ავტორი:

სოხუმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

სოხუმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. პროექტი ფონდის „კანანელი“ ინიციატივით ხორციელდება. „სასწაულის მოლოდონში“ - ასე ჰქვია გურამ ოდიშარიას ნაწარმოების მიხედვით შექმნილ სპექტაკლს, რომელზეც რეჟისორი, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის დირექტორი გიორგი კაშია მუშაობს. რეჟისორის თანაშემწე სვეტლანა გოგოხია. სპექტაკლის კომპოზიტორია გიორგი ჯღარკავა, მხატვარ-სცენოგრაფი ანანო დოლიძე, ხოლო ქორეოგრაფი ეკა არჩაია.

სპექტაკლში ნაჩვენებია ორი, 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის შეხვედრა, რომლებმაც ერთმანეთი მრავალი წლის შემდეგ კვლავ ნახეს. მეგობრების დიალოგი, ფაქტობრივად, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ერთმანეთს დაშორებული საზოგადოებების დიალოგია. მეგობრები იხსენებენ განვლილ წლებს - კონფლიქტამდე ცხოვრებას. ყვებიან მნიშვნელოვანი შინაარსით დატვირთულ ამბებს წარსულიდან, მომავალი თაობების მშვიდობიან ცხოვრებაზე, განიხილავენ სხვადასხვა პრობლემას და ა.შ. სპექტაკლის მსვლელობისას წარმოჩენილი იქნება როგორც წარსულის, ასევე აწმყოს სცენები, მსჯელობები ღმერთისა და ადამიანების სიყვარულსა და პატივისცემაზე, დავიწყებულ ზნეობრივ კოდექსზე, ტრადიციებსა და საკაცობრიო ფასეულობებზე.

სპექტაკლის მთავარი მიზანია აღადგინოს და განავითაროს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კავშირები. წარმოდგენა, ასევე სამაგალითო იქნება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ეროვნების ადამიანებისათვის; ხაზგასმული - თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემითა და კეთილგანწყობით მრავალეროვნულ გარემოში.

გიორგი კაშია:

- სოხუმის თეატრში ბატონ გურამ ოდიშარიას პიესაზე „სასწაულის მოლოდინში“ ვმუშაობთ. ბატონმა გურამმა ეს პიესა სწორედ ამ პროექტისთვის შექმნა, ანუ ჯერ არ დადგმულა და მადლობელი ვარ რომ ამ ნაწარმოების განხორციელების საშუალება პირველად მე მაქვს. თემიდან გამომდინარე, ეს სპექტაკლი უპირობოდ უნდა განხორციელებულიყო სოხუმის თეატრში და მას უნდა ეკუთვნოდეს. შესაბამისად, სპექტაკლში მონაწილე მსახიობების უმრავლესობა ამავე თეატრის დასის წევრია.

სამწუხაროდ, აფხაზეთში ნამყოფი არ ვარ. მუშაობის პროცესში ბევრ სიახლეს ვიგებ და აქედან გამომდინარე, ჩემთვის რეპეტიციების პერიოდი ძალიან საინტერესო და აღმოჩენებით სავსეა. კონკრეტული სცენის კეთების დროს, მათ აქვთ გააზრება იმ მოცემულობისა, რასაც ვთავაზობ და თავიანთი წარსულიდან გამომდინარე, მიყვებიან იმ ადგილებსა და ამბებზე, რაც პიესაში გვხვდება. შესაბამისად, საერთო სურათის შექმნაში, ეს ძალიან მეხმარება და შეიძლება ითქვას, რომ ის ატმოსფერო, რომელიც ჩვენს სპექტაკლში იქნება, მსახიობების დამსახურებაა და მათ ეკუთვნით.

- ის ფაქტი, რომ სპექტაკლში მონაწილე მსახიობების დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა ომის მძიმე შედეგები და მშობლიურ კუთხეს მოსწყდა, ბუნებრივია მათთვის ძალიან ემოციურია. ამ ყველაფრის გამოვლილ ადამიანებთან მუშაობა, თქვენთვის როგორ რეჟისორისთვის, რამდენად იოლია, თუ პირიქით?..

- საერთოდ, როცა ადამიანს რამე თავის თავზე აქვს გამოცდილი და განსაკუთრებით ეს საკითხი, ის მოწმე და მონაწილე იყო იმ ყველაფრისა, რაც მოხდა, ბუნებრივია მათთვის ემოციურია, მაგრამ ამავდროულად, ეს მსახიობები დიდ ინფორმაციას ატარებენ. შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად ვქმნით ყველაფერს და სიმართლემდე ერთად მივდივართ. ამიტომ მე ამას სირთულეს ვერ ვუწოდებ. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, უფრო საინტერესო პროცესია, ვიდრე რთული.

- ზუგდიდის თეატრსა და თქვენს წარსულზეც ვისაუბროთ. ხშირია თქვენს შემოქმედებაში დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენაზე განხორციელება. ორიოდ სიტყვა თქვენს პროფესიულ არჩევანსა და განვლილ გზაზეც ვთქვათ...

- წელიწად-ნახევარია ზუგდიდის თეატრში ვმუშაობ, ჯერ როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი, ახლა უკვე როგორც დირექტორი. თეატრი ყოველთვის მაინტერესებდა. ქუთაისში გავიზარდე და იქ სასკოლო სტუდიაში თორნიკე მარჯანიშვილთან დავდიოდი. მან თეატრი კიდევ უფრო შეგვაყვარა და ისე მოხდა, რომ ჩემი თაობიდან თითქმის ყველამ, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარეთ. მას შემდეგ თეატრის გარეშე ერთი დღეც არ ყოფილა. თეატრალურ უნივერსიტეტში, გოგი თოდაძის ერთადერთი სარეჟისორო ჯგუფის სტუდენტი ვიყავი. სამწუხაროდ, ის მაშინ გარდაიცვალა, როცა უნივესიტეტს ვამთავრებდით. ბატონო გოგის ძალიან მადლიერი ვარ და ეს ყოველთვის ასე იქნება, რადგან ვფიქრობ, დღეს თუ კი რამ შემიძლია და ვაკეთებ, მისი დამსახურებაა. მაგისტრატურაში გია კიტიასთან ვსწავლობდი. ის ძალიან საინტერესო ადამიანია. მის ერთ ლექციაზე მაინც თუ ყოფილხარ, ახსნას აღარაფერი საჭიროებს. ბატონი გიას ყოველი სიტყვა სარეპეტიციო სივრცეებში „მხვდება“ და „მადგება“ და ამისთვის მისი უაღრესად მადლიერი ვარ. შემდეგ რამდენიმე თეატრში სპექტაკლის დადგმის საშუალება მომეცა. სანამ ზუგდიდში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს დავიკავებდი, თეატრალურ უნივერსიტეტში დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და შემდეგ ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ დავდგი. როცა აღმოჩნდა, რომ ზუგდიდის თეატრისთვის უნდა მეხელმძღვანელა, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და ძალიან რთული მოცემულობაც, მაგრამ ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. და რაც უფრო ადრე მოხდება, მეტ გამოცდილებას იძენ და ბედთან შეგუებაც გიწევს.

- და ეს საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხდა, ხომ?

- დიახ, ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელად რომ დავინიშნე, 27 წლის ვიყავი. არაჩვეულებრივი დასი დამხვდა. ჩემი მთავარი ამოცანა იყო რეგიონში ახალგაზრდები ჩამეყვანა და ეს მიზანი შევასრულეთ კიდეც - წელიწად-ნახევრის განმავლობაში 10 ახალგაზრდა ჩავიყვანეთ და შევქმენით რეპერტუარი, რომელიც დღესდღეობით 15 სპექტაკლს ითვლის. თუ რამდენად საინტერესო რეპერტუარია, ეს უკვე მაყურებლის შესაფასებელია.

- თემატიკიდან გამომდინარე, ტექნიკურად და სხვა დეტალების გათვალისწინებით, რამდენად არის შესაძლებელი სამომავლოდ სპექტაკლის „სასწაულის მოლოდინში“ სხვადასხვა რეგიონში ჩატანა და თუნდაც, ზუგდიდის თეატრში გასტროლს თუ გეგმავთ?

- ეს აუცილებლად მოხდება. თბილისის შემდეგ, ვგეგმავ ეს სპექტაკლი ზუგდიდში წარმოვადგინოთ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მხატვართან ერთად დაიგეგმა, ისეთი დეკორაციის შექმნა იყო, რომ მისი დაშლა-ტრანსპორტირება მარტივი ყოფილიყო. ამიტომ შესაბამისი კონსტრუქცია შევქმენით. სპექტაკლის „სასწაულის მოლოდინში“ სოხუმის თეატრში პრემიერის შემდეგ, უკვე ამ საკითხზეც ვიფიქრებთ.

ა(ა)იპ კანანელის პროექტი „ძმების დიოსკურების თანავარსკვლავედი“

სპექტაკლის „სასწაულის მოლოდინში“ ფინანსური მხარდაჭერია:

კულტურის სამინისტრო;

სსიპ შემოქმედებითი საქართველო,

ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური

სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერია: ambebi.ge

R