ავტორი:

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7- წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ზურაბ ადეიშვილი კი სასამართლომ გაამართლა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7- წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ზურაბ ადეიშვილი კი სასამართლომ გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ინფორმაციისთვის, გამოძიება მათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა.

საქმეზე გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი გრიგოლ ბაშალეიშვილი დააკავეს.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო. იმხანად ირაკლი ოქრიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

  • ბუტა რობაქიძის საქმე

დანაშაული 2004 წლის 23 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება - კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე - სამართალდამცავებმა დააკავეს.

მომხდარიდან მეორე დღეს, შსს-ს პრესსამსახურის მიერ მომზადებულმა გადაცემა "პატრულმა“ საზოგადოებას ამცნო, რომ რობაქიძეს სამართალდამცავებმა ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის დაკავებისას ესროლეს. ვიდეომასალაში ნაჩვენები იყო შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ავტომობილში მსხდომებმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს - რობაქიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, პატრულმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა კი თავდაცვის მიზნით საპასუხოდ გაისროლა. რობაქიძე ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულების მიმართ საქმე აღიძრა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. მოგვიანებით, ორ მათგანს ბრალდება მოეხსნა.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნებმა ამ ჩვენებების სისწორე ეჭვქვეშ დააყენა, გამოძიებამ მიმართულება შეიცვალა. შედეგად, 2006 წელს გრიგოლ ბაშალეიშვილს სასამართლომ რობაქიძეს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თავის მხრივ, გარდაცვლილის ნათესავები და ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევდნენ, რომ სასამართლომ ხელი დააფარა შსს-ს მაღალჩინოსნებს, რომელთაც მტკიცებულებები გააყალბეს. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმეში არსებული ერთი ავტომატური იარაღი და ერთი ხელყუმბარა ისე დარჩა, რომ მათ უკანონო შეძენა-ტარებაში არავის ედებოდა ბრალი.

კითხვები მალევე გაჩნდა მომხდარის ამსახველ ვიდეოსიუჟეტთან დაკავშირებით. 2006 წელს თბილისის პროკურატურამ შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებების გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 2013 წლის პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს საქმეები თაროზე აღმოჩნდა და 6 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა.

5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ 2018 წელს, ბუტა რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნეს.

  • გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით;
  • დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით;
  • ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა;
  • ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა;
  • ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო 5 ბრალდებულიდან, რომელიც დანაშაულს აღიარებდა და ამბობდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული.

იხილეთ ასევე: