ზუგდიდში, 21 წლის თამარ ბულიაზე ძალადობის ბრალდებით, მისი ქმარი, დათა პაპავა და მამამთილი, კობა პაპავა დააკავეს. როგორც ტელეკომპანია "TV პირველს" ახალგაზრდა ქალმა განუცხადა, მას ფიზიკურად მეუღლე და მეუღლის მამა, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გაუსწორდნენ. ქალს სხეულზე დაზიანებების კვალი აღენიშნება.
თამარ ბულია ირწმუნება, რომ ქმრის ოჯახმა ის თბილისიდან ზუგდიდში მოტყუებით ჩაიყვანა და შვილის წართმევით ემუქრებოდნენ.
"ჩემზე ძალადობა 17 ნოემბერს, საღამოს მოხდა. ჩემზე მეუღლემ, დათა პაპავამ და მამამთილმა, კობა პაპავამ იძალადეს. ძალადობა ჩემი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. ადგილზე იყო ჩემი დედამთილი, ეკატერინე თოდუა, რომელიც ატეხა კივილი, რომ ჩემთვის შვილი წაერთმიათ. დაზიანებები აღმენიშნება, სილურჯეები მაქვს და ტკივილი აღმენიშნება ზურგის არეში", - აცხადებს თამარ ბულია ("TV პირველი").
სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის გამომძიებელი, თედო თოდუა, ძალადობაში მხილებულ ოჯახთან დაახლოებული პირია, რის გამოც მისი აცილების მოთხოვნას აყენებს.
ძალადობას კატეგორიულად უარყოფს თამარ ბულიას დედამთილი, ეკატერინე თოდუა. იგი ამტკიცებს, რომ დაზიანებები ახალგაზრდა ქალმა მაშინ მიიღო, როცა ის ავტომობილიდან გადახტომას ცდილობდა.
ქალი ირწმუნება, რომ მოძალადე თავად მისი რძალია, რომელმაც ინციდენტის დროს ფიზიკურად მასაც და ქმარსაც გაუსწორდა.
"1 კვირის წინ, თამარ ბულიამ ბავშვი გაიტაცა, მამამაც კი არ იცოდა, სად წაიყვანა მცირეწლოვანი. არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაზიანებები მაშინ მიიღო, როცა ავტომობილიდან გადახტომას ცდილობდა. "ბავშვიანად რომ არ გადამხტარიყო, ხელზე მოვქაჩეო"- ამბობს ჩემი შვილი. ჩემს შვილსაც აღენიშნება მისგან მიყენებული დაზიანებები. ემუქრებოდა. ბავშვმა ორჯერ დაარტყა თავი, ბავშვს დავიცავ-თქო, მივედი ავტომობილის ფანჯარასთან, ბავშვისთვის თავის დაჭერა მინდოდა, რა დროსაც ცხვირ-პირში მლეწა. ცალკე ცხოვრება უნდა ამ გოგოს და ეს არის მისი მიზანი. ამ მიზანს რომ ვერ მიაღწია, შეთხზა ეს ტყუილი", - ამბობს დედამთილი.