეს. თუმცა გაქცევის მომენტში ალიას ფულთან უკვე არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა.

ალია ოზდამიროვა გავლენიანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო: მამა, უსმან ოზდამიროვი, კადიროვის უახლოეს წრეს მიეკუთვნებოდა და გუდერმესის რაიონის უფროსად მსახურობდა. ოჯახში ურთიერთობები წესრიგში ჰქონდათ —ახალგაზრდა ქალი ოჯახურ ძალადობას ან შეზღუდვებს არ განიცდიდა. თუმცა მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც 2020 წელს მამა გარდაიცვალა და აღარავინ დარჩა ვინც მას ძმებისგან დაიცავდა.

ნოემბერში ოზდამიროვას "ნაცნობი ადვოკატი" დაუკავშირდა რომელმაც უთხრა, რომ მის წინააღმდეგ "ტერორიზმის დაფინანსების“ ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რის გამოც საქართველოს დატოვებას ვერ შეძლებდა. თუმცა, არც ერთ ბაზაში ასეთი საქმე არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც უფლებადამცველებმა გადაწყვიტეს, ალიას საქართველო დაეტოვებინა. ქალი 8 ნოემბერს უნდა გაფრენილიყო თბილისიდან, უსაფრთხო ქვეყანაში.

ალია ასევე დაუკავშირდა ბაქოში მცხოვრებ მის ბიძა ალი ასაევს, რომელმაც დაუდასტურა, რომ საქმე მართლაც იყო აღძრული, თუმცა დასძინა, რომ საზღვარზე ადამიანს იცნობდა, ვინც შეძლებდა დროებით სისტემიდან ძებნილის “ნიშანი” მოეხსნა.

ეს უფრო დროის გაწელვის მცდელობას ჰგავდა, ამიტომ უფლებადამცველებმა ახალგაზრდა ქალს გეგმის თანახმად, 8 ნოემბერს გაფრენა ურჩიეს, რაზეც ალიამ უპასუხა რომ ბიძას სრულად ენდობოდა.

ამის შემდეგ ოზდამიროვა ნახევარი საათით ქრება და კვლავ უკავშირდება უფლებადამცველებს და ეუბნება, რომ ბიძა, ალი ასაევი მას თბილისის აეროპორტში 9 ნოემბერს შეხვდებოდა, საიდანაც დუბაიში გადაფრინდებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 9 ნოემბერს ალიამ საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარი გადაკვეთა. უკვე მეორე დღეს გავრცელდა ხმები, რომ გოგონა გარდაიცვალა. ინფორმაცია 12 ნოემბერს დადასტურდა, როდესაც მისი დაკრძალვა გაიმართა.

მეგობრები, ნაცნობები და СК SOS–ის უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა ქალი “ღირსების მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა, ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი იძულებითი დაბრუნება და შესაძლო მკვლელობა სექსუალურ ორიენტაციას, თუ მთავარი მიზეზი ბიზნესთან დაკავშირებული ოჯახური კონფლიქტია.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: