პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მიერ გაჩერებულ იქნა „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშელეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი - ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ხსენებული ფაქტის თაობაზე, იმავე ღამით ინფორმაცია მიიღო შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დავალება მისცა შემთხვევის ადგილზე მისულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომ გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და ავტომანქანაში მასთან ერთად მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
აღნიშნულის შემდეგ იმჟამინდელი საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულ იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები, ხოლო გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე გამოცხადდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად.
ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა გამოიწვია. ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ამნისტიის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 5 წელი და სამი თვე მიესაჯა" - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა.
საქმეზე გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი გრიგოლ ბაშალეიშვილი დააკავეს.
2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო. იმხანად ირაკლი ოქრიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ბუტა რობაქიძის საქმე
დანაშაული 2004 წლის 23 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება - კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე - სამართალდამცავებმა დააკავეს.
მომხდარიდან მეორე დღეს, შსს-ს პრესსამსახურის მიერ მომზადებულმა გადაცემა "პატრულმა“ საზოგადოებას ამცნო, რომ რობაქიძეს სამართალდამცავებმა ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის დაკავებისას ესროლეს. ვიდეომასალაში ნაჩვენები იყო შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ავტომობილში მსხდომებმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს - რობაქიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, პატრულმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა კი თავდაცვის მიზნით საპასუხოდ გაისროლა. რობაქიძე ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულების მიმართ საქმე აღიძრა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. მოგვიანებით, ორ მათგანს ბრალდება მოეხსნა.
მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნებმა ამ ჩვენებების სისწორე ეჭვქვეშ დააყენა, გამოძიებამ მიმართულება შეიცვალა. შედეგად, 2006 წელს გრიგოლ ბაშალეიშვილს სასამართლომ რობაქიძეს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თავის მხრივ, გარდაცვლილის ნათესავები და ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევდნენ, რომ სასამართლომ ხელი დააფარა შსს-ს მაღალჩინოსნებს, რომელთაც მტკიცებულებები გააყალბეს. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმეში არსებული ერთი ავტომატური იარაღი და ერთი ხელყუმბარა ისე დარჩა, რომ მათ უკანონო შეძენა-ტარებაში არავის ედებოდა ბრალი.
კითხვები მალევე გაჩნდა მომხდარის ამსახველ ვიდეოსიუჟეტთან დაკავშირებით. 2006 წელს თბილისის პროკურატურამ შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებების გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 2013 წლის პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს საქმეები თაროზე აღმოჩნდა და 6 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა.
5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ 2018 წელს, ბუტა რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნეს.
წაიკითხეთ ასევე: