ავტორი:

სისხლიანი დაკრძალვა აფხაზეთში: ვინ სცადა "კანონიერი ქურდის", რაულ ბარცბას მოკვლა - "იახტაზე დამცირება არ აპატია..."

სისხლიანი დაკრძალვა აფხაზეთში: ვინ სცადა "კანონიერი ქურდის", რაულ ბარცბას მოკვლა - "იახტაზე დამცირება არ აპატია..."

ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი კიდევ ერთი სისხლიანი კრიმინალური გარჩევის ეპიცენტრი გახდა. 11 ნოემბერს, შუადღისას, გუმსკის ქუჩაზე მიმავალ სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს პირველესი ფიგურა, "კანონიერი ქურდი" 59 წლის რაულ ბარცბა, მეტსახელად "პიზა". ეს ინციდენტი, როგორც რუსული მედია წერს, მრავალწლიანი კლანური ბრძოლის და მზარდი დაუსჯელობის ახალი სიმბოლოა, სადაც დანაშაული უკვე ტრადიციულ „წესებს“ აღარ ემორჩილება.

თავდასხმა სამგლოვიარო მსვლელობაზე

თავდასხმა სოხუმის "მაყურებლად" ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, გენადი ადლეიბას პანაშვიდის დროს მოხდა. ადლეიბას დაკრძალვაზე აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს არაერთი გავლენიანი ფიგურა, მათ შორის რაულ ბარცბა („პიზა“) იყო შეკრებილი.

13:20 საათზე, როდესაც პროცესია გუმსკის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, მიტოვებული შენობიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და რამდენიმეჯერ გაისროლა ზუსტად იმ მონაკვეთის მიმართულებით, სადაც კრიმინალური „ელიტის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

რაულ ბარცბა

დაჭრილი ხუთი პირიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილობრივი Telegram-არხები ვარაუდობენ, რომ მთავარი სამიზნე სწორედ „პიზა“ იყო, რომელიც რეგიონის ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლება. დაჭრილებს შორის, სამედიცინო ცნობების თანახმად, ერთი პირი თავის ქალის გამჭოლი ჭრილობით და პირი მუცლის ღრუს დაზიანებით შეიყვანეს კლინიკაში.

დე ფაქტო "შსს-მ" ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დაიწყო და მიტოვებულ შენობაში მხოლოდ მსროლელის ნიღაბი და ხელთათმანები იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ სიტუაცია პირად კონტროლზე აიყვანა, ინციდენტმა კვლავ გაამძაფრა დისკუსია აფხაზეთში უსაფრთხოების სრული დეგრადაციის შესახებ.

შურისძიება "იახტაზე მომხდარისთვის"?

რუსული კრიმინალური მედიასაშუალებების, კერძოდ Прайм Крайм-ის ვერსიით, თავდასხმა უშუალოდ "პიზას" მრავალთვიან, სისხლიან კონფლიქტს უკავშირდება სხვა გავლენიან ფიგურასთან, თემურ კაპბასთან, იგივე „გულისთან“.

კონფლიქტის მთავარი მიზეზი აფხაზეთში კრიმინალური ფინანსური ნაკადებისა და გავლენისთვის ბრძოლაა. "პიზა", რომელიც გუდაუთის კლანს ხელმძღვანელობს და ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში "აკურთხეს", წლების მანძილზე რეგიონის უდავო "ნომერ პირველ ქურდად" ითვლებოდა. "გული“ კი, რომელსაც გავლენა თურქეთსა და რუსეთში ჰქონდა, ბოლო პერიოდში ცდილობდა აფხაზეთში პოზიციების აღდგენას.

კონფლიქტის 2024 წელს გამწვავდა. მაისში „გულიმ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი და ვრცელი ე.წ. "ქურდული პრაგონი", სადაც "პიზას" "ქურდული ტრადიციების ღალატში“, თვითნებობასა და "ქაოსის" შექმნაში ადანაშაულებდა.

თემურ კაპბა (გული)

კიდევ ერთი ინციდენტი ზაფხულში მოხდა, როგორც ადგილობრივი მედია წერდა: "გული" იახტაზე გამართულ "შეკრებაზე" მიიწვიეს, სადაც "პიზა" იმყოფებოდა. დაპირისპირების დროს მან დანით დაჭრა "პიზა", თუმცა ის მალევე გაანეიტრალეს, სასტიკად სცემეს და ზღვაში გადააგდეს. ეს ინციდენტი "გულისთვის" სერიოზული დამცირება იყო, მით უმეტეს, რომ 2023 წელს მას გავლენიანმა „ქურდებმა“ უკვე ჩამოართვეს სტატუსი. "Прайм Крайм"-ის ვარაუდით, სროლა დაკრძალვაზე, სადაც "პიზა" თავს უსაფრთხოდ უნდა ეგრძნო, სწორედ ამ დამამცირებელი ფაქტებისთვის შურისძიების აქტი იყო.

პოლიტიკური ქაოსი და "წაშლილი საზღვრები"

აფხაზეთში ბოლო წლების კრიმინალური ქრონიკა მართლაც მძიმეა: 2019 წელს სოხუმის სანაპიროზე, კაფე „სან-რემოსთან“ „პიზას“ კლანის ორი წევრი მოკლეს; 2024 წლის დეკემბერში დე ფაქტო პარლამენტში მოკლეს დეპუტატი; ცოტა ხნის შემდეგ სამმაგი მკვლელობა მოხდა კაფე „ბისკვიტში“.

სამგლოვიარო პროცესიაზე თავდასხმამ აფხაზური საზოგადოება შოკში ჩააგდო. ოპოზიციური პარტიები მკაცრად აკრიტიკებენ დე ფაქტო ხელისუფლებას და „შს მინისტრის“ გადადგომას მოითხოვენ, რადგან „ისევ დაღვრილი სისხლი... უსაფრთხოების სისტემის დეგრადაციის ნათელი დადასტურებაა“.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრიმინალებმა უკვე გადალახეს ყველა "წითელი ხაზი". როგორც ოპოზიციური არხი REPUBLICA წერს, "აფხაზური ტრადიციების და ღირსების ცნებების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც უპატიებელია მტერზე ხელის აწევა მის სახლში, მით უმეტეს - სამგლოვიარო ღონისძიებაზე, დღეს ეს საზღვრები წაშლილია“.

საპასუხოდ, პრო-სამთავრობო არხები ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია თავადაა დაკავშირებული კრიმინალურ წრეებთან და წლობით ბლოკავს იარაღის ტარების აკრძალვის შესახებ კანონპროექტებს, რითაც ხელს უწყობს ქაოსს.

ფაქტია, რომ სოხუმის ქუჩებში ძალთა ბალანსი უმძიმეს კრიმინალურ დაპირისპირებაში ვლინდება, სადაც არცერთი მოქალაქე არ გრძნობს თავს დაცულად – ისტორია აჩვენებს, რომ ძალადობის ეპიცენტრში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი, იქნება ეს კაფეში სადილისას თუ ახლობლის უკანასკნელ გზაზე გაცილებისას.