ოქტომბერში ჩეჩნეთში გამართულმა გრანდიოზულმა ქორწილმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო არა პატარძლის სილამაზით, არამედ პირველი ცოლის, ლიმდა იბრაგიმოვას ცეკვით. მისი პროტესტი, რომელიც შავი კაბითა და წითელი თავსაფრით იყო წარმოდგენილი, მალევე იქცა „მოღალატე ქმრისთვის“ პატიების სიმბოლოდ და განხილვის საგნად. თუმცა, ამ დრამატულ ისტორიაში არსებობს კიდევ ერთი მთავარი გმირი – ქალი, რომელიც ამ ყველაფრის ეპიცენტრში აღმოჩნდა.
მეორე ცოლმა ინსტაგრამის ახალი პროფილი ქორწილის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ გააკეთა. Khaatuewa ასე ჰქვია სოციალურ ქსელში, MMA მებრძოლის, იმრან ჟულაგოვის მეორე ცოლს. საზოგადოების განკითხვისა და ბრალდებების ფონზე, მან დუმილი დაარღვია და Instagram-ის საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა ემოციური და გაბედული სტატუსები, სადაც განმარტავს თავის არჩევანს, განვლილი გზის სირთულეს და საუბრობს ურთიერთობაზე პირველ ცოლთან. მისი ისტორია ამ ამბის მეორე მხარეს აჩვენებს.
ორი ცოლი, ერთი მამაკაცი: "ჩვენ მტრები არ ვართ - ჩვენ სიმშვიდე ავირჩიეთ"
საზოგადოების მთავარი მოლოდინი იყო ორ ქალს შორის შუღლი და დაპირისპირება. Khaatuewa-ს თქმით, ბევრს ეგონა, რომ მათ შორის „სიცივე“ იქნებოდა და გვერდიგვერდ დგომასაც ვერ შეძლებდნენ, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პოსტი სწორედ ამ სტერეოტიპის მსხვრევას ეძღვნება:
"დღეს ამ ფოტოს იმიტომ არ ვდებ, რომ თავი გამოვიჩინო, არამედ იმის საჩვენებლად, რომ ქალები შეიძლება ბევრად უფრო ბრძენი იყვნენ, ვიდრე ადამიანებს ჰგონიათ. ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ ერთი მამაკაცის ორი ცოლი ვართ, რომლებმაც შური კი არა, სიმშვიდე ავირჩიეთ.“

მეორე ცოლი აღიარებს, რომ ეს არჩევანი იოლი არ ყოფილა. იყო "ცრემლები, ეჭვები, განსაცდელები“, მაგრამ ეს გზა საბოლოოდ პატივისცემით დასრულდა. ის მადლიერებას გამოხატავს ლიმდას მიმართ:
"მადლიერი ვარ მისი სიმტკიცისთვის, ღირსებისთვის და კეთილი გულისთვის. დაე, ყველა ოჯახში იყოს მშვიდობა და ყველა ქალმა იპოვოს სულის სიმშვიდე, თუნდაც მისი გზა სხვებისგან განსხვავებული იყოს. მთავარია, ალაჰი ხედავდეს ჩვენს განზრახვას.“

გადაწყვეტილება: "ალაჰი გულებს აერთიანებს - შენ არ ირჩევ“
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელზეც Khaatuewa-ს უწევს პასუხის გაცემა, არის – "რატომ მაინცდამაინც ის?“. რატომ არ გაეცალა მამაკაცს, რომელსაც უკვე ჰყავდა ცოლი და ოჯახი? - ამაზე მისი პასუხი ასეთია.
"როდესაც ალაჰი გულებს აერთიანებს, არჩევანს არ აკეთებ. შენ უბრალოდ გრძნობ, რომ ეს შენი ადამიანია. როდესაც გავიგე, რომ მას ოჯახი ჰყავდა, დავშორდი. არ მინდოდა ვინმესთვის ცხოვრება დამენგრია.“
ქალის მტკიცებით, მომავალი მეუღლე პატივისცემით მოიქცა და ყველაფერი შარიათის კანონების მიხედვით გააკეთა.
"ის მოვიდა არა ტყუილით, არამედ სიმართლით, სერიოზული განზრახვით და პატივისცემით პირველი ცოლის მიმართ. მან ყველაფერი გააკეთა კანონით, შარიათის მიხედვით. არაფერი დაუმალავს, არ უღალატია, არ მოუტყუებია. მე ეს მეტოქეობად კი არა, განსაცდელად მივიღე. მე ეს გზა ავირჩიე არა ხალხის ლაპარაკის, არამედ გულწრფელი გრძნობისა და ალაჰის ნების გამო. არაფერი მომიპარავს. არაფერი დამინგრევია. მე უბრალოდ შევედი იქ, სადაც შემიშვეს. მშვიდობით, სიყვარულით, რწმენით.“

მძიმე ტვირთი: "მეორე - არ ნიშნავს ზედმეტს“
მეორე ცოლი ღიად საუბრობს იმ შინაგან ბრძოლასა და სირთულეზე, რასაც მისი მისამართით საზოგადოების მხრიდან მოჰყვა. ის მიმართავს ყველა იმ ქალს, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია.
"რთულია იყო მეორე. ეს არ ეხება სიამაყეს ან სარგებელს. ეს ეხება მიღებას, რწმენას, შინაგან ბრძოლას. ვიცი, რა მტკივნეულია განკითხვის მოსმენა მათგან, ვინც არ იცის შენს გულში რა ხდება. ეს არ არის ცოდვა ან ფარული ურთიერთობა, არამედ ნიკაჰია [ისლამური კანონმდებლობით დადებული ლეგიტიმური ქორწინება].“
მისი მთავარი გზავნილია, რომ ქალებმა არ უნდა იმართლონ თავი და არ უნდა დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე, თუ მათ გზა ალაჰმა გაუხსნა. მთავარია ღირსება და რწმენა.
"დაე, თითოეულ ჩვენგანს ახსოვდეს: მეორე - არ ნიშნავს ზედმეტს. მთავარია სუფთა გული, გულწრფელობა და რწმენა. მე თქვენს გვერდით ვარ და ვიცი, რასაც გადიხართ. დაე, ალაჰმა მისცეს ყველა ქალს ძალა და სიბრძნე.“

ავარია, როგორც საბედისწერო გაცნობა
განსაკუთრებით შთამბეჭდავია წყვილის გაცნობის ისტორია, რომელიც ყველაფერი იყო, გარდა რომანტიკულისა.
"ვინ იფიქრებდა, რომ ბიჭი, რომელმაც მანქანით გადამიარა, ასე დიდხანს დარჩებოდა ჩემს ცხოვრებაში... ჩვენი გაცნობის ისტორია უჩვეულოა და არც ისე სასიამოვნოდ დაიწყო. სწავლის დასრულების შემდეგ ქუჩაზე გადავდიოდი, როდესაც მანქანა დამეჯახა და საჭესთან სწორედ ის იჯდა...“
გოგონა მსუბუქი დაჟეჟილობით გადარჩა, მამაკაცი კი, როგორც Khaatuewa იხსენებს, ერთი კვირის განმავლობაში დაყვებოდა მას, სანამ სოციალურ ქსელებში არ მიაგნო. თავდაპირველი უარყოფის შემდეგ, მათ შორის მეგობრობა დაიწყო, რომელიც სულ ოთხ დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც მამაკაცმა თავისი გრძნობები გაუმხილა.

"ღირსეული" პასუხი კრიტიკოსებს
Khaatuewa აღიარებს, რომ მისი ცხოვრების არჩევანმა უდიდესი ნეგატივი გამოიწვია. აუდიტორია ორად გაიყო – მხარდამჭერები და კრიტიკოსები, რომლებიც მის ოჯახსაც კი წყევლიან.
"ჩემი მიმართვა გოგონების, ქალბატონებისა და ქალების მიმართ, რომლებიც თავიანთ სიბინძურეს ანთხევენ და ცდილობენ ემოციებზე ითამაშონ: იყავით ცოტა უფრო კეთილგანწყობილი! მე თქვენს დონემდე არ დავეცემი, მაგრამ სანამ ჩემი რჩევანის გამო დამსჯით, ჯერ საკუთარი ენისთვის უნდა დაისაჯოთ თავები.“
მისი თქმით, წყვილმა ბევრი სირთულე გადალახა, რათა აეშენებინათ ურთიერთობა, რომელიც "პატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული“.
"ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ პირობებში გაცნობილები, ამდენ სირთულეს და განსაცდელს გავივლიდით ერთად... ჩვენ ძალიან დიდხანს, ეტაპობრივად ვაშენებდით ჩვენს მომავალს და დღემდე ვაშენებთ ამ ურთიერთობას, რომელიც პატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული.“
წაიკითხეთ ასევე: