ავტორი:

ამ ვარსკვლავის აფეთქებამ შესაძლოა პლანეტის ატმოსფერო გაანადგუროს - მეცნიერებმა მზის სისტემის გარეთ მდებარე მასშტაბური აქტივობა დააფიქსირეს

ამ ვარსკვლავის აფეთქებამ შესაძლოა პლანეტის ატმოსფერო გაანადგუროს - მეცნიერებმა მზის სისტემის გარეთ მდებარე მასშტაბური აქტივობა დააფიქსირეს

ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა ჩვენს მზის სისტემის გარეთ მდებარე ვარსკვლავის მიერ გამოწვეული გიგანტური აფეთქების დაფიქსირება შეძლეს. მათი თქმით, ეს ამოფრქვევა ჩვენი მზის მიერ წარმოქმნილ ამოფრქვევებს ჰგავს, თუმცა გაცილებით დიდი და საშიში მასშტაბისაა.

ახალი კვლევის თანახმად, ამ ძლიერ აფეთქებას შესაძლოა პოტენციურად დამანგრეველი შედეგები მოჰყოლოდა ნებისმიერი ახლომდებარე პლანეტისთვის.

აფეთქების სავარაუდო მიზეზი იყო კორონალური მასის გამოტყორცნა (CME). ჩვენს მზის სისტემაში ეს ფენომენი არის იონიზებული გაზის დიდი ღრუბელი, რომელსაც პლაზმა ეწოდება და მაგნიტური ველები - რომლებიც მზის გარე ატმოსფეროდან ამოიფრქვევა. როდესაც ასეთი გამოტყორცნები საკმარისად ძლიერია, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ კოსმოსური ამინდის ცვლილებები ან ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს განადგურება.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, სწორედ ასეთი ძლიერი მზის შტორმები იწვევს პოლარულ ნათებას დედამიწის პოლუსებზე, მაგრამ ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს კომუნიკაციების, ელექტრო ქსელებისა და თანამგზავრების მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ ასტრონომებს აქამდე არასდროს დაუფიქსირებიათ სხვა ვარსკვლავიდან გამომავალი კორონალური მასის გამოტყორცნა. მკვლევრებმა ეს რევოლუციური აღმოჩენა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერეს.

  • ვარსკვლავი სახელად StKM 1-1262, წითელი ჯუჯაა, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 130 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. ის წარმოუდგენელი სიჩქარით, საათში 5.3 მილიონი მილით (წამში 2,400 კილომეტრით) აფეთქდა.
ვარსკვლავის მიერ გამოსხივებული კორონალური მასის ამოტყორცნის მხატვრული წარმოდგენა. ოლენა შმაჰალო

„ვარსკვლავი იქცევა როგორც პლაზმის მაღალ მაგნიტური, მდუღარე ჭურჭელი. ეს აფეთქება 10,000-დან 100,000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მზის მიერ წარმოქმნილი ყველაზე ძლიერი აფეთქება. ეს ფანჯარას ხსნის ექსტრასოლური კოსმოსური ამინდის სამყაროში“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა, პარიზის ობსერვატორიის მკვლევარმა, სირილ ტასმა.

ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილი მატერიის მკვრივი და სწრაფი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შესაძლოა ახლომდებარე პლანეტის ატმოსფეროც კი გაენადგურებინა.

მეცნიერების თქმით, ვინაიდან ასტრონომები ცდილობენ დაადგინონ პოტენციურად საცხოვრებლად ვარგისია თუ არა ჩვენი მზის სისტემის მიღმა არსებული რომელიმე პლანეტა, აღნიშნული აქტივობის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო

იხილეთ ასევე: