შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ავტობუსი ტრანსპორტის გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს შეეჯახა. ადგილობრივმა პოლიციამ დეტალების გარეშე განაცხადა, რომ არიან გარდაცვლილებიც.
"ინციდენტის შედეგად არიან როგორც დაშავებულები, ასევე დაღუპულები. პოლიცია ჯერჯერობით არ ავრცელებს არც რაოდენობას, არც სქესს და არც ასაკს“, - ნათქვამია შვედეთის პოლიციის განცხადებაში.
სააგენტო Reuters-ი, სტოკჰოლმელი მაშველების წარმომადგენელზე დაყრდნობით, წერს, რომ დაშავებულია ექვსი ადამიანი.
ინციდენტი პიკის საათისას მოხდა, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ესტერმალმის რაიონში, ვალჰალავაგენის ქუჩაზე.

პოლიციის განცხადების თანახმად, შემთხვევას დროებით განიხილავენ, როგორც გაუფრთხილებლობით მკვლელობას დამამძიმებელი გარემოებებით. პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის, ნადია ნორტონის განცხადებით, ავტობუსის მძღოლი დაკავებულია.
შვედურმა ტელეკომპანია SVT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორ სართულიანი ავტობუსი კომპანია Transdev-ს ეკუთვნის, რომელიც დედაქალაქის ჩრდილოეთ რაიონებში ავტობუსებს ემსახურება.
"ინციდენტის შედეგად დაზიანებულია ჩვენი ერთ-ერთი ორსართულიანი ავტობუსი“, - განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ლოვისა აბომმა, SVT-ს ჟურნალისტებს.
"ასევე ვიცი, რომ არიან დაშავებულები, თუმცა ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა“, - დაამატა მან.
მაშველების სამსახურში SVT-ს უთხრეს, რომ ავარიის დროს ავტობუსი რეისზე არ იყო, ამიტომ მასში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

იმ მაღაზიის მფლობელი, რომლის ახლოსაც მოხდა ავარია, შემთხვევას პირადად შეესწრო. მან SVT-ს განუცხადა, რომ ავტობუსი გაჩერების წინ მდებარე ბოძს შეეჯახა. მისი თქმით, რამდენიმე შეშინებული ადამიანი ყვირილით შევარდა მაღაზიაში.
შვედურმა მედიამ გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ მაშველები ორი სართულიანი ავტობუსის ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენას.