Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მსახიობი ია შუღლიაშვილი. მან ჩვენი მკითხველის შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს:
ლილე:
- მოგესალმებით, ქალბატონო ია. ვინ გირჩიათ მსახიობობა, თუ თავად გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მსახიობი?
- მსახიობობაზე ბავშვობიდან არ მიოცნებია. ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი დავამთავრე, რომლის შემდეგ, წესით, კონსერვატორიაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ჩემ გარშემო იმდენად ბევრი მუსიკა იყო, რომ სხვა რაღაცის გაკეთება მინდოდა. დედა უკვე აღარ იყო ცოცხალი, როცა გავიგე, რომ სურდა მსახიობი გავმხდარიყავი. ეს გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დამეხმარა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე.
თამარი:
- "ჩემი ბედნიერი ოჯახი“ - წარმატებული ნამუშევარი აღმოჩნდა. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ფილმი და მთავარი როლი, რომელსაც ასრულებთ? გადაღებებიდან რას გაიხსენებდით? როგორი პარტნიორია მსახიობი მერაბ ნინიძე?

- საკმაოდ დიდი ასაკში მომიწია ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმა, ეს ბედნიერება მეწვია და მადლობელი ვარ ფილმის რეჟისორების - ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის. დიდი პასუხისმგებლობა ჩამაბარეს და მენდვნენ. საკმაოდ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იყო ჩემთვის ეს ფილმი და რა თქმა უნდა, როლი, რომელიც მომცეს. ფილმზე მუშობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რთულიც, თავის წინა სარეპეტიციო პერიოდით. სასიამოვნოა, რომ ძალიან კარგი შედეგი დადგა - ბევრი ფესტივალი მოიარა და ფილმს დიდი წარმატებაც ხვდა.
რეჟისორებს, იმდენად გათვლილი ჰქონდათ ყველაფერი, რომ ფილმი ბუნებრივი ყოფილიყო, ჩვენ ,ფაქტობრივად, ერთი თვე ერთად ვცხოვრობდით. დილა თენდებოდა და ერთად ვიყავით. ეს "ოჯახური“ სიტუაცია ძალიან უწყობდა ხელს იმას, რომ მართლა ოჯახს დავმსგავსებოდი და იმ ოჯახურ სიტუაციაში რაღაც-რაღაცები ხდებოდა... ძალიან ხშირად მე და მერაბი ვმღეროდით, ამან გამოიწვია ის, რომ ფილმი სიმღერით მთავრდება, ტიტრებზე სიმღერა მიდის. რაღაც შემთხვევები იყო, რა თქმა უნდა, იყო რთული მომენტებიც. მაგალითად, ყველაზე დიდი უწყვეტი კადრი იმას გულისხმობდა, რომ შემოვდიოდი, შვილებს ველაპარაკებოდი, მერე რაღაც სცენა იყო და სამზარეულოსკენ გავდიოდი. იქ დედა უნდა დამხვედროდა და ეჩხუბა. დედის როლს თამაშობდა ქალბატონი ბერტა ხაფავა. ეტყობა, ნერვიულობდა და მთელი ამ გრძელი პროცესის მერე, მასთან რომ მივდიოდით, რაღაც სიტყვები ავიწყდებოდა და ისევ თავიდან გვიწევდა დაწყება. მოკლედ ამ სცენას 2 დღე ვიღებდით. ყველაზე მეტად რაღაცნაირად ეს ეპიზოდი ჩამრჩა. რთულია ერთი უწყვეტი კადრით ბევრი დუბლის გადაღება.

მერაბთან პარტნიორობა და არა მარტო მასთან, საინტერესო იყო... მსახიობები, ვინც იყვნენ, ახალგაზრდებიც, ძალიან შეხმატკბილებულები ვიყავით. მერაბს ინსტიტუტიდან ვიცნობ, მაგრამ ამ ფილმზე ჩვენი საქმიანი, პარტნიორული შეხვედრა პირველი იყო. ძალიან კარგად ავეწყეთ. მასთან მუშობა ჩემთვის სასიამოვნო, დიდი გაკვეთილი და გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან უზარმაზარი გამოცდილება აქვს, მით უმეტეს, კინოში. არაჩვეულებრივი პარტნიორია - სულ რაღაცის გამცემი, უნდა, რომ საქმე ზუსტად და კარგად გაკეთდეს.

ბექა:
- როლზე როგორ მუშაობთ? რა არის მაგ დროს თქვენთვის მთავარი?
- ცნობილია, რომ კინოსა და თეატრის პრინციპი ერთმანეთისგან განსხვავდება. როლზე მუშაობა იწყება სცენარის ან პიესის წაკითხვისას... როლი ან უცბად შემოდის შენთან, ან რაღაცების ძიება გიწევს. იწყებ მის ძიებას და საბოლოო ჯამში რაღაც შედეგამდე მიდიხარ. "ჩემი ბედნიერი ოჯახის" სცენარი რომ წავიკითხე, ეს ქალი უკვე ვიცოდი, ვიცნობდი მას, - რამდენიმე ქალის ნაკრები იყო და ჩემთვის ძალიან ახლო აღმოჩნდა. სულ 3-4 შეკითხვა შეიძლება მქონოდა რეჟისორთან, დანარჩენად პერსონაჟი, აბსოლუტურად, გავითავისე. როლზე უარი არ მითქვამს, ასეთი არ მახსენდება. ალბათ ყველა როლს უნდა მოერგო და თავის გასაღები მოუძებნო. ყველა როლში შესვლა ძალიან საინტერესოა, განსხვავებულშიც, სახასიათოშიც და დრამატულშიც.
ვინი:
- ახლა რომ გქონდეთ პროფესია ასარჩევი, მაინც მსახიობობას აირჩევდით?
- არის პერიოდები, ალბათ ყველა მსახიობს ჰქონია, როცა ნაკლულობის შეგრძნება გაქვს - სწორად აირჩიე თუ არა პროფესია. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ალბათ აქ უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ ალბათ ისევ მსახიობობას ავირჩევდი...
უცნობი:
- როგორ დაახასიათებდით თქვენს თავს?
- რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, ამიტომ სხვების ნათქვამიდან გამომდინარე, ვიტყვი - მთვლიან, რომ ძალზე ჯიუტი ვარ. ვფიქრობ, ჩემი სიჯიუტე - ჩემი პრინციპულობაა. კი, პრინციპული ვარ, შეიძლება სიჯიუტეშიც გადასული და ეს არ მწყინს, რადგან ის, რაც სწორად მიმაჩნია, იმას ბოლომდე მივყვები. რაღაც-რაღაცებს ვითვალისწინებ, მათ შორის, შენიშვნებს, შეცდომებს. ის, რაც მინდა, იმას საბოლოოდ ვაღწევ, თუმცა არც ისე იოლად. მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ სწორი გზით მივდიოდი, ან მე მჯერა ასე, რაც მაკეთებინებს იმას, რომ შედეგს მივაღწიო. საერთოდ, თხის რქა ვარ და ამ ნიშნისთვის პრინციპულობა დამახასიათებელია.
ნუცა:
- დედა - ინოლა გურგულია ცოცხალი რომ იყოს, მასთან რაზე ისურვებდით საუბარს?
- ბევრ რამეზე ვესაუბრებოდი, მით უმეტეს, ამ ასაკში. ალბათ კი უფრო იმაზე, კონკრეტულად და მეტი გამეგო მისი ახალგაზრდობის განცდები, სურვილები... თვითონ ინოლასგან მოყოლილი ამბების ნაკლებობა მაქვს. ალბათ ბევრ შეკითხვას დავუსვამდი, იმასთან დაკავშირებით, რა ცხოვრება გაიარა, რა აინტერესებდა, როგორ ურთიერთობდა ადამიანებთან. რა იყო მისთვის ყველაზე ძვირფასი, რომ ისევ მისგან მესწავლა ცხოვრება.

მკითხველი:
- რამდენი წლის იყავით დედა რომ დაკარგეთ და როგორ გაგრძელდა ცხოვრება დედის გარეშე?
- 10 წლის ვიყავი, თუმცა ინოლასგან ბევრი რამ მახსოვს. იმდენად სავსე ადამიანი იყო, რომ ეს სისავსე ჩვენთვისაც გადამდები იყო. დედის გარდაცვალების შემდეგ რთული იყო, 10 წლის ბავშვი უნებლიედ რაღაც გზებს ვპოულობდი, რათა შემემსუბუქებინა ცხოვრება... მახსოვს, იმ პერიოდში უფრო ღრმად გავიცანი დედის შემოქმედება, სიმღერები და სახლში როცა მარტო ვრჩებოდი, ვცდილობდი, ისინი გამერჩია, ჩავწვდომოდი, მიმეღო და ჩემი გამხდარიყო. ეს იყო შვება და ინოლასთან კონტაქტი.
უცნობი:
- როგორია ცნობილი დედის შვილობა?
- ცნობილი დედის შვილობა ძალიან საპასუხისმგებლოა, რთულია, მაგრამ ძალიან დასაფასებელია ასეთ ოჯახში რომ გავჩნდი, ასეთი დედის და მამის შვილი რომ ვარ.
ლიკა:
- სიმღერა ვინ გასწავლათ?
- სიმღერა დედამ მასწავლა მეც, ჩემს ძმასაც და ძალიან პატარაობიდან ვმღეროდით. ჩემი ძმა 8-10 თვის იყო, როცა დედას ბანს აძლევდა.

მერე მეც შევემატე. თავიდან ქართულ ხალხურ სიმღერებს გვასწავლიდა და ამით ხმების განლაგებას გვასწავლიდა. როცა წამოვიზარდეთ და საერთოდ, როცა მე და დათო გავჩნდით, დედამ მაშინ დაიწყო საბავშვო სიმღერების წერაც. პირველები ვიყავით, ვინც ამ სიმღერებს ვასრულებდით.
გულშემატკივარი:
- განსაკუთრებული შემოქმედი იყო ინოლა გურგულია. წერდა როგორც მუსიკას, ასვე ლექსებს, თავადვე ასრულებდა თავისი გამორჩეული ხმით. არ მიგაჩნიათ, რომ სათანადოდ არ არის დღეს ინოლა გურგულია დაფასებული?
- ინოლას, მართლაც აქვს უნიკალურობა და აქ ვლაპარაკობ მასზე, როგორც შემოქმედზე და არა დედაზე. იმიტომ, რომ ის მხოლოდ ჩვენ, ოჯახის წევრებს არ გვეკუთვნის (ჩვენ სხვანაირად გვეკუთვნის), საზოგადოების კუთვნილებაა ინოლა და მისი შემოქმედება. არის თუ არა დაფასებული? ისეთი ადამიანი იყო, რომ დიდად არც დაფასებას მოითხოვდა, არც "ჩინ-მედლებს"... ძალიან გამცემი იყო, გულიანი, ადამიანები უყვარდა, ყველას გულით უმღეროდა... რაღაც პერიოდი ხინჯი მქონდა, ინოლა მიიკარგა-მეთქი, მაგრამ დღე ამას ვერ ვიტყვი. ახალგაზრდები მის სიმღერებს ძალიან იტაცებენ. უყვართ და მოსწონთ. როცა ვიღაც ამბობს, ეს სიმღერა მგონი, ჩემთვის დაწერაო, ეს რაღაცნაირად მაბედნიერებს.
ქეთევანი:
- 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი და როგორი იყო მისი სიცოცხლის ბოლო დღეები?
- დიახ, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. თურმე სცოდნია, მისი დაავადების შესახებ - სიმსივნე ჰქონდა, წინასწარ ანდერძიც დაუწერია. მისი ანდერძი მერე აღმოვაჩინეთ. არადა, ყველა სტუმარს, ვინც მის სანახავად მოდიოდა, იქით ამხიარულებდა, უმღეროდა და სევდას აქრობდა. არ უნდოდა, მის გარშემო სევდა ყოფილიყო.
მე, 10 წლის ბავშვს კი მეგონა, რომ დედას რაღაც მარტივად დასაძლევი დაავადება, სურდო ან გრიპი ჰქონდა და მალე კარგად გახდებოდა, მაგრამ ალბათ ბედისწერა იყო ასეთი... ცოტა მიჭირს ამ თემაზე საუბარი...
ანდერძს მისი სამუშაო მაგიდის ერთ-ერთ თაროზე მივაგენით, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ჩვეულებრივი ანდერძი, მხატვრული ლიტერატურის ნიმუშია. რაღაცები ისე აქვს აღწერილი და ისე აქვს დაწერილი, რა თქმა უნდა, ცრემლს და სევდას იწვევს. იქიდან იმდენად სხვა რაღაც მოდის, რომ ანდერძი მის წიგნშიც შევიტანეთ, როცა მისი ლექსების და თარგმანების კრებული გამოვუშვი.
ანდერძში მიმართავს მამამისს, მეუღლეს, შვილებს, მეგობრებს. წერს, როგორ უყვარს თავისი ოჯახი, სამშობლო, რომ მას უნდა ვემსახუროთ და ვიყოთ ღირსეულნი. პირადად ჩვენ, ბავშვებს კი ეს დაგვიტოვა - "იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ და იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო“...
იზა:
- დედის გარდაცვალების შემდეგ ვინ აიღო თქვენზე პატრონობა, რადგან მცირეწლოვანები იყავით თქვენ და თქვენი ძმაც, მამაზე რას გვეტყვით?
- დედის მერე სახლში ვიყავით მე, ჩემი ძმა და მამაჩემი. ბებია გვპატრონობდა და ნათესავი ქალი. პატარა კი ვიყავი, თუმცა უკვე რაღაცების კეთება შემეძლო, - ბავშვობიდან საოჯახო რუტინაში ვიყავი ჩართული, მაგრამ ის ქალი გვეხმარებოდა და გვაკვალიანებდა. გვიკეთებდა სადილს, ჩვენზე ზრუნავდა და რა თქმა უნდა, ბებიაც. მამას მაგ პერიოდში ცოტა რთული სიტუაცია ჰქონდა, განცდებში იყო, თუმცა ჩვენთვის არაფერი დაუკლია, ძალიან ზრუნავდა.
ზოგადად დედის და მამის ურთიერთობა განსხვავებული და აღმატებული სიყვარული იყო - ისე, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს იპოვის და ბედნიერების შეგრძნება აქვთ. მამა მიხეილ შუღლიაშვილი კომპოზიტორი გახლდათ, პედაგოგი. დიდი ღვაწლი აქვს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჯერ ეს სტილი არც იყო შემოსული ჩვენთან - ალტერნატიული ატონალური მუსიკის სფეროში. მაშინ ეს უცხო ხილი იყო, მაგრამ დღესდღეობით ძალიან ფასობს. განსაკუთრებით საზღვრებს იქით და იქ ძალიან დაფასებულია მამას შრომაც.
დიმა:
- როგორი იყო დედა ცხოვრებაში და თუ გავხართ მას?
- დედას საღამოებს რომ ვაკეთებთ, სულ მინდა, ინოლას ის სახე გამოვაჩინო, როგორიც იყო - ძალიან მხიარული, ოხუნჯი, აქტიური და კარგი გაგებით, "ხულიგანი" გოგო. სურათებიც გვაქვს - სკოლაში ფაფახით და ჩოხით დადიოდა. გაქანებულ ტრამვაის შეახტებოდა და ჩამოხტებოდა. სხვანაირი ტიპაჟი იყო, მაგრამ მისი შემოქმედება უფრო სევდანარევ ღიმილს იძლევა. ყოველთვის მაინც მისი საღამოდან მაინც ცრემლიანი მიდის მაყურებელი. ამას ის იწვევს, რომ ინოლას მიმართ დიდი სიყვარული აქვთ...
ნია:
- იშვიათი სახელი ერქვა, ვინ დაარქვა და რაიმე ისტორია ხომ არ ახლავს მისი სახელის დარქმევას?
- ინოლას სახელს ასეთი ისტორია აქვს - ეს თვითონ აქვს აღწერილი. ბიძამისს, სვანეთში ყოფნისას, ერთ-ერთი საფლავის ძველ დიდ ქვაზე ამოუკითხავს რაღაც სახელი. გარკვევით მხოლოდ ინოლა ჩანდა. შეიძლება იყო დირ-ინოლა ან მარ-ინოლა ან კიდევ რაღაც სხვა ვერსია. წინა ნაწილი ჰკლებია. ინოლას შემდგომ ასე უწერია, - "ზაფხულის ცხელ დღეს ეს სახელი დამარქვეს“. განსხვავებული სახელია, თუმცა აღმოჩნდა, რომ სახელი ინოლა არსებობს, ოღონდ, საქართველოში პირელს დედას დაერქვა. ახლა უკვე ბევრი ინოლაა, ბავშვებს არქმევენ. ოჯახშიც გავაგრძელეთ ეს ტრადიცია და ჩემი ძმისშვილია ინოლა.
დოდო:
- პროფესიით მუსიკოსი არ იყო, თუმცა ქართულ მუსიკაში დიდი საქმე გააკეთა. ვინ იყო პროფესიით?
- პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი იყო. უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლობდა და შემდეგ იქ მუშაობდა. თარგმნიდა და ინგლისურად თვითონაც წერდა და ორი სიმღერა აქვს დაწერილი. მაშინ ეს იშვიათობა იყო. თან მღეროდა, თან ინგლისურს ასწავლიდა. საზოგადოებასთან ახლოს იყო და შესანიშნავი მეგობრები ჰყავდა. საქართველოში უცხოეთიდან საპატიო სტუმარი რომ ჩამოდიოდა, იმ მიღებაზე სასურველი პერსონა იყო ყველა მისი თვისების გამო.
უცნობი:
- როგორ მუშაობდა მუსიკაზე, ანუ როცა ახალ ნამუშევარს ქმნიდა?
- მახსოვს, საბავშვო სიმღერებს რომ წერდა, ინსტრუმენტი არ სჭირდებოდა, მელოდიები უცებ მოსდიოდა, თავის ტექსტიანად იბადებოდა, ამახსოვრედებოდა და იმ ყველაფერს განვითარებას მერე უკეთებდა. მახსოვს ასეთი შემთხვევა, - სამზარეულოში რაღაცას აკეთებდა და უცებ გამოვიდა, როიალი დიდ ოთახში გვედგა, მიუჯდა და მითხრა, - იკუნა, აბა, იმღერეო და სიმღერა წამამღერა. ეს იყო "ოდელია დელა“. წამიმღერა მელოდია და მეც გავიმეორე. მისი საბავშვო სიმღერები საკმაოდ რთული სამღერია... ეტყობა, ჩვენთან ამოწმებდა, ბავშვი ასეთ სიმღერას რამდენად იმღერებდა...
მკითხველი:
- როგორი დედა და ბებია ხართ - გაგვცანით თქვენი ოჯახი?

- მყავს ორი ვაჟი, უფროსი პირველი ქორწინებიდან და მისგან ორი შვილიშვილი - ბიჭი და გოგო - 11 წლის და 9 წლის. მეორე შვილი - 20 წლისაა. მყავს მეუღლე და არაჩვულებრივი რძალი, ჩემი ნინიკო. ვცდილობთ, რომ მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვროთ.