ავტორი:

ცხინვალში შალვა პაპუაშვილს პასუხობენ - რას აცხადებენ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო უწყებაში

ცხინვალში შალვა პაპუაშვილს პასუხობენ - რას აცხადებენ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო უწყებაში

"სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიდგომები და რიტორიკა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა", - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ და ასე ეხმაურებიან შალვა პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებას.

  • "თბილისიდან წამოსული გარკვეული შემრიგებლური ტონის მიუხედავად, ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ გამსახურდიასა და სააკაშვილის დროინდელი დესტრუქციული ტერმინოლოგიისა და შეფასებითი მსჯელობის გამოყენებას, "რუსული ოკუპაციის“ ბრალდებებს და ა.შ. ოფიციალურ დღის წესრიგში“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს სიტუაცია ასახავს საქართველოში მწვავე შიდა პოლიტიკურ ბრძოლას

"მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას რეალისტურად შეხედოს 2008 წლის აგვისტოდან შექმნილ პოლიტიკურ რეალობას. გვჯერა, რომ საქართველოს მიერ არსებული გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს მიღება წარმოადგენს იმ გზის საფუძველს, რომელსაც შეუძლია რეგიონში სტაბილურობამდე და მშვიდობიან განვითარებამდე მიგვიყვანოს", -აცხადებსნ ცხინვალში.

ცნობისთვის, პარლამენტში შევიდა ინიციატივა, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის და თავად ადმინისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

გაუქმება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, უქმდება ორი კანონი: - “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“.