რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოდელი და ინფლუენსერი, მირანდა შელია, სერბული Harper's Bazaar-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. გამოცემასთან მან თავისი უნიკალური იდენტობისა და მოდის სამყაროში მოულოდნელი გზის შესახებ ისაუბრა.
მირანდა შელია, რომელიც რუსეთში დაიბადა და გაიზარდა, ცნობილია თავისი დახვეწილი სტილით, გამოხატული ქალურობითა და ბუნებრივი ქარიზმით, რითაც სოციალურ ქსელებს იპყრობს. როგორც თავად აღნიშნავს, მისი სამოდელო კარიერა სრულიად სპონტანურად და დიდი ამბიციების გარეშე დაიწყო.

"არასოდეს მივისწრაფოდი პოპულარობისკენ, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ერთ მომენტში უბრალოდ დავიწყე ფოტოების გამოქვეყნება, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. მინდოდა მეჩვენებინა სილამაზე, განწყობა და ინსპირაცია. შემდეგ გამომწერების რიცხვი გაიზარდა, მალევე კი პირველი შემოთავაზებები და კონტრაქტებიც მოვიდა. ყველაფერი სპონტანურად განვითარდა, ნაბიჯ-ნაბიჯ."
როგორც მოდელი ამბობს, მისი იდენტობა ქართული ფესვებისა და რუსული აღზრდის შერწყმაა, რაც მას თანამედროვე მოდის სცენაზე უნიკალურს ხდის. მირანდა ამ კომბინაციას თავის სიძლიერედ მიიჩნევს.
"ჩემი ფესვები ჩემი ძალაა. საქართველოსგან მემკვიდრეობით მივიღე ვნება, ტემპერამენტი და ქალურობა. რუსეთისგან კი - ელეგანტურობის შეგრძნება, დეტალებისადმი ყურადღება და გამოხატვის თავშეკავებულობა. ეს კომბინაცია მეხმარება, ვიპოვო ბალანსი შინაგან ცეცხლსა და გარეგნულ ჰარმონიას შორის".
მირანდა შელიას აზრით, ის, რაც მას მოდელად გამოარჩევს, პირველ რიგში, მისი ენერგიაა.
"ვფიქრობ, ეს ენერგიაა. ყოველთვის ვცდილობ, ვიცხოვრო მომენტით - არა მარტო დავიკავო პოზა, არამედ გადმოვცე ემოცია. როდესაც გულწრფელად გრძნობ იმას, რაც კამერის წინ ხდება, მაყურებელიც გრძნობს ამას".

საკუთარ სტილს ის სამი სიტყვით აღწერს: გამომხატველი, გაბედული, თავდაჯერებული...
"მიყვარს, როდესაც სამოსი გამოხატავს განწყობასა და ხასიათს. ჩემთვის სტილი უსიტყვოდ საუბრის საშუალებაა - შინაგანი სიძლიერისა და საკუთარი თავის თავისუფლების ჩვენება".
კითხვაზე, თუ როგორ გრძნობს თავს იმ შედარების გამო, რომ მისი ფანები მას ირინა შეიკს ამსგავსებენ, მოდელი აღნიშნავს, რომ ეს სასიამოვნოა, თუმცა საკუთარ გზას მიჰყვება:
"ეს სასიამოვნოა - ირინა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და შთამაგონებელი ქალია. მაგრამ არ ვცდილობ, ვინმეს ვგავდე. ყველას თავისი ისტორია და თავისი გზა აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის ერთგული დავრჩე და მივყვე ჩემს გზას".
სოციალური მედიის გავლენაზე საუბრისას კი მირანდა მას "ინსტრუმენტს" უწოდებს, რომლის გამოყენებაც ორგვარად შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა ქსელებმა მოდელებს საკუთარი იმიჯის შექმნისა და ისტორიის მოყოლის შესაძლებლობა მისცა შუამავლების გარეშე.
"ის ასევე ახდენს ზეწოლას და სრულყოფილების ილუზიას. მთავარია, არ დაგვავიწყდეს, ვინ ვართ და არ მივცეთ უფლება ციფრებს განსაზღვროს ჩვენი ღირებულება.", - ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ მოდელი Harper's Bazaar-თან ინტერვიუში საუბრობს საკუთარ უნიკალურ გზაზე, მირანდა შელია რუსული მედიის ყურადღების ცენტრში წლების წინ მოექცა და დღეს მის Instagram-გვერდს 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ის 1992 წლის 20 სექტემბერს დონის როსტოვში დაიბადა. მოდელი აღიარებს, რომ სკოლის პერიოდი მისთვის რთული იყო ეთნიკური ნიშნით კონფლიქტების გამო, თუმცა არასოდეს ერიდებოდა იმის აღიარებას, რომ ქართველია და ამით ამაყობდა. მირანდამ იურიდიული განათლება მიიღო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ცხოვრების სამართლის პროფესიასთან დაკავშირება არ სურდა და მოდელობაზე ოცნებობდა.

მირანდას პირადი ცხოვრება წლების განმავლობაში ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში იყო. 20 წლის ასაკში ის პირველად დაქორწინდა ქართველ ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიაზე, თუმცა ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. განქორწინების შემდეგი პერიოდი მისთვის რთული იყო - დეპრესიაში ჩავარდა და წონაში დაიკლო. ამ პრობლემების მოგვარებაში ახლო მეგობარი, მომღერალი ქეთა თოფურია დაეხმარა. სწორედ ქეთამ გააცნო მას მოგვიანებით ცნობილი რუსი ფეხბურთელი ფიოდორ სმოლოვი, რომელთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ მოდელი კვლავ მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. 2021 წლის მაისში მირანდა სკანდალურ ბლოგერ გრიგორი მამურინზე დაქორწინდა, რომელიც რუსი მილიარდერის შვილიშვილი გახლდათ, თუმცა მალევე დაშორდა მას, იმხანად მირანდა ორსულად იყო. მოდელი დღესდღეობით ვაჟს ზრდის.
წაიკითხეთ ასევე: