მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 0:3.
ვილი სანიოლმა ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე:
მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, მამუჩაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ტაბატაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.
გუნდს ხვიჩა კვარაცხელია კაპიტნობს.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ გუნდში უკეთესი განწყობაა, ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში იყო და მომდევნო ორი მატჩის შემდეგ "უფრო მეტად ვიქნებით მზად ახალი გამოწვევებისთვის“.
თუმცა მატჩის დასაწყისიდანვე მეტოქემ ხელთ იგდო უპირატესობა. როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც ესპანეთის ნაკრები გვიტევდა, რაც მე-11 წუთზე საქართველოს ნაკრების კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნით დასრულდა. მანამდე მსაჯს მოუწია ვარზე გადაემოწმებინა ჩვენი ერთ-ერთი მცველის საჯარიმოში ხელით თამაში. მამარდაშვილის კარში თერთმეტმეტრიანი მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა. 22-ე წუთზე კი ჩვენი მცველების ყოვლად უსუსური თამაშის შედეგად, საქართველოს ნაკრების კარში მეორე ბურთი მარტონ ზუბიმენდიმ გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელები ცდილობდნენ გააქტიურებას, თუმცა მათი პასები უზუსტო, თამაში კი - უსახური იყო.
35-ე წუთზე მამარდაშვილის კარი უკვე ფერან ტორესმა დალაშქრა.
პირველი ტაიმის მიწურულს მამარდაშვილმა, ფაქტობრივად, კარის ხაზიდან მუხლით მოახერხა ბურთის გამოტანა და საქართველო მე-4 გოლს გადაარჩინა. საბოლოოდ პირველი ტაიმი ანგარიშით 0:3 დასრულდა.
იხილეთ ასევე: