შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 19 ნოემბერს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად აქციის 13 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
"მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათე დევიძეს 21 წელი საპატიმროში შეუსრულდა. იგი 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს.

19 ნოემბერს თბილისში, პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. მსვლელობის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილებაა.წ. ივნისში გამოაცხადა - ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენ სანახავად მოვდიოდი და დღეს ალბათ ბოლო დღე იქნება, შეიძლება დიდი ხანი ვერ გნახოთ… იცით, რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე, რადგან გამეპროტესტებინა ევროკავშირის კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბერს, გამთენიას ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყეს ფორმიანებმა….. მაგ დღეს ვიყავი დაახლოებით ორი დღის უძილო, ძალიან, ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. როცა მათ დაიწყეს ჩვენზე ძალის გამოყენება, ვეცადე გავრიდებოდი და ეს ვერ მოვახერხე, იცით შემდეგ რაც მოხდა.
მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ [...]. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ. მაპატიეთ, მეგობრებო, უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა", - თქვა მათე დევიძემ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დატოვა მანამ, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა განაჩენის გამოცხადებამდე.
"სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში", - ეს იყო ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა.
"მე ერთ პატარა ხის ნავში აღმოვჩნდი, რომელიც დიდმა ტალღებმა დიდ ოკეანეში შეითრია, აქეთ-იქით ახეთქებს და გადარჩენის გზას არ უტოვებს. ჩემს ნავს ნელ-ნელა ნახვრეტები უჩნდება", - წერდა მათე დევიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში...