დღეს ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში, საქართველოს მოქალაქემ, მიხეილ ჩხიკვიშვილმა, რომელიც ცნობილია როგორც "მეთაური ჯალათი", ბრალდება აღიარა. ის თავი დამნაშავედ ცნობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წაქეზებაში, ასევე ბომბებისა და რიცინის დამზადების ინსტრუქციის გავრცელებაში.
"დღევანდელი აღიარებით ბრალდებული ადასტურებს საშინელ შეთქმულებას, რომელიც ებრაელებისა და რასობრივი უმცირესობების წინააღმდეგ იყო მიმართული და მათ შორის დღესასწაულების პერიოდში ბავშვებისთვის განკუთვნილი ტკბილეულის შხამით მოწამვლას მოიცავდა, ბრალდებული მოლდოვიდან იქნა ექსტრადირებული. ეს საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სადაც არ უნდა იმალებოდეთ, თუ ცდილობთ ჩვენი მოქალაქეების დაღუპვას, FBI და მისი პარტნიორები მაინც გიპოვიან" - განაცხად FBI-ის დირექტორმა ქაშ პატელმა.

2022 წლის ივნისში ჩხიკვიშვილი ნიუ-იორკში მდებარე ბრუკლინში ჩავიდა. 2022 წლის ივლისიდან ის “Maniac Murder Cult“-ის სახელით ტელეგრამის დაშიფრული მესენჯერის საშუალებით სისტემურად მოუწოდებდა სხვა ადამიანებს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ჩაედინათ. ამ წინადადებით ის დაუკავშირდა მოქალაქესაც, რომელიც სინამდვილეში FBI-ის ფარული აგენტი აღმოჩნდა.
2021 წლის სექტემბრიდან ჩხიკვიშვილი "სიძულვილის სახელმძღვანელოს" სახელით ცნობილ მანიფესტს ავრცელებდა. "სახელმძღვანელო" მკითხველს ისეთი მასობრივი ძალადობის აქტების შესრულებისკენ მოუწოდებდა, როგორიც მაგალითად სკოლებში სროლა იყო.
2023 წლის ნოემბრიდან ჩხიკვიშვილმა არაერთი თანამოაზრე წააქეზა ისეთი ძალადობრივი დანაშაულის ჩასადენად, რომელიც ძირითადად ეროვნული უმცირესობებისა და ებრაელი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ბრალდებულის ჩანაფიქრით ახალ წლამდე ნიუ-იორკში მასობრივი თავდასხმა უნდა განხორციელებულიყო, რის დროსაც სანტა კლაუსის კოსტიუმში გამოწყობილ კულტის წევრს მოწამლული ტკბილეული რასობრივ უმცირესობებში უნდა დაერიგებინა, თუმცა იანვარში გეგმა შეიცვალა და ჩხიკვიშვილმა ებრაული თემების კუთვნილი სკოლების მოწამვლის მიზნით ფარულ თანამოაზრეს შხამიანი ნივთიერებების, მათ შორის რიცინის დასამზადებელი დეტალური ინსტრუქციები გაუგზავნა.
2025 წლის იანვარში, ანტიოქიის საშუალო სკოლაში (ნეშვილი, ტენესი) 17 წლის სტუდენტმა ერთი ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში თავდამსხმელი ამტკიცებდა, რომ “Maniac Murder Cult“-ისა და სხვა ჯგუფების სახელით მოქმედებდა.
2024 წლის აგვისტოში, თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში, თავდამსხმელმა პირდაპირ ეთერში გადაიღო, როგორ დაჭრა მეჩეთის მიმდებარედ დაახლოებით ხუთი ადამიანი. ნაცისტური სიმბოლიკით გაფორმებული სამხედრო ჟილეტი შეიცავდა პირდაპირ მითითებებს ჩხიკვიშვილთან კავშირზე . თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე კი ინტერნეტით მან ასევე “სიძულვილის სახელმძღვანელოს“ ბმული გაავრცელა.
აშშ-ს კანონმდებლობით მიხეილ ჩხიკვიშვილს 40 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.