ოკუპირებულ აფხაზეთში 2023 წლის ივლისში მოკლეს გალის მკვიდრი, 28 წლის ნათია ბახტაძე. ახალგაზრდა ქალის მკვლელობა რამდენიმე დღეში აღიარა 26 წლის ოჩამჩირელმა აინარ წვიჟბამ და მხოლოდ ორი წლისა და ორი თვის შემდეგ გადაწყვიტა დე ფაქტო გენპროკურატურამ წვიჟბას წინააღმდეგ სს საქმე განსახილველად გაეგზავნა ე.წ. გალის რაიონულ სასამართლოში. როდის დაიწყება სასამართლო განხილვა, უცნობია, თუმცა აფხაზეთში არც ერთ ქართველს არა აქვს მოლოდინი, რომ დამნაშავე დაისჯება, რადგან წვიჟბა გავლენიანი და შეძლებული აფხაზური ოჯახის წევრია, ხოლო ქართველების სიცოცხლეს, გალელების თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩალის ფასი აქვს.
ნათია ბახტაძის მკვლელობის საქმე დე ფაქტო გენპროკურატურამ ოქტომბერში გაიხსენა. განცხადებაში მითითებულია, რომ ბრალდებულის მიმართ ადრე განიხილებოდა "სავალდებულო სამედიცინო ზომების" გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა "პროკურატურა" ახლა თვლის, რომ "მისი ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალურია და მას შეუძლია გამოძიებისა და სასამართლო პროცესის წინაშე წარდგეს".
ნათია ბახტაძე გალის საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. ის 2023 წლის 28 ივლისს გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების შესახებ 31 ივლისს დედამ, იამზე აგუმავამ, სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავდა, ერთადერთი შვილის მოძებნაში დახმარებოდა. 2 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს ეჭვმიტანილი - 26 წლის აინარ წვიჟბა. მან მკვლელობა აღიარა. განაცხადა, რომ გოგონა მოკლა 28 ივლისს "ლექსუსის" მარკის ავტომობილის სალონში, შემდეგ კი ცხედარი გადააგდო მდინარე ენგურზე მდებარე ვარდნილჰესი-3-ის ტერიტორიაზე და გამოძიებას დანაშაულის ადგილიც აჩვენა. აფხაზი მაშველები ცხედარს რამდენიმე დღე ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ...
მაშინ ითქვა, რომ აინარ წვიჟბამ ნათია ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. მას ნათია მოსწონდა, მაგრამ ქალისგან უარის მიღების შემდეგ მუდმივად ემუქრებოდა და ავიწროებდა. წვიჟბას მამა წლების განმავლობაში გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო, ოჯახს რამდენიმე ბიზნესიც ჰქონდა, ბიძამისი კი "დეპუტატი" იყო. დე ფაქტო პროკურატურამ სს საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა, რაც 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ წვიჟბა დღესაც არ არის დაკავებული.
"ქართველების მკვლელობისთვის აფხაზები თავისიანებს არ სჯიან"
გიორგი, გალის რაიონის სოფელი წარჩე: ნათიამ აინარ წვიჟბა სოხუმში გაიცნო. წვიჟბა თავიდანვე გამოირჩეოდა აგრესიით. სოხუმში სწავლის შემდეგ ნათია გალის სკოლაში რუსულის მასწავლებლად მუშაობდა და წვიჟბას ვეღარ იშორებდა. როგორც თქვეს, ბოლო შეხვედრაზე გაუფრთხილებია წვიჟბა, თუ თავს არ გამანებებ, ახლობლებს ჩავრევო. როგორც ითქვა, წვიჟბას ბიჭს გაუგია, რომ ნათიას სხვა მოსწონდა და ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა...განაგრძეთ კითხვა