"ტერნოპილზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25 - მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია" - იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
ჯამში ქალაქზე იერიშის შედეგად, რომელმაც ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა გამოიწვია, 92 ადამიანი დაზარალდა, აქედან 18 ბავშვია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.




სამშაბათს ღამით უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასობრივი იერიშის დროს რუსულმა მხარემ 40 Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 7 "Калибр" - ი და ერთი "Искандер-М" - ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. გარდა ამისა საჰაერო შეტევაში 400-მდე დრონი მონაწილეობდა, საიდანაც დაახლოებით 300 "შაჰიდის" მოდიფიკაციას მიეკუთვნებოდა.
უკრაინული მხარის განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ სამიზნეების უმეტესობა გაანადგურა, თუმცა ნაწილმა მაინც მიაღწია მიზანს და ლვოვში,ხარკოვსა და ტერნოპილში აფეთქება და ნგრევა გამოიწვია.


"თავდასხმამ მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია, დიდია მსხვერპლი, ტერნოპილში, ღვთისმშობლის ეკლესიის უკან, გიგანტური კვამლის ღრუბელი ამოდიოდა, ქალაქში კი სირენების ხმა ისმოდა. შეზღუდული თავდაცვითი სისტემების პირობებში უზარმაზარი ქვეყანაა დასაცავი და რაც არ უნდა ეფექტური იყოს უკრაინა რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაში, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ზოგიერთი მათგანი გადარჩება და დამანგრეველ შედეგებს მოიტანს, როგორც ეს ტერნოპილში მოხდა" - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ საკუთარ მიმართვაში.

