BBC-მ ბოდიში მოუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაცემა Panorama-ს ეპიზოდისთვის, რომელშიც მისი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლა იყო რედაქტირებული, თუმცა უარყო მოთხოვნა კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით.
“ვეთანხმებით, რომ ჩვენმა რედაქტირებამ უნებლიეთ შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ვაჩვენებდით გამოსვლის ერთ უწყვეტ მონაკვეთს და არა გამოსვლის სხვადასხვა პუნქტიდან ამონარიდებს და რომ ამან მცდარი შთაბეჭდილება შექმნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირი მოუწოდა ძალადობრივი ქმედებებისკენ“, - ნათქვამია BBC-ის განცხადებაში.
ამასთან, BBC-ის ადვოკატების განცხადებით, კორპორაციის თავმჯდომარემ, სამირ შაჰმა ცალკე პირადი წერილი გაუგზავნა თეთრ სახლს, რომელშიც პრეზიდენტ ტრამპს განუმარტა, რომ ის და კორპორაცია ბოდიშს უხდიან პრეზიდენტის 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლის რედაქტირებისთვის, რომელიც გადაცემაში იყო წარმოდგენილი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადვოკატები დაიმუქრნენ, რომ BBC-ს 1 მილიარდი დოლარის კომპენსაციის მოთხოვნით უჩივლებდნენ, თუ კორპორაცია ბოდიშს არ მოიხდიდა და კომპენსაციას არ გადაიხდიდა.
მანამდე, გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა BBC-ის შიდა მემორანდუმის დეტალები, რომელშიც ნათქვამია, რომ Panorama-ს დოკუმენტურ ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად იყო დამონტაჟებული, რათა ისე წარმოჩენილიყო, რომ მან 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე მომხდარი არეულობა წაახალისა. მომხდარის გამო, BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს.