ავტორი:

10 კითხვა, რომელიც იმპლანტის გაკეთებამდე აუცილებლად უნდა დასვათ

10 კითხვა, რომელიც იმპლანტის გაკეთებამდე აუცილებლად უნდა დასვათ

კბილის იმპლანტაცია დაკარგული კბილის აღსადგენად დღეს ყველაზე მოთხოვნად და წარმატებულ მეთოდად ითვლება. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კი პროცესი იმდენად დახვეწა, რომ ოპერაცია უმტკივნეულოდ და გართულებების გარეშე ტარდება, ხოლო შედეგი - გრძელვადიანია. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმპლანტაციის შედეგად ვიღებთ კბილს, რომელიც ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებულია.

დღეს საქართველოში იმპლანტაციას უამრავი სტომატოლოგიური კლინიკა სთავაზობს პაციენტებს, თუმცა შეთავაზებებს შორის იმდენად დიდი ფინანსური სხვაობა შეიძლება იყოს, რომ ეს ადამიანს აბნევს. სწორედ ამიტომ, იმპლანტის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია პაციენტმა სრული ინფორმაცია მიიღოს შეთავაზებული იმპლანტის სახეობასა და ფასზე.

გარდა ფასისა, არსებობს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პაციენტმა იმპლანტაციამდე აუცილებლად უნდა გაარკვიოს, თუ მაქსიმალური შედეგის მიღება სურს. სწორედ ამ საკითხებს გაგვაცნობს დღეს თამარ ორდენიძის სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, თამარ ორდენიძე.

რამდენად უსაფრთხოა იმპლანტი?

იმპლანტაცია სრულიად უსაფრთხო პროცესია. ამ საქმიანობაში ჩართული არიან კომპანიები, რომებსაც უკვე 60 წლიანი გამოცდილება აქვთ. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი იმპლანტები კვალიფიციური სპეციალისტის ხელში სრულიად უსაფრთხოა.

რატომ განსხვავდება იმპლანტის ფასი სხვადასხვა კლინიკაში ასე რადიკალურად?

ყველა იმპლანტს თავისი ისტორია აქვს, რაც დიდწილად განსაზღვრავს მის ფასს. ძვირადღირებულ იმპლანტებს დაახლოებით 60 წლიანი ისტორია აქვთ. ამ კომპანიების სამეცნიერო კვლევები იმდენად სრულყოფილია, რომ ისინი უკვე ქმნიან იმპლანტებს ისეთი პაციენტებისთვისაც, ვისთვისაც ცოტა ხნის წინ იმპლანტის გაკეთება შეუძლებელი იყო.

ფასის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელი ქვეყნის ნაწარმია პროდუქტი. თუმცა მხოლოდ ქვეყანა არ განსაზღვრავს ფასს. მაგალითად, ჩვენ ვმუშაობთ შვეიცარიული იმპლანტებით, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიისაა და ფასი 800 ლარიდან 3500 ლარამდე მერყეობს. შესაბამისად, იმის თქმა რომ იმპლანტი შვეიცარიულია და ამიტომაა ძვირი, ფაქტობრივად, პაციენტის მოტყუებაა. ერთსა და იგივე კომპანიას აქვს სხვადასხვა ფასის იმპლანტები, კონკრეტული დანიშნულებისთვის. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაკეთობის და დამუშავების ხარისხს.

ხარისხის და შესაბამისად, ფასის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია მისი შემადგენლობა. სტანდარტულად, იმპლანტი მზადდება ტიტანისგან, თუმცა დღეს ყველაზე ინოვაციური გახლავთ ტანტალის შემადგენლობის იმპლანტი. ის თავსებადია დიაბეტის და ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვისაც.

ჩვენს კლინიკაში მოსულ პაციენტს მიეწოდება სრული ინფორმაცია იმპლანტების მახასიათებლების შესახებ. ადგილზე შევისწავლით მის ანამნეზს, ძვლის სტრუქტურას და შევურჩევთ მისთვის რეკომენდებული იმპლანტების რამდენიმე ვარიანტს, რომელთა შორისაც საბოლოო არჩევანს საკუთარი ბიუჯეტის შესაბამისად პაციენტი აკეთებს.

იმპლანტაცია მტკივნეული პროცესია?

ზოგადად, პროცედურა უმტკივნეულოა. შედარებით რთული გახლდათ პოსტოპერაციული პერიოდი, რომელსაც შეშუპება და ტკივილი ახლდა. სწორედ ეს აშინებდა პაციენტს. თუმცა თანამედროვე შაბლონების საშუალებით ეს გართულებაც მინიმუმამდე დავიყვანეთ. აღნიშნული შაბლონები ჩვენსავე კლინიკაში მზადდება და პაციენტს ოპერაცია ზედმეტი განაკვეთისა და სისხლის გარეშე უკეთდება. შედეგად, პოსტოპერაციულ პერიოდს აღარ ახლავს შეშუპება და ტკივილი.

რა კვლევების ჩატარებაა აუცილებელი იმპლანტაციამდე?

იმპლანტაციამდე აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სრულყოფილი ანამნეზი. ექიმმა სრული ინფორმაცია უნდა მოიპოვოს ქრონიკული დაავადებების შესახებ. ონკოპაციენტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იცოდეს რა გადასხმებსა თუ წამლებს იღებდა ის. სწორედ ამ ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ უნდა გადაწყდეს, რომელი იმპლანტი იქნება თავსებადი ამა თუ იმ კონკრეტულ პაციენტთან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ საკმარისი რაოდენობის ძვალი. თუ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში აკლია კბილი, იწყება ძვლის განლევის პროცესი. ამ შემთხვევაში პირველ ეტაპზე ხდება ძვლის გადანერგვა, რომელიც ასევე მარტივი პროცედურაა და გულისხმობს სპეციალური ძვლის მასის შეტანას. ამის შემდეგ ტარდება იმპლანტაცია.

რა დრო სჭირდება იმპლანტაციას?

ერთი იმპლანტის ჩასმას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. რაც შეეხება გვირგვინის დამაგრებას, ეს დრო პაციენტებისთვის მათი ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე განსხვავდება. პაციენტებს, რომლებსაც მყარი ძვალი აქვთ, იმპლანტაციის პარალელურად შეუძლიათ გვირგვინის დამაგრება. ხოლო თუ ძვალი რბილია და მას იმპლანტის ძლიერად მოჭერის უნარი პირველ ეტაპზე არ აქვს, მაშინ პაციენტს 3 ან მეტი თვით უწევს მოცდა. ამ დროის განმავლობაში დროებითი გვირგვინის დამაგრებაა შესაძლებელი.

იმპლანტი მუდმივია?

საიმპლანტაციო სისტემები, რომლებიც ჩვენთან არის ხელმისაწვდომი, მინიმუმ 30 წლიან გარანტიას იძლევა. გვყოლია პაციენტები, რომლებსაც სხვა ქვეყანაში 20 წლის წინ აქვთ ჩასმული იმპლანტები და დღემდე ნორმალური მდგომარეობაა შენარჩუნებული.

ახლავს თუ არა იმპლანტაციას რისკები?

ზოგადად, ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციას ახლავს რისკები. იმპლანტის შემთხვევაში ერთადერთი რეალური რისკი გახლავთ პერიიმპლატიტი. ამ დროს ორგანიზმი ვერ ითვისებს იმპლანტს და ხდება მისი დაკარგვა. თუ ექიმი პროფესიონალია და იმპლანტი სწორად არის შერჩეული, ეს რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მნიშვნელოვანია პროცესში პაციენტის ჩართულობაც. თუ მას აქვს კარგი იმუნური სისტემა, კარგი ჰიგიენური მდგომარეობა, არ არის წამალდამოკიდებული, არ ეწევა დღეში 30 ღერზე მეტ სიგარეტს, პერიიმპლანტიტის განვითარების რისკი თითქმის არ არსებობს.

რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევს პაციენტს იმპლანტაციის შემდეგ?

6 თვეში ერთხელ პროფესიული წმენდა აუცილებელია. ექიმის მიერ გაზიარებული პირის ღრუს მოვლის რუტინის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

იმპლანტს უნდა ჰქონდეს თუ არა სერტიფიკატი?

ყველა იმპლანტს აქვს თავისი პასპორტი, რომელშიც მისი მახასიათებლებია მოცემული. ეს პასპორტი მას იმპლანტზე შემდგომი ჩარევებისთვის, მათ შორის, გვირგვინის დასამაგრებლად სჭირდება.

როგორ უნდა ავარჩიოთ კონკრეტული კლინიკა და ექიმი იმპლანტაციისთვის?

პირველ რიგში, პაციენტმა კლინიკაში უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია იმპლანტაციის შესახებ. თუ კონკრეტულ კლინიკაში კონკრეტულ ექიმთან კონსულტაციაზე მისული ადამიანი უკან ყველა კითხვაზე პასუხით არ ბრუნდება, მაშინ იქ იმპლანტაციის გაკეთებას არ ვურჩევ. ასევე საეჭვოა, როდესაც იმპლანტებს გრანდიოზული ფასდაკლებით სთავაზობენ.

პაციენტმა არჩევისა და გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს: ექიმის პროფესიონალიზმი, კლინიკის სტატუსი, რეკომენდაციები, კლინიკის სტერილიზაციის ხარისხი და რა თქმა უნდა, ექიმის გულისხმიერება.

NS