ბრუცელოზი (Brucellosis) ზოონოზური ინფექციაა, რომელიც საქართველოში, ძირითადად, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვთან კონტაქტით ან არასათანადოდ დამუშავებული რძის პროდუქტების მიღებით გადადის ადამიანზე. ბოლო დროს დაფიქსირებულმა შემთხვევებმა, მათ შორის თბილისში, კიდევ ერთხელ წამოჭრა ამ დაავადების გავრცელების რისკები და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია 80 წლის თბილისელი პაციენტის ბრუცელოზით ინფიცირების შესახებ, რომლის მიზეზადაც პაციენტის ახლობლები ფერმერებისგან ნაყიდ თერმულად დაუმუშავებელ (ჭყინტ) ყველს ასახელებენ.
პაციენტის ახლობლის თქმით, დიაგნოზის დადგენას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდა:
"3 ემ-ერ-ტე, კატე, რენტგენი, ანალიზები, ძლივს გაარკვიეს, რა იყო. ერთი თვე საავადმყოფოში იწვა და ახლა კიდევ 3 თვე მკურნალობა სჭირდება“ - გვიყვება რესპონდენტი.
ამ თემაზე პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის პარაზიტოლოგ მანანა მურუსიძეს ვესაუბრეთ, რომელიც განმარტავს, რომ თბილისში ბრუცელოზის შემთხვევები ერთეულია და ინფიცირების ძირითადი წყარო რეგიონებიდან მოსული პაციენტები, უპირველესად კი, მწყემსები და ცხოველებთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირები არიან:
"ძირითადი ინფიცირების წყარო მაინც ცხოველებთან კონტაქტია. ვინც უვლის ცხოველებს, ასევე მწველავები, ვინც არიან. დაავადება შეიძლება ასევე გავრცელდეს ჭყინტი ყველის მირთმევით, ასევე დაუმუშავებელი რძის დალევით. თუ რძე პასტერიზებულია არ აქვს მნიშვნელობა ცივს დალევს თუ ცხელს ადამიანი, მაგრამ თუ რძე აუდუღარია და ცხოველი ბრუცელოზით არის დაავადებული მაშინ გადაედება ადამიანსაც.."

ბრუცელოზს ახასიათებს არასპეციფიკური სიმპტომატიკა, რაც დიაგნოსტირებას ართულებს. მანანა მურუსიძის თქმით, დაავადების საწყის ეტაპზე ვლინდება დაბალი ან მაღალი სიცხეები, რომელიც შესაძლოა ვირუსულ ინფექციად იყოს შეფასებული. დამახასიათებელია სახსრების ანთება, ძლიერი ტკივილი და გადაადგილების გაძნელება. გართულების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ბრუცელოზური მენინგიტები ან მიოკარდიტი.
"ამ დროს გამოხატულია დაბალი სიცხეები, თუმცა შეიძლება მაღალი სიცხის პერიოდიც ჰქონდეს პაციენტს და ექიმმა ეს ვირუსად ჩათვალოს. ასევე ახასიათებს სახსრების ანთება, ძლიერი ტკივილი, შეიძლება პაციენტს გადაადგილებაც უჭირდეს.
რაც შეეხება გართულებას, შეიძლება განვითარდეს ბრუცელოზური მენინგიტები, ბრუცელოზური მიოკარდიტი.
ამ დაავადებაზე აცრა ადამიანებში არ ხდება, მაგრამ ცხოველების აცრა აუცილებელია. ამ დაავადების გადამტანები არიან ძროხები, ცხვრები, თხები, ხარ-კამეჩი. ღორის ფორმაც არსებობს, მაგრამ ძალიან იშვიათია...“ - გვიხსნის პარაზიტოლოგი.
დიაგნოზის დადგენა ხდება რამდენიმე კვლევის, მათ შორის სეროლოგიური ტესტების საშუალებით.
როგორც ფერმერი და ბიზნესმენი ბექა გონაშვილი აღნიშნავს, მძიმე შემთხვევის დროს ანტისხეულების რაოდენობა საგრძნობლად მატულობს:
"ვიცი, შემთხვევა, როდესაც იმდენი იკვლიეს ადამიანი, როდესაც დაუდასტურდა, ანტისხეულები 400-ზე იყო ასული."
ბექა გონაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს დაავადების ქრონიკულობაზე:
"მკურნალობა ხდება, მაგრამ გაციების შემდეგ, მაინც გაგახსენებს თავს, ქრონიკულია ბრუცელოზი", - ის ასევე აღნიშნავს, რომ ბრუცელოზმა ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა და მუცლის მოშლა.
ბრუცელოზის პროფილაქტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცხოველთა ვაქცინაციას, რადგან ადამიანებში აცრა არ ტარდება.
ბექა გონაშვილი დადებითად აფასებს სახელმწიფო პროგრამას, რომელმაც ცხოველთა უფასო აცრები დაიწყო:

"ბრუცელოზის შემთხვევები ძალიან ბევრია, მაგრამ გამოსავალია, რომ სახელმწიფომ ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო ცხოველთა აცრა. ჩემი პირადი დაკვირვებით სხვა წლებთან შედარებით შემცირებულია. მაგრამ მე თავად ვარ მომსწრე, რომ ადამიანები საქონელს მალავენ და არ ცრიან, მიუხედავად იმისა, რომ აცრა უფასოა…"
ის ასევე ხაზს უსვამს რძის პროდუქტების უსაფრთხოებას:
"ზოგადად ბრუცელას ბაქტერია ადვილად კვდება, უბრალოდ, თერმულად უნდა იყოს პროდუქტი დამუშავებული. ბრუცელოზიანი ხორცის მოხმარებაც კი დასაშვებია, მაგრამ არა ამ ცხოველის შინაგანი ორგანოები. მაგალითად, აუდუღარი რძე და ჭყინტი ყველი ამ კუთხით საშიშია. რძე დაახლოებით 75 გრადუსზე უნდა ადუღო 2-3 წუთი და მოკვდება ბრუცელას ბაქტერია."
"მე უკვე წლებია არცერთ რესტორანში სულგუნის გარდა ყველის ნაწარმს არ ვჭამ“, - ამბობს ბექა გონაშვილი, რომლის თქმითაც სულგუნის წარმოების პროცესი გამორიცხავს, რომ ბაქტერია ცოცხლად გადარჩეს.
პრევენციის მიზნით, სპეციალისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რძის პროდუქტების, განსაკუთრებით კი, ჭყინტი ყველის მოხმარებისგან, რომლის წარმომავლობა და თერმული დამუშავების სტანდარტები ეჭვქვეშ დგას. ბრუცელოზის მაღალი რისკიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მხოლოდ პასტერიზებული რძის და მისგან დამზადებული პროდუქტების შეძენა ან რძის სახლის პირობებში მინიმუმ 75°C-ზე ადუღება, რაც ბრუცელას ბაქტერიას ანადგურებს.