"რკინიგზის მარშრუტზე დივერსიული აქტების მოწყობაში ეჭვმიტანილები უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდნენ", - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტუსკის ცნობით, გამოძიებამ კვირას, ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო მარშრუტზე მოწყობილი დივერსიული აქტების უკან მდგომი ორი პირის ვინაობა დაადგინა.
"შესაძლოა, ეს ინციდენტები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე სერიოზული იყოს, რომლებიც პოლონეთის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ დივერსიული აქტების მოწყობის შემდეგ ეჭვმიტანილები ბელარუსში დაბრუნდნენ.

აფეთქების ხმის გაგონების შემდეგ მოსახლეობამ პოლიციაში დარეკა, ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა ღამე იყო და დაზიანებული რელსები ვერ აღმოაჩინეს.

შემთხვევა შეიძლება სავალალოდ დამთავრებულიყო, რომ არა მატარებლის მემანქანე, რომელმაც მეორე დღეს დროულად შეამჩნია რელსების დაზიანებული მონაკვეთი.როგორ დაზიანდა რელსები, მართლა იყო თუ არა აფეთქება და ან რამ გამოიწვია ის - ამ დროისთვის უცნობია და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი "საბოტაჟის უპრეცედენტო შემთხვევას" უწოდებს და აცხადებს, რომ შესაძლებელი იყო ყოველივეს კატასტროფული შედეგები გამოეწვია.
წაიკითხეთ ასევე: