ავტორი:

საქართველოს ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს - ცნობილია, ძირითადი შემადგენლობა

საქართველოს ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს - ცნობილია, ძირითადი შემადგენლობა

საქართველოს ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს. ამის შესახებ Geo Team წერს.

  • რაც შეეხება შემადგენლობას: მამარდაშვილი - მამუჩაშვილი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი - კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, დავითაშვილი - კვარაცხელია(C), ზივზივაძე, ტაბატაძე.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ გუნდში უკეთესი განწყობაა, ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში იყო და მომდევნო ორი მატჩის შემდეგ "უფრო მეტად ვიქნებით მზად ახალი გამოწვევებისთვის“.

"გუნდთან ბევრი ვისაუბრე, ხაზი გავუსვი, რომ ბოლო წლის შედეგები დამაკმაყოფილებელი არაა. ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გამოვასწოროთ. ბიჭების გამოხმაურება ადეკვატური იყო.

ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია და მასთან გამარჯვების დაგეგმვა რთულია. ესპანეთში ცოტა გავუშვით, მაგრამ არ მომეწონა, რომ განწყობა არ გვქონდა. ახლა შიშის გარეშე და გუნდურად უნდა ვითამაშოთ. გულშემატკივრებმა უნდა დაინახონ, რომ გუნდი უფრო ამბიციური და ემოციურია. გარკვეული ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო. მიწაზე დაშვებას გარკვეული დრო დასჭირდა. ბევრისთვის ევროპის ჩემპიონატი კარიერის მწვერვალი იყო, ამის შემდეგ კი ემოცია და ამბიცია დაიკარგა. ახლა ამას ვცდილობთ, გუნდი ისეთივე მონდომებული და ემოციური იყოს, როგორც ევრომდე. ისიცაა, ჩვენ პატარა გუნდი ვართ და 2-3 ფეხბურთელის ჩანაცვლება გვიჭირს. მნიშვნელოვანია, ნაკრებში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ და ყველაფერი 2-3 ფეხბურთელზე დამოკიდებული არ იყოს. ამ მატჩების შემდეგ უფრო მეტად ვიქნებით მზად ახალი გამოწვევებისთვის.

გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს, არსებობს როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდები. ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერა სჭირდება, რაც ბოლო წლებში ქართველ გულშემატკივრებს აშკარად ჰქონდათ", - განაცხადა ვილი სანიოლმა.

ინფორმაციისთვის, 15 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.