დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის "სამშვიდობო გეგმას“ მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას NBC News-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან "სამშვიდობო გეგმას“, რომელზეც ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად მუშაობდნენ.
მანამდე, დონალდ ტრამპის მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, სტივენ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
"ეს არის საკითხი, რომელსაც პრეზიდენტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინა პლანზე აყენებს, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მოგვარება“, - განუცხადა მილერმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მთავარი მიზანი ევროპაში მშვიდობის მიღწევა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისა და განადგურების შეჩერებაა.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მხრიდან გეგმაზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მუშაობდნენ.
"გეგმა მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. გეგმა იმას შეიცავს, რაც უკრაინას სურს და მდგრადი მშვიდობისთვის სჭირდება“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
"Axios“-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი სამშვიდობო გეგმა 28 პუნქტს შეიცავდა, რომელიც ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა: მშვიდობა უკრაინაში, უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხოება ევროპაში და აშშ-ის მომავალი ურთიერთობები უკრაინასთან და რუსეთთან.
"უკრაინა და მისი მხარდამჭერები ამას რუსეთისთვის უზარმაზარ დათმობად აღიქვამენ. თეთრი სახლის პერსპექტივიდან, ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, თუ ომი გაგრძელდება, უკრაინა მაინც დაკარგავს ამ ტერიტორიას და შესაბამისად, მის ინტერესებშია შეთანხმების დაუყოვნებლივ მიღწევა“, - წერს Axios - ი. გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია გვთავაზობს, რომ დონბასის ტერიტორია, ანუ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები, საიდანაც უკრაინა ნებაყოფლობით გავა, რუსეთის კონტროლს დაექვემდებაროს, მაგრამ ამავდროულად დემილიტარიზებულ ზონად იქცეს.
Axios-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ ოფიციალურად აღიარებს ყირიმს და დონბასს რუსეთის ტერიტორიებად, თუმცა უკრაინას ამის გაკეთებას არ აიძულებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებების უფლება მისცა და "[უმეროვის] ბევრი წინადადება 28-პუნქტიან გეგმაში იქნა გათვალისწინებული“.
AFP-ის ცნობით, უიტკოფი ზელენსკის თურქეთში ოთხშაბათს, 19 ნოემბერს უნდა შეხვედროდა, თუმცა, როგორც Axios-ს წყაროებმა განუცხადეს, მან ვიზიტი გადადო. თუმცა, უკრაინულმა წყარომ Axios-ს დაუდასტურა, რომ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა შემოთავაზებული გეგმა უკვე განიხილა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან.
ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა, Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი გეგმის მიმართ:
"სინამდვილეში, ეს გაცილებით ფართო შეთანხმებაა, რომელიც არსებითად ამბობს, თუ როგორ შეგვიძლია საბოლოოდ მივაღწიოთ გრძელვადიან უსაფრთხოებას ევროპაში და არა მხოლოდ უკრაინაში“, - თქვა დმიტრიევმა.
"როიტერის“ ცნობით, ამერიკული ახალი სამშვიდობო გეგმა რუსეთის მოთხოვნებს ეფუძნება.
"ეს უკრაინის კაპიტულაციის ტოლფასია; ინფორმირებული ადამიანები მეუბნებიან, რომ ეს, უბრალოდ, კრემლის მაქსიმალისტური მოთხოვნებია“, - დაწერა კიევში FT-ის კორესპონდენტმა, კრისტოფერ მილერმა.
ოთხშაბათს საღამოს "როიტერმა“ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინული არმიის შემცირებასაც მოიცავს. გეგმა ასევე მოიცავს უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღის ფლობის აკრძალვას.
ამასობაში, Politico-სა და Wall Street Journal-ის ცნობით, უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დელეგაცია ჩავიდა არმიის მდივნის (სამოქალაქო პირის) დენ დრისკოლის ხელმძღვანელობით . დელეგაციაში ასევე შედიოდნენ აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი რენდი ჯორჯი და ევროპაში აშშ-ის ძალების მეთაური, გენერალი კრის დონაჰოუ.ისინი უკრაინის ოფიციალურ პირებთან და პოლიტიკოსებთან, სამხედრო მოსამსახურეებთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.
ამერიკული დელეგაცია აპირებს განიხილოს არა მხოლოდ შესაძლო სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებები, არამედ ერთობლივი დრონების წარმოების გეგმებიც. ამერიკელები ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ხუთშაბათს, 20 ნოემბერს გეგმავენ.