ავტორი:

სერიალიდან კულინარიაში: როგორია დღეს "ჯეკოს" ცხოვრება - "იმ სერიებს ახლა რომ ვუყურებ, ვიხსენებ და განსხვავებულად ვფიქრობ"

სერიალიდან კულინარიაში: როგორია დღეს "ჯეკოს" ცხოვრება - "იმ სერიებს ახლა რომ ვუყურებ, ვიხსენებ და განსხვავებულად ვფიქრობ"

მაყურებლების თვალწინ გაიზარდა, მთელი ბავშვობა პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" იღებდნენ... დღეს, 15 ნოემბერს დაბადების დღე აქვს, 24 წლის გახდა. უკვე აღარაა ბავშვი, ზრდასრული ადამიანია, თავისი მიზნებით, გეგმებით, სურვილებით... შრომა უყვარს, არ ეზარება და განსაკუთრებით იმის კეთება, რაც მართლა უყვარს. სერიალიდან მეტსახელი შემორჩა - ნაცნობი თუ უცნობი გიორგი ბარბაქაძეს ჯეკოს ეძახის.

როგორია გიო-ჯეკოს ცხოვრება დღეს, როგორ იხსენებს სერიალს, თავის ბავშვობას, ამაზე AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

- კულინარიის აკადემიაში კულინარიას ვსწავლობდი და ახლა ვამთავრებ, სადაც მასწავლიდნენ კულინარიას, მსოფლიოს სამზარეულოს - მზარეულის დიპლომს მომცემენ.

- ე.ი. სამზარეულოსა და კულინარიის მიმართ ინტერესი გქონდა...

- ბავშვობიდან მომწონდა ჩემთვის რაღაცების მომზადება. როცა დრო მქონდა, სახლში სულ რაღაცას ვაკეთებდი ხოლმე. ძალიან პატარა ასაკიდან კვერცხს მე თვითონ ვიწვავდი, რაც მსიამოვნებდა.

- კარგია, რომ ასეთი ფაკულტეტები არსებობს, სადაც კულინარიაში ცოდნის შეძენა შეიძლება...

- იმის ბრალია, რომ ცხოვრება წინ მიდის, ყველაფერი ვითარდება და აზროვნება იცვლება... ყველა ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, როგორც მას უნდა... აკადემიაში ვისწავლე სხვადასხვა თეორია, სურსათის უვნებლობა, ჰასპის დანიშნულება, კულინარიული პროცესები, რა როგორ ხდება და რის გამო - დიდი ცოდნაა. თუ მოტივაცია გაქვს, გინდა, რომ ამ სფეროს გაჰყვე, საჭიროა, რომ ეს საბაზისო ცოდნა შეიძინო. აკადემია საბაზისო ცოდნაზე მეტსაც გაძლევს. ახლა პრაქტიკის გავლა მიწევს. გვგზავნიან კონკრეტულ ობიექტზე, იქ კვალიფიკაციას ვიღებთ და კურსს ასე ვასრულებთ. მუშაობას ამ კუთხით სად დავიწყებ, ჯერ არ ვიცი, კარგად მაქვს მოსაფიქრებელი.

- სწავლის გარდა რას საქმიანობ, რისთვის გრჩება დრო?

- საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის, მეგობრების სანახავად, ვარჯიშისთვის, ჯანსაღი ცხოვრებისთვის. დავრბივარ ხოლმე, მარათონი რომ იყო, 21 კილომეტრი ვირბინე.

- მოკლედ, შრომას ბავშვობიდან შეეჩვიე, სერიალის მსახიობი იყავი, შენი ხელფასი გქონდა. ხალხმა გაგიცნო და შეგიყვარა... ახლა იმ წლებს, შენს საქმიანობას სერიალში რომ იხსენებ, ამ ასაკში როგორ აფასებ?

- ხვალ, 15 ნოემბერს 24 წლის ვხდები.

- გილოცავ... წარმატებებს გისურვებ...

- დიდი მადლობა... იმ სერიებს ახლა რომ ვუყურებ, ვიხსენებ და განსხვავებულად ვფიქრობ. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის ძალიან სასიამოვნოა იმ ყველაფრის გახსენება. ისტორიასავით არის დაწერილი - "იუთუბში" რომ შევდივარ და ჩემი ბავშვობის სხვადასხვა მონაკვეთის, ასაკის ამსახველ ნებისმიერი ვიდეოს რომ ვნახულობ, შემიძლია მივხვდე, იმ დროს რას ვფიქრობდი, რას ვაკეთებდი, როგორი ვიყავი. ალბათ ყველასთვის სასიამოვნო იქნებოდა, რომ ბავშვობა ასე მარტივად გაეხსენებინა. იმ გასული წლებიდან რაღაცები რომ არ გახსოვდეს, სერიები გახსენებს.

- ჯეკო როგორი პერსონაჟი იყო? იყავი თუ არა ისეთივე ბავშვი ცხოვრებაში, როგორიც ის?

- ამ გადასახედიდან რომ შევაფასოთ, სწორი ადამიანია, მაგრამ ცხოვრებისეულ ეტაპებზე რაღაც შეცდომები შეიძლება დაეშვა. ოჯახთან, დედასთან ურთიერთობაში, მშობლებთან ლაპარაკისას - ამ მხრივ რაღაც პრობლემები ჰქონდა... ისე, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, არ მახსოვს, რომ მასთან პარალელი გამევლოს. მე ვთამაშობდი მაგ როლს და იმას ვგრძნობდი, რომ ტიპი ჩვეულებრივად სწორი ადამიანი იყო.

- გარდა იმისა, რომ სერიალმა შენი ბავშვობის კადრები შემოინახა, პიროვნულად რა მოგცა?

- ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, ვისთანაც კარგი კომუნიკაცია დავამყარე, ახლაც მაქვს ზოგიერთ მათგანთან ურთიერთობა. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობაა. აქედან იღებ გამოცდილებას, რა როგორ უნდა აკეთო. შენზე გამოცდილი ადამიანი საკუთარ გამოცდილებას რომ გიზიარებს, სასიამოვნო და სასარგებლოა. კი, გამოცდილებასთან ერთად, სერიალმა ადამიანებთან საუბარი და ურთიერთობა მასწავლა.

- შენს ეკრანულ მშობლებს, მსახიობებს - ლევან ყოჩიაშვილს და ანა ტყებუჩავას თუ ეკონტაქტები?

- კი, ლევან ყოჩიაშვილსა და ანი ტყებუჩავას ვგულისხმობდი ზუსტად. ყველას ვერ ჩამოვთვლი და მხოლოდ თუ "მშობლებს" შევეხები, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. სულ მენატრება ეგ პერიოდი, სულ ვიხსენებ და სულ ვკითხულობ მათ, ვწერ, ან თვითონ მწერენ. ერთმანეთი დიდხანს რომ არ ვნახოთ, როცა შევხდებით, ისეთივე ურთიერთობა გვაქვს და გვექნება სულ.

- ახლა უცებ, რომ შეგატყობინონ, რომ მორიგ სეზონის გადაღება იწყება, - როგორი იქნება შენი ემოცია, რეაქცია?

- ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით, რას ვიზამ, მაგრამ ალბათ გამიხარდებოდა... რეალურად გამოუშვებენ თუ არა ახალ სეზონს, არ ვიცი, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ამ სერიალს ყველაზე დიდი პერსპექტივა რომ ჰქონდა იმისთვის, რომ ეარსება, ზუსტად ვიცი. შესაბამისი სიტუაცია თუ გაჩნდა, ვფიქრობ, ყველას მოუნდება ისევ ამ პროექტზე მუშაობა და მისი გაკეთება. პირველ რიგში ხალხს მოუნდება და ხალხის მონდომება მოანდომებს "სტაფის" წევრებს, რომ ისევ გააგრძელონ ის საქმე, რაც უყვარდათ.

- ცხოვრებაში ჯეკოს გეძახიან?

- კი, კი... როგორ არა, ვისაც ვხდები ნაცნობს თუ უცნობს, განსაკუთრებით ტრანსპორტში, ჯეკოთი მომმართავენ. ისე გიორგი, გიო ვარ, მაგრამ მგონი, ჩემი ნამდვილი სახელი გახდა უკვე მეტსახელი.

- შენს ეკრანულ დაზე, ქეთა ორბელაძეზე რას გვეტყვი?

- ქეთასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, კარგი ბავშვი და ადამიანია. უნივერსიტეტში მოეწყო, როგორც ვიცი, კარგად სწავლობს, წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრებაში. ძალიან მიყვარს...

- სხვანაირად არ შეიძლება, ფაქტობრივად, სერიალში ერთად გაიზარდეთ... ბოლო სერიები შენ პერსონაჟთან და მის გარშემო შექმნილ ამბებთან იყო დაკავშირებული. რატომ იყო ის, რაც იყო, - ჯეკოს საქციელზე რას იტყვი და ასევე მის მიმართ სხვების დამოკიდებულებაზე?

- ჯეკოს საქციელი ალბათ სწორი იყო, როგორც შეძლო, მანდილოსანი დაიცვა, თან თავისი სიმართლე გაიტანა, ეცადა, სიტუაციაში მართალი ყოფილიყო. ყველა მომენტში სწორი გამოჩნდა. ამ სისწორემ და თავისი თავის მიმართ ერთგულებამ, მაყურებელს ყველაფერი აჩვენა. მაყურებელსაც ამიტომ შეუყვარდა ეს მომენტი. სასიამოვნო მომენტი იყო. ყველა გულშემატკივრობდა. მე მაგ დროს ქუჩაში რომ დამინახავდნენ, მეუბნებოდნენ - მართლა გამოხვედიო? იმდენად რეალურია სერიალია, რომ პერსონაჟებს მარტივად აიგივებდნენ მსახიობებთან. ზოგი ვერ არჩევს ნამდვილს სერიალის ამბისგან.

- ამბები ვახსენეთ და ქეთი დევდარიანი სერიებისთვის დაწერილი სცენარებით, ამბებით თითქოს ყოველთვის წინ უსწრებდა მოვლენებს... ამას ბევრი აღნიშნავს, რომ წინდაწინ ჭვრეტდა ბევრ რამესო...

- არ ვიცი, მაგას ქეთი წლების განმავლობაში როგორ ახერხებდა, მაგრამ ალბათ რაღაც წინასწარმეტყველების უნარიც აქვს... ფაქტია, რომ ძალიან ნიჭიერია.

- უდავოდ... შენი ეკრანული გამოცდილებიდან რას ეტყოდი შენზე უმცროსებს?

- ძალიან მარტივად ვეტყოდი, რომ გააკეთონ ის, რაც უყვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის.

- რა სურვილი გაქვს ცხოვრებაში?

- ყველა ადამიანს აქვს რაღაც სურვილი, რის შესრულებაც უნდა. მე მინდა, რომ ჩემს კარიერას თავი მოვუყარო და განვავითარო. თუ ამას შევძლებ, კარგი იქნება.