ავტორი:

"კვარა" დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც, თავდასხმაშიც, დანარჩენ გუნდს "ეძინა" - ესპანეთმა საქართველო ანგარიშით 0:4 დაამარცხა

"კვარა" დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც, თავდასხმაშიც, დანარჩენ გუნდს "ეძინა" - ესპანეთმა საქართველო ანგარიშით 0:4 დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

ვილი სანიოლმა ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე:

მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, მამუჩაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ტაბატაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.

გუნდს ხვიჩა კვარაცხელიამ უკაპიტნა.

მატჩის დასაწყისიდანვე მეტოქემ ხელთ იგდო უპირატესობა. როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც ესპანეთის ნაკრები გვიტევდა, რაც მე-11 წუთზე საქართველოს ნაკრების კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნით დასრულდა. მანამდე მსაჯს მოუწია ვარზე გადაემოწმებინა ჩვენი ერთ-ერთი მცველის საჯარიმოში ხელით თამაში. მამარდაშვილის კარში თერთმეტმეტრიანი მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა. 22-ე წუთზე კი ჩვენი მცველების ყოვლად უსუსური თამაშის შედეგად, საქართველოს ნაკრების კარში მეორე ბურთი მარტინ ზუბიმენდიმ გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელები ცდილობდნენ გააქტიურებას, თუმცა მათი პასები უზუსტო, თამაში კი - უსახური იყო.

35-ე წუთზე მამარდაშვილის კარი უკვე ფერან ტორესმა დალაშქრა.

პირველი ტაიმის მიწურულს მამარდაშვილმა, ფაქტობრივად, კარის ხაზიდან მუხლით მოახერხა ბურთის გამოტანა და საქართველო მე-4 გოლს გადაარჩინა. საბოლოოდ პირველი ტაიმი ანგარიშით 0:3 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ესპანელების უპირატესობით დაიწყო, თუმცა ნაკლებად ინდომებდნენ, აშკარად ცდილობდნენ ენერგიის დაზოგვას, თუმცა ამით საქართველოს ნაკრებმა დიდად ვერ ისარგებლა. მხოლოდ მე-60 წუთზე მოახერხეს ჩვენებმა კარისკენ ზუსტი დარტყმა - მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი ესპანელთა მეკარემ ადვილად აიღო.

63-ე წუთზე კი ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 4-მდე გაზარდა.

ერთადერთი ვინც რაღაცას ცდილობდა დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც ხვიჩა კვარაცხელია იყო, თუმცა ვერაფერი გააწყო, ვერც თანაგუნდელები აიყოლია და ვერც ინდივიდუალურად შეძლო რამე.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები ლამის ორივე ტაიმის განმავლობაში პრესინგს ახორციელებდა, რაც ჩვენს დაბნეულ ფეხბურთელებს კიდევ უფრო უმოქმედოს ხდიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, ესპანეთის ნაკრებს აკლდა თავისი ლიდერები: იამალი, პედრი, როდრი, უილიამსი...

74-ე წუთზე ესპანეთის გოლს მეკარემ გადაარჩინა ხვიჩა კვარაცხელიას კარგი დარტყმის შემდეგ. 89-ე წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაარტყა შორი მანძილიდან, თუმცა მისი დარტყმული კარს ასცდა.

საბოლოო ანგარიში 0:4 დაფიქსირდა.

ამ მატჩის წაგებით საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა.