ავტორი:

გაუძლო -51 °C ყინვას, "შეერკინა" პოლარულ დათვს, ორჯერ დააკავეს - ვინ არის და როგორ გადარჩა კაცი, რომელიც 27 წელია დედამიწის გარშემო ფეხით მოგზაურობს

გაუძლო -51 °C ყინვას, "შეერკინა" პოლარულ დათვს, ორჯერ დააკავეს - ვინ არის და როგორ გადარჩა კაცი, რომელიც 27 წელია დედამიწის გარშემო ფეხით მოგზაურობს

ბრიტანელი ყოფილი მედესანტე მამაკაცი, კარლ ბუშბი, რომელიც 27 წელია დედამიწის გარშემო მოგზაურობს, თავისი წარმოუდგენელი თავგადასავლის დროს ჯუნგლებში სიკვდილს გადაურჩა, -51°C ყინვას გაუძლო და ოკეანის შუაგულში ყინულზეც ეძინა.

  • ეპიკური ექსპედიციის წყალობით, რომელიც "გოლიათის ექსპედიციის" სახელითაა ცნობილი, კარლ ბუშბი პირველი ადამიანი გახდება, რომელიც უწყვეტი ნაბიჯებით მსოფლიოს შემოუვლის. თავდაპირველად, ის ვარაუდობდა, რომ მისიის შესასრულებლად 8 წელი დასჭირდებოდა, თუმცა 27 წლის შემდეგ ის კვლავ განაგრძობს სვლას.

კარლის ისტორია

მრავალწლიანი მოგზაურობის იდეის გაჩენა კარლის ჯარში მსახურობის პერიოდთანაა დაკავშირებული. ის არმიაში 16 წლის ასაკში ჩაეწერა კარლმა მისია ორი მარტივი წესით განსაზღვრა: პირველი, რომ მას არ შეეძლო გადასაადგილებლად ტრანსპორტით სარგებლობა და მეორე, რომ სახლში მანამ არ დაბრუნდებოდა, სანამ სახლამდე საკუთარი ფეხით არ მივიდოდა.

თერთმეტწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1998 წელს, 28 წლის ასაკში, კარლ ბუშბი პუნტა არენასიდან, ჩილეს სამხრეთით მდებარე პატაგონიის რეგიონის წვერთან მდებარე პატარა ქალაქიდან გაემგზავრა. დასაწყისში კარლს სპონსორები არ ჰყოლია, ამიტომ მოგზაურობა მისთვის გადარჩენის საკითხი იყო. დღეში 30 კილომეტრის ფეხით გავლის პარალელურად, ის რაც შეიძლება ხელმომჭირნედ ცხოვრობდა, კარავში ეძინა და საკვების მოპოვებაზე ზრუნავდა.

მოგზაურობისას ბუშბი უამრავ დაბრკოლებას წააწყდა. პერუში მას კუჭის სერიოზული ინფექცია და არაერთი ინფექცია განუვითარდა: "ფაქტობრივად, სანაგვეზე მოსროლილი საკვებით ვცხოვრობდი, ამიტომ ასეთი რაღაც მოსალოდნელიც იყო",- თქვა მან. კარლის მდგომარეობა საგანგაშო იყო და ამიტომ, ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსის გასავლელად ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • გამომჯობინების შემდეგ გზა განაგრძო, თუმცა კოლუმბიასა და პანამას დამაკავშირებელ რეგიონში მორიგი გამოცდა ელოდა. მოგზაური რამდენჯერმე იარაღის მუქარით დააკავეს, როგორც კოლუმბიელებმა, ასევე პანამელებმა, თუმცა ამასაც ცოცხალი გადაურჩა.

დროთა განმავლობაში კარლის მხარდამჭერების რიცხვმა იმატა. მან შემოწირულობების მისაღებად ვებსაიტი შექმნა, თანხა კი საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოახმარა, რომელიც ექსტრემალური ზამთრის პირობებში აუცილებლობას წარმოადგენდა.

არქტიკულ ქარებთან ბრძოლა

მან ალასკიდან ბერინგის სრუტის გავლით დაიწყო რუსეთისკენ სვლა, სადაც ის -51 გრადუსი ცელსიუსის "სასიკვდილო ტემპერატურას“ ებრძოდა. აქ კარლს ყველაფრის ჭამა უწევდა, რასაც არქტიკაში მოიპოვებდა, მათ შორის ვეშაპის და სელაპის ცხიმის და თეთრი დათვის ხორცის ჭამაც კი.

  • ფრანგმა თავგადასავლების მოყვარულმა, დიმიტრი კიფერმა, რომელიც კარლს მოგზაურობის ამ სახიფათო მონაკვეთში შეუერთდა, ხელთათმანები "ერთი წამით" გაიხადა და სამი თითი დაკარგა.

2006 წელს, კარლი და დიმიტრი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც სრუტე ფეხით გადაკვეთეს. ეს იყო 14-დღიანი ფეხით მოგზაურობა უსასტიკეს პირობებში: აქ მათ უწევდათ ყინულზე სიარული, მოძრავ ყინულის ნატეხებზე ნავიგაცია და საშიშ ღია წყალსა და აისბერგებს შორის გაჭყლეტის საშიშროებასთან მუდმივი ბრძოლა.

პოლარულ დათვებთან შერკინება

"ზღვის ყინულსა და კლდეს შორის გადავადგილდებოდით, როცა პოლარული დათვი დავინახეთ, ის რაღაცას თხრიდა. ნელ-ნელა მივუახლოვდით, რომ უკეთ შეგვეთვალიერებინა, ამ დროს ის უკანა ფეხებზე დადგა და ასე გვიყურებდა. საზარელი მომენტი იყო, არც შეიარაღებულები ვყოფილვართ, რადგან რუსეთში ყოფნისას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ გვქონდა. ასე რომ, თავს რომ დაგვსხმოდა, ვერაფერს გავაწყობდით. საბედნიეროდ, ასე არ მომხდარა",- ჰყვება ბუშბი მედიასთან საუბარში.

კარლმა რუსეთი და ცენტრალური აზია გადაკვეთა. მას მთელი ამ დროის განმავლობაში წელზე სპეციალური სათავსო ჰქონდა მიბმული, რომელშიც მხოლოდ საკვებისა და წყლის წონა 90 კგ-ზე მეტს იწონიდა, რაც მის გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებდა.

ვიზების შეზღუდვებისა და პოლიტიკური დაძაბულობის გამო, კარლი მსოფლიოს "არასწორ მხარეს" მოხვდა, ვერც ჩრდილოეთით რუსეთის და ვერც ირანიდან სამხრეთის გავლა ვერ მოახერხა. მას სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ ზღვაში 300 კილომეტრი გადაეცურა. ბუშბიმ გვერდი აუარა რუსეთსა და ირანს და აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩავიდა.

"ცურვა არ მიყვარს - მძულს, ეს ტანჯვა იყო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მაინც შევძელით ამის გაკეთება". დამქანცველი ცურვის დასრულებას 31 დღე დასჭირდა და ექსპედიციაც გაგრძელდა.

ყველა გზა სახლში მიდის

ამჟამად კარლი რუმინეთშია და 2000 კილომეტრზე ნაკლები დარჩა გასავლელი, რომ ბრიტანეთში, საკუთარ სახლში დაბრუნდეს, რასაც დაახლოებით 1 წელი დასჭირდება. როდესაც კარლს ჰკითხეს, აღფრთოვანებულია თუ არა დიდ ბრიტანეთში დაბრუნების პერსპექტივით, მან უპასუხა: "ზოგადი განცდა უარყოფითია", თუმცა მას სურს ოჯახთან ხელახლა დაკავშირება, რომელიც ათწლეულზე მეტია არ უნახავს.

მოგზაურობაში გატარებული ცხოვრების გახსენებისას კარლი ამბობს, რომ ექსპედიციამ არა მხოლოდ მისი სხეული გამოცადა, არამედ კაცობრიობაზე მისი შეხედულებებიც ჩამოაყალიბა. რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში მაცხოვრებელი მძღოლებიდან დაწყებული, რომლებიც კარლს გზაზე რეგულარულად აწყდებოდნენ და თოვლში საკვებს ქილებით უტოვებდნენ, პერუში მცხოვრები ოჯახით დამთავრებული, რომლებმაც ის სახლში შეიფარეს და გამოჯანმრთელებამდე უვლიდნენ, ის ამბობს, რომ უცნობების სიკეთემ გადაარჩინა.

"დროდადრო საკლასო ოთახებში ბავშვების წინაშე დგომაც მიწევს. სასიამოვნოა მათთვის მსოფლიოს მდგომარეობის შესახებ "კარლის ანგარიშის" წარდგენა... სიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს",- ასე ასრულებს მოგზაური ამბობს გამოცემა The Sun-თან მოგზაური.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა