ავტორი:

"ჩემი მონატრებული თბილისი" - 21 ნოემბერს თემურ შვანგირაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

"ჩემი მონატრებული თბილისი" - 21 ნოემბერს თემურ შვანგირაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

21 ნოემბერს, 19:00 საათზე მხატვარ თემურ შვანგირაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელად - "ჩემი მონატრებული თბილისი" გაიხსნება და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მას "ნოვო გალერეა" უმასპინძლებს.

  • გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის როგორც ძველი, ასევე შედარებით ახალი ნამუშევრები - ქალაქის პეიზაჟები, ნატურმორტები, პორტრეტები და სხვ.

თემურ შვანგირაძე დაიბადა 1945 წელს ქალაქ თბილისში, სამხედრო ექიმების ოჯახში. ის ოც წლამდე, ოჯახთან ერთად, ცხოვრობდა უკრაინაში, სადაც ჯერ კიდევ სკოლის წლებში დაინტერესდა ხელოვნებით, მხატვრობით.

თუმცა, პირველად ინჟინრის პროფესიას დაეუფლა და მხოლოდ მოგვიანებით დაამთავრა თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სადაც შემდგომ მრავალი წელი პედაგოგადაც მუშაობდა. უკრაინიდან თბილისში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა. სხვადასხვა სოციუმმა, განსხვავებული საზოგადოებების და ტემპერამენტის ადამიანებთან ურთიერთობამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

მხატვარი ყოველთვის ელოდა იმ დღეებს, როცა მის საყვარელ, მონატრებულ თბილისში ჩამოვიდოდა.

იგი იხსენებს: "თბილისში ჩემს თანატოლებთან ყოფნა დიდხანს არ მიწევდა, რადგანაც არდადეგებზე ისინი აგარაკებზე და სოფლებში იფანტებოდნენ და მე და ჩემი ძმა თითქმის მარტო ვრჩებოდით უფროსების გარემოცვაში. თუმცა მთელი ჩემი ყურადღება და სიყვარული ამ ქალაქს დასტრიალებდა. წლიდან წლამდე უფრო და უფრო მიყვარდებოდა იგი, მეჩვენებოდა, რომ ყოველ ჩამოსვლაზე უფრო ღრმად ვწვდებოდი მის სულს, მის ხასიათს...”

  • მხატვრის შემოქმედებაში პლენერს და პლენერზე მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. თბილისის ქუჩების, ხედებისა და შენობების აღბეჭდვა მისთვის საყვარელ საქმიანობად იქცა.

"მხარზე მოლბერტგადაკიდებული დავბოდიალობდი ქალაქში და ვეძებდი, ადგილებს, სახლებს, ტიპაჟებს...არჩევანი იცოცხლეთ, დიდი იყო", - გვიამბობს იგი.

თბილისი და თბილისის თემა მხატვრისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დარჩა მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე. მის მიერ ჩანახატებზე თუ ტილოებზე ასახული შენობები და ზოგჯერ ქუჩებიც დღეს სრულიად შეცვლილია, ან აღარ არსებობს. ქალაქის კოლორიტის, ესთეტიკის მარადიულ ხსოვნად შენახვის ეს გზა ალბათ საუკეთესო, აქტუალური და განსაკუთრებულად ძვირფასია.

თემურ შვანგირაძის მიერ მშობლიური ქალაქის სითბოთი და სიყვარულით სავსე აღქმა შეუნიღბავი თვალისთვისაც ადვილად შესამჩნევია.

"მე ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა "ლაპარაკი” სახლებთან, ქუჩებთან, ადამიანებთან, წარმოდგენა მათი ტკივილის თუ სიხარულის. ბედნიერი ვიქნები თუ შევძელი ამის ასახვა ჩემს ტილოებზე", - ამბობს მხატვარი.

  • თემურ შვანგირაძის ფერწერული ტილოები დაცულია პირად კოლექციებში როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში, გერმანიაში, იაპონიაში, ისრაელში, იტალიაში, ნიდერლანდებში, რუსეთში, შვედეთში, შვეიცარიაში და სხვ.

1978 წლიდან თემურ შვანგირაძე აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. არის მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი. მისი ნამუშევრები ხშირად იყო წარმოდგენილი თბილისში გამართულ საგაზაფხულო და საშემოდგომო ექსპოზიციებზე.1978 წლიდან იგი საკავშირო და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.1989, 1990 და 1991 წლებში მუშაობდა აშშ-ს კოლორადოს შტატის ქართულ-ამერიკულ საზაფხულო სკოლის “როქი მაუნთინ სქულის“ პედაგოგად.

ხოლო 1993 წლიდან თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და საზოგადოებრივ პროფესიათა კათედრის პედაგოგად.

ვულოცავთ ბატონ თემურს 80 წლის იუბილეს, დღეგრძელობასა და შემოქმედებითად საინტერესო წლებს ვუსურვებთ!