"არ უნდა უღალატო გულშემატკივარს და არც ის გიღალატებს... ყოფილა შემთხვევა, შემრცხვენია, ხალხისთვის ვერ გამისწორებია თვალი... როცა ფეხბურთელი ვიყავი, თამაშის დროს არაერთხელ გამიძლია გაუსაძლისი ტკივილისთვის. არ მითამაშია არც საკუთარი თავისთვის და არც ფულისთვის..." - ამბობს გაზეთ "ლელოს" საარქივო ინტერვიუში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში გელა კეტაშვილი.

ოლიმპიური ჩემპიონი - 1988 (სეული); სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1988; სპორტის რაინდი - 2016; ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი - 2003; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018; ღირსების ორდენი - 2001; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი - 1999
საქართველოს ნაკრებში: 1 მატჩი (1990);
სსრკ ნაკრებში: 3 მატჩი (1989);
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 11 მატჩი (1986-88)
ოლიმპიადაზე, საბჭოთა საფეხბურთო ნაკრებში ქართული ფეხბურთის ღირსებას 23 წლის გელა კეტაშვილი იცავდა. მისი სჯეროდა სამწვრთნელო შტაბს, მთავარ მწვრთნელს. აი, დასტურიც: კეტაშვილს მიანდვეს ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ძლიერი თავდამსხმელის რომარიოს მეურვეობა.
გელამ უდავოდ დიდებულად ჩაატარა ეს ისტორიული მატჩი.
ნაკლებად თუ ვინმე მოელოდა ბრაზილიელებთან გამარჯვებას, მაგრამ მოხდა სასწაული და სასწაულის თვალნათლივი შემოქმედი იყო ქართველი ფეხბურთელიც, რომელმაც უმაღლეს დონეზე ითამაშა მთელი მატჩი, მეტოქის კარში გამარჯვების გოლიც სწორედ მისი გადაცემის გაგრძელებით გავიდა.
...იმ დღეს მთელი საქართველო ხარობდა. გელა კეტაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში დიდებულად ითამაშა და თვით მრისხანე რომარიო არ გაანძრია. კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო.
"თავადაც არ მჯეროდა, ოლიმპიადაზე თუ ვითამაშებდი. ტრაბახით არ ვამბობ, იმ ნაკრებში შეუცვლელი კაცი ვიყავი, მაგრამ ფეხბურთი და ტრავმები ვის გაუყვია? "შახტიორთან" შეხვედრაში ერთხელ მოტეხილი კოჭი მეორედ მოვიტეხე. თვე ნახევარი რჩებოდა ოლიმპიადამდე. მოსკოვში ხაზი გადამისვეს, - მორჩა კეტაშვილის ოლიმპადაო.
ძალიან ცუდად ვიყავი. თუ გახსოვთ, ძველი ტრავმატოლოგიური საავადმყოფო იყო ჯავახიშვილი ქუჩაზე. ვწევარ იქ, საშინელი ტკივილები მაქვს. გავახილე დილით თვალი, იღება კარები და შემოდის ოლიმპიური ნაკრების ექიმი, ზურაბ ორჯონიკიძე. სპეციალურად გადმოფრინდა თბილისში, ჩემი ტრავმის ამბავი რომ გაიგო.
გადავფრინდით ეგრევე მოსკოვში. კლინიკაში დავიწყე მკურნალობა. ექიმი იყო ძალიან ცნობილი - მირონოვი. ყველაფერი გააკეთეს, შეუძლებელიც კი. მოკლედ, წავედი ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე. შეკრება იაპონიაში გვქონდა და იქ რომ ჩავედი, ხელჯოხებით ვიყავი, ამომავალი მზის ქვეყანაში გავიარე ფეხზე. თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად. ამ ტრავმამ "დამანგრია". მერე მივხვდი, რომ იყო შანსი და ამ შანსისათვის ბოლომდე უნდა მებრძოლა.
4 მატჩი ვითამაშე შეკრებაზე. თანდათან მემატებოდა სათამაშო დრო. თავს არ ვზოგავდი. ეგაა, გუნდი რომ ვარჯიშობდა, მე ხშირად ვიწექი ამ დროს. ტკივილები კიდევ მქონდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი, რომ საკუთარ თავს ვჯობნიდი.
მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრებს მოვუგეთ ოლიმპიადის ნახევარფინალში. 23 წელი სწორედ იმ დღეს შემისრულდა. სტადიონის დიქტორმა თამაშის დაწყების წინ გამოაცხადა, საბჭოთა კავშირის ორი ნომერი, გელა კეტაშვილი იუბილარიაო. მთელი სტადიონი ადგა და ტაში დამიკრა. იმ წუთში ტკივილი დამავიწყდა.
იტალიას რომ მოვუგეთ, საპრიზო ადგილები გავინაღდეთ. ამას გვისახავდნენ ამოცანად და ახალგაზრდა კაცის ამბავი ხომ იცით, შესრულებულად ჩავთვალეთ ამოცანა. ოლიმპიურ სოფელში რომ მივედით, ისე დავიქსაქსეთ, რომ ანატოლი ბიშოვეცმა სადილზეც კი ვერ შეგვკრიბა...

საჩუქარს ველოდები და ნახაზებით სავსე დაფა ამოიღო. ბრაზილიელთა 10 ნომერს დაადო ხელი და მითხრა, ეს რომარიოა, ყველაზე სახიფათო ფორვარდი მათი შემადგენლობიდან, ესაა ჩემი საჩუქარი, ეს უნდა დაიჭიროო...
ძალიან ძლიერი ფორვარდი იყო. წამიერი უყურადღებობა და ეგრევე გაიტანდა. ხვლიკივით იყო. მე მითამაშია კლინსმანის, პაპენის, ეკლიაერის, ლაუდრუპების, ბუტრაგენიოს წინააღმდეგ, მაგრამ ის სხვა იყო...არ მინდა, ვინმე ტრაბახში ჩამომართვას და, მგონი, კი გავაჩერე რომარიო. ბრაზილიელთა ერთადერთი გოლი სწორედ მან შეაგდო, მაგრამ აქ იყო ერთი "მაგრამ". მისი მეურვეობა მევალა ყველა სიტუაციაში სტანდარტების გარდა. სტანდარტებისას ბრაზილიელთა მეორე, ტანმაღალი ფორვარდი უნდა დამეჭირა. ისე მოხდა, რომ პირველ ტაიმში სტანდარტის მერე რომარიოს ლოსევი დაუდგა და იმანაც შეაგდო.

შესვენებაზე ბიშოვეცს პირდაპირ ვუთხარი, ან მე ჩამაბარეთ ეს რომარიო ბოლომდე, ან საერთოდ შემცვალეთ - მეთქი. დამიჯერა. ძალიან ძლიერი ფორვარდი იყო. წამიერი უყურადღებობა და ეგრევე გაიტანდა.
ანგარიში თერთმეტმეტრიანით გავათანაბრეთ. მეორე გოლისას მე გავაკეთე საგოლე გადაცემა. მოგეხსენებათ, ორი დამატებითი ტაიმი ვითამაშეთ. პირველი დამატებითი ნახევარი რომ მორჩა, ისე ვიყავი დაღლილი, თამაში დასრულებული მეგონა. ზეიმი დავიწყე. ბიჭებმა გამაჩერეს, ჯერ ადრეაო. მეორე დამატებითი ტაიმი ისე მახსენდება, როგორც კოშმარი. გავძელით. მსაჯის სასტვენი რომ გაისმა, ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი - გაათმაგებული ძალით დავხტოდი. ჩვენს დელეგაციაში ერთადერთი ქართველი იყო - ექიმი ზურაბ ორჯონიკიძე. პირველად მას ჩავეხუტე და... ავტირდი...

პრემიებს რაც შეეხება, ისე იყო გაწერილი, რომ ძირითადის 11 ფეხბურთელს სხვა ნიხრი ჰქონდა და სხვებს სხვა, მაგრამ ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით და ზუსტად გავყავით ეს ფული ყველაზე. ზუსტად 6430 მანეთი შეგხვდა თითოს და კიდევ, ახალთახალი "ვოლგები" დაგვირიგეს.
მერე საქართველოს რომ გაუჭირდა და ჩვენი ქვეყანა ომში ჩაება, საქართველოს ძლიერებისათვის ჩავაბარე ოლიმპიური ოქროს მედალი. ქვეყანას უჭირდა, ბიჭები საქართველოსათვის კვდებოდნენ და რა მედალზეა აქ საუბარი?
მერე ის მედალი სარფის საბაჟოზე გადადიოდა, ვახტანგ ქორიძე მუშაობდა იმ დროს საბაჟოზე, ჩვენი სასიქადულო ფეხბურთელი... აღარც მინდა ყველაფრის მოყოლა. 2013 წელს დავიბრუნე ის მედალი. დიდი მადლობა ამისთვის გურამ ოდიშარია", - იხსნებს გელა "ლელოს" საარქივო ინტერვიუში.
გელა კეტაშვილი 1965 წლის 27 სექტემბერს დაიბადა.

ერთ ინტერვიუში ის ამბობს:
"ნორჩ დინამოელში" 1964-65 წლებში დაბადებული ბიჭების შერჩევას სერგო კოტრიკაძე ხელმძღვანელობდა. 200 თუ 300 ბავშვი მივედით სინჯებზე და საბოლოოდ 40-მდე ბიჭი დაგვტოვეს. მე, როგორც 1965 წელს დაბადებული, სერგო აპრესიანთან მოვხვდი. სანამ ცოცხალი ვარ, მის ამაგს ვერ დავივიწყებ - ბატონმა სერგომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.
...1983 წლის მიწურულს თბილისის "დინამოში" გადმომიყვანეს. ნოდარ ახალკაცს რამდენჯერმე ვუნახივარ "ტორპედოში" და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მიუღია. როცა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მივედი, თავი სიზმარში მეგონა. "დინამოში" ჩემი ჩარიცხვა რომ გადაწყდა, დარწმუნებული ვიყავი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ დაიარებოდა!

...საოცნებო გუნდის მაისური პირველად 1984 წლის 22 თებერვალს მოვირგე - კიევში, თასის 1/16 ფინალში, არმიის სპორტულ კლუბს ვეთამაშეთ. მატჩი "დინამოს" სტადიონზე გაიმართა - ისეთი ცუდი პირობები იყო, კი არ ვთამაშობდით, ვწვალობდით, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი. თან, ხუმრობა ხომ არ არის - სადებიუტო შეხვედრაში გოლი გავიტანე 65-ე წუთზე! მალე რამაზ შენგელიამ შეაგდო პენალტი და 2:0 მოვიგეთ!"..."


1990 წლის 30 მარტი, საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ "იბერია" (თბილისი) და "კოლხეთი 1913" (ფოთი). ჩვენი უმთავრესი საფეხბურთო არენის (სადაც იმ დროისთვის დაახლოებით 75 000 დასაჯდომი ადგილი იყო) ტრიბუნები ერთიანად გადაჭედილი იყო.
გელა კეტაშვილმა გაიყვანა "იბერია" კაპიტნის სამკლავურით "კოლხეთთან" ისტორიულ მატჩში და, ბედის ირონიით, საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩის პირველი (და ერთადერთი) გოლი, თან ავტოგოლი, სწორედ... კეტაშვილმა გაიტანა.
ეს იყო ნამდვილი საფეხბურთო დრამა, რომლის მსგავსი, მანამდეც და მერეც, ჩვენშიც და უცხოეთშიც, არაერთხელ მომხდარა, მაგრამ კეტაშვილის შემთხვევაში ამ ავტოგოლმა, ფაქტობრივად, ფეხბურთელის კარიერაზე იმოქმედა.
მეტიც - კარიერაც დაასრულებინა ამ უაღრესად ნიჭიერ მარჯვენა მცველს, რომელსაც 1990 წლის დასაწყისში კიევის "დინამო" ზღაპრულ პირობებს სთავაზობდა და იმის 100-პროცენტიან გარანტიასაც აძლევდა, რომ 1990 წლის იტალიის მუნდიალი კეტაშვილის გარეშე არ ჩაივლიდა!..
1990 წლის 27 მაისს კი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა, თბილისში ჩვენი მეტოქე ლიეტუვას ეროვნული გუნდი იყო. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. იმ მატჩში ეროვნულ ნაკრებს სწორედ კეტაშვილი კაპიტნობდა...
თუმცა, საბოლოოდ მან უარი თქვა კიევის "დინამოზეც", საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაზეც და... ისე მოხდა, რომ, ფაქტობრივად, 25 წლის ასაკში დაასრულა საფეხბურთო კარიერა...
აქვე, მოკლედ უნდა ითქვას გელას პიროვნულ ღირსებებზე. ყველამ, ვინც იცნობს, კარგად იცის, რომ თავმდაბლობა, თბილი ურთიერთობა, სიყვარული, მისი ცხოვრების წესია. ამასთანავე, უსაზღვროდ სამართლიანია და მტკივნეულად განიცდის ზნეობრივი გადახრების თანამოძმეთაგან ნებისმიერ გამოვლენას.

დიდი პატრიოტი ხომ არის და არის! გახსოვთ, ალბათ, აფხაზეთის ომის დროს გამოცხადდა, რომ იქმნებოდა საქველმოქმედო "ოქროს ფონდი" ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. გელამ სეულში მოგებული ოქროს მედალი იმ ფონდში მიიტანა.
მერე აღმოჩნდა, რომ მისი ოლიმპიური ოქროს მედალი თურქეთში გასაყიდად გაჰქონდა ვიღაც არაკაცს. ყოფილი დინამოელი ვახტანგ ქორიძე იმხანად სარფის საბაჟოზე მუშაობდა და კეტაშვილის მედალი სწორედ მან აღმოაჩინა...

"მწვრთნელობა? არა, ეს საქმე არასდროს მიზიდავდა და ამაზე არც მიფიქრია..."
"მთავარი მედალი და თასი კი არა, გულშემატკივრის სიყვარულია!"
"თუ მიყვები, მიზანს მიაღწევ. ბავშვობაში ბურთით ვიძინებდი და ვიღვიძებდი!"
"შურისძიების გრძნობა არ მამოძრავებს და არც მათი საჯარო განკითხვა მსურს, ვინც იმსახურებს"
"პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს არასდროს უნდა აჰყვე, მათი მოსმენაც კი დამღუპველია"