"ქართული ოცნება“ აპირებს, რომ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს. თუ აქამდე უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეეძლოთ, ახლა ეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებსაც შეეხება. "საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის იმის ნიშანი, რომ ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი. იცით, რა ნიაღვარია დეზინფორმაციის და პროპაგანდის, და თუ საკუთარი თვალით ვერ ხედავ, რა ხდება ქვეყანაში, შეიძლება ბევრად უფრო მარტივად მოექცე ამ პროპაგანდის ქვეშ“, - ასე უპასუხა მედიის შეკითხვას ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ უბნების გახსნას ათიათასობით საქართველოს მოქალაქე ითხოვდა. იმ მომენტისთვის, ცესკოს ოფიციალური სტატისტიკით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 95 834-ს.
ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის გამო საარჩევნო უბნები დამატებით შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში - ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ბერლინში; ესპანეთის სამეფოში - ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში - რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში - ათენსა და სალონიკიში; საფრანგეთის რესპუბლიკაში - პარიზში.
საერთო ჯამში, 2024 წელს 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ambebi.ge რამდენიმე ქართველ ემიგრანტს დაუკავშირდა.
თეა ხელაია, ემიგრანტი ნიუ-ჯერსის შტატიდან:
- ბრაზი მახრჩობს, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ... 28 წელია აშშ-ში ვცხოვრობ და არცერთი არჩევნები არ გამომიტოვებია.
კობახიძის გამონათქვამი შეურაცხყოფად მივიღე, ჩამოდით და გაერკვიეთ ვითარებაშიო. ჩვენზე კარგად ვინ ერკვევა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? 18 წელია აშშ-ს მოქალაქე ვარ და არანაირი პრობლემა არ მაქვს - არც ფინანსური, საბუთებიც წესრიგში მაქვს, მაგრამ არჩევნების პერიოდში ჩემმა სამსახურმა შეიძლება ვერაფრით გამიშვას და მანდ ჩამოსვლა სამსახურის დაკარგვის ფასად დამიჯდეს. ჩვენ ისეთ აწყობილ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, შენს გემოზე ვერ იქნები, ხალხი დილიდან დაღამებამდე შრომობს და ყველას ავიწყდება ერთი რამ: ემიგრანტების 90%-ს საქართველოში ოჯახები აქვთ სარჩენი, ჩვენ ძალიან მძიმე რეალობის მქონე ქვეყნიდან მოვდივართ. ამასთანავე, უმრავლესობას არ აქვს საბუთი, არც ფინანსურად ძლიერია და მათ რა ქნან? ქართველები დღემდე იმით ვამაყობდით, რომ არ არსებობს ჩვენი წყვეტა სამშობლოსთან, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, ქართველს წყვეტა არ აქვს სამშობლოსთან, ის ცოცხლობს იმ იმედით, რომ ერთ დღეს აუცილებლად მის ქვეყანაში დაბრუნდება. საბუთებითაც ვარ უზრუნველყოფილი, კარგი სამსახურითაც, ფინანსებითაც, მაგრამ სრულყოფილ ბედნიერებას ვერასდროს მოვიპოვებ, რადგან ჩემი გულის ნაწილი საქართველოშია დარჩენილი.
მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, კონსტიტუციით მაქვს მონიჭებული არჩევნებში მონაწილეობის უფლება. რა უფლებით არღვევ კონსტიტუციას და მართმევ ხმის უფლებას, იმ ერთ ძაფსაც მიწყვიტავ, რომელიც სამშობლოსთან მაკავშირებს? რატომ ცდილობთ უფრო დაგვაშოროთ და მოგვწყვიტოთ სამშობლოს?! ამასწინათ, დუგინის ციტატა წავიკითხე, საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ ხარ, როგორი ქართველი ხარ, მოღალატე ხარ და შენი ხმა არ ითვლებაო. იმავეს გვეუბნება "ოცნება“ და გარდა იმისა, რომ ხმის უფლებას გვართმევს, მალე მოღალატეებს დაგვიძახებს. მათ თუ ჰგონიათ, ჩვენი გაგზავნილი ფული მარტო ჩვენს ოჯახებს ხმარდება, ძალიან ცდებიან და ამის ახსნა ვისაც სჭირდება, იმას არც ვესაუბრები. ასევე, მივმართავ ემიგრანტების ოჯახის წევრებსაც - ბევრი მათგანისგან გამიგონია, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არისო. შენ თუ დედა, ან სხვა ოჯახის წევრი 6 თვე მაინც არ გინახავს და ამას იტყვი, შენ ხარ ბეცი მოქალაქე.
ესენი გვსჯიან იმის გამო, ხმებს რომ ვერ აყალბებენ და სათავისო ხმები ვერ მიაქვთ დიასპორიდან. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს აყალბებენ, არ უნდა მივცეთ ამის უფლება, მაშინ ჩვენც მოღალატეები გამოვდივართ.
რად უნდა საქართველოში ჩასვლა იმის გასაგებად, რა ხდება ქვეყანაში? შარშან თუ პირობითად 100 დოლარს აგზავნიდა ხალხი, წელს 300-ს, გაუსამმაგდათ, ისე გაძვირდა ყველაფერი. საქართველოში უნდა ჩავიდე საიმისოდ, ეს რომ დავინახო? აქ ემიგრანტები 24/7-ზე ვშრომობთ და აქედან 90% ოჯახის ერთ წევრს მაინც არჩენს, თუ 5-ს და 7-ს არა. და თქვენ მეუბნებით, საქართველოშია საჭირო ჩამოსვლა იმისთვის, რომ გავიგოთ ეკონომიკა რა მდგომარეობაშია? ამით ისევ თავიანთ ამომრჩეველს აბოლებენ, წაკითხულიდან შინაარსი რომ ვერ გამოაქვთ, იმათ. ან რატომ ჰგონიათ, რომ არ დავდივართ საქართველოში? მე პირადად, წელსაც არ ვაგდებ. არჩევნებზეც თუ ჰგონიათ, არ ჩამოვალთ, ცდებიან, ძალიან ბევრი ჩამოვა, მაგრამ საბუთები ვისაც არ აქვს წესრიგში, ისინი ამას ვერ მოახერხებენ.
ჩემი აზრით (ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ), ყველა თავმოყვარე ემიგრანტმა მყისიერად უნდა შეწყვიტოს გადარიცხვა, მაგრამ რადგანაც, აქაც გვყავს "ქოცი" ემიგრანტები (რაც საოცრებაა, როგორ შეიძლება გადახვეწილი იყო, 24/7-ზე მუშაობდე და მოგწონდეს ის მთავრობა, რომლის გამოც არ ჩაგესვლება სამშობლოში) და "პოლიტიკა არ მაინტერესებს“ ხალხი, ეს ალბათ შეუძლებელი იქნება. მთავარი რაც არის, მთელს მსოფლიოში გვჭირდება აქციების გააქტიურება, გამოსვლები, ეს სამშობლოს გადარჩენის საქმეა. ჩვენ თუ ახლა ვუღალატეთ იმ ხალხს, ვინც თბილისში, ქუჩაში დგას, თუ აქაც არ ვაპროტესტეთ, რანი გამოვდივართ? ასევე, ვფიქრობ, აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა შედგეს დიდი შეხვედრა საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლებთანაც, "ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ არ დავთმობთ და ხმას ვერ წაგვართმევენ. სხვათა შორის, ემიგრანტებს ერთიანობა გვახასიათებს, თითქოს არ გვყოფს კონტინენტები და ყველა ქვეყანაში ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ. ქართველებს იმდენად გვიყვარს საქართველო, დამიჯერეთ, არჩამოსვლის ერთადერთი პრობლემა უსაბუთობა იქნება. თან გგონიათ, იაფი ჯდება?
ამათ არ ეგონოთ, იოლად მოუგებენ ემიგრანტებს, ცდებიან... როგორც ამბობენ, მილიონი ვართ გასული და აქედან 700-800 ათასს საბუთები არ ექნება, ალბათ 300 ათასია, ან მეტი, უპრობლემოდ რომ დადის. მე ყველაზე მეტად მანდ სიჩუმეზე მწყდება გული, ისეთებზე, რომ ფიქრობენ, "მე არ მეხება“, თორემ ემიგრანტები ძალიან ვხმაურობთ. არის ერთი დეტალიც - აქაური "ქოცები" ახლა ამ შეზღუდვას ჩვენ გვაბრალებენ, ვინც აქციის მონაწილეებს ვეხმარებოდით. გვამუნათებენ, ახლა ნახავთ, მალე თანხის გადარიცხვაზეც კი გადასახადი გაგიორმაგდებათო. პროპაგანდისტები, ვისაც მსმენელი და მკითხველი ჰყავს, ბოდიშის მესიჯებს ავრცელებენ: ჩვენი მთავრობა იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო, თქვენც მოჰყევით ამაში და მოითმინეთ, გაუგეთ, მათ ახლა სჭირდება თქვენი თანადგომა, აი, ამ ცუდებმა რა გააკეთეს (ჩვენზე), ხაჭაპურებისთვის და ლობიანებისთვის დემონსტრანტებს ფულს უგროვებდნენ და მათ გამო ხართ ამ დღეში, ამათ დაგღუპესო. აქაც მუშაობენ პროპაგანდისტები, მარტო მანდ კი არა“.
ლია მათურელი, საბერძნეთიდან:
- გაოგნებული ვარ ხელისუფლების ამ ინიციატივით, აქამდე ვფიქრობდი, რომ "ქართულ ოცნებას", მომწონს თუ არა, ალტერნატივა ქვეყანაში არ ჰყავს-მეთქი და ისევ მაგათ ვაძლევდი ხმას, აქაურ ემიგრანტებსაც, ვინც ათენში ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს აწყობდნენ, ვუპირისპირდებოდი, რა გამოდის, ახლა ისინი მე და ჩემნაირ ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილ ადამიანებს გვიპირისპირდებიან და ხმის უფლებას გვართმევენ, რამდენიმე წლის წინ ძმა გარდამეცვალა და იმის დასატირებლად ვერ ჩავედი, საბუთები არ მქონდა წესრიგში, თუ წავიდოდი, მუშაობის უფლებას დავკარგავდი, ის სიმწარე არასდროს დამავიწყდება. რამდენია დღეს ჩემნაირ და უარეს დღეში, როგორ წარმოუდგენიათ, ამხელა ემიგრაციის ერთი დღისთვის, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო დღისთვის, ჩასვლა? რაღა დაგიმალოთ და ნაწყენი ვარ ძალიან, მეტიც, შეურაცხყოფილი. ანუ ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში ვინახავთ არა მხოლოდ ოჯახებსა და ახლობლებს, არამედ მთელ ქვეყანას, ცარიელი ადგილი ვართ ჩვენი სახელმწიფოსთვის?!
ციცი ჯინჭარაძე ბრუკლინიდან:
- ემიგრანტებს, ვფიქრობ, იმიტომ გვექცევიან ასე, რომ ყოველ არჩევნებში ემიგრაციიდან ნაკლები მხარდაჭერა აქვთ, მაგალითად, ადრე თუ 34% აიღეს, 2024-ში - 13%. ე.წ. პრემიერი რომ ამბობს, ეს ხალხი არაა ინფორმირებულიო, პირიქით, ჩვენ საქართველოში მცხოვრებ ხალხზე უკეთ ვიცით, მანდ რა ხდება. 13 წელი ევროპაში ვიცხოვრე (იტალია, საბერძნეთი), 3 წელია რაც ამერიკაში ვარ და მშვენივრად ვიცი, რა არის კარგი ცხოვრება, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული ხელისუფლება, პოლიცია და როგორია დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. სამწუხაროდ, საქართველო დემოკრატიისგან ძალიან შორსაა. დალხინებულმა ცხოვრებამ არ წამიყვანა ემიგრაციაში - 2009 წელს დავტოვე საქართველო, სამსახური და ოჯახი. მქონდა ოჯახური პრობლემები, ბანკის ვალები. ვფიქრობდი, პრობლემებს 3-4 წელიწადში გადავჭრიდი და მალე დავბრუნდებოდი საქართველოში. პრობლემები კი მოვაგვარე, მაგრამ საქართველოში იმდენად უარესობისკენ შეიცვალა ცხოვრება, წამოსვლის სურვილი კი არა, შიში გამიჩნდა, რომ ჩავალ, ვაი თუ, ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდე-თქო. დავრჩი და დავრჩი. ორ ოჯახს ვინახავ (შვილების) და პენსიონერ ავადმყოფ დედას, რომელმაც 60 წელი იმუშავა საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე, ახლა 86 წლისაა და პენსია წამლებზეც არ ჰყოფნის, მე რომ არა, ახლა დედა აღარ მეყოლებოდა. ჩამოდით და წადითო, რომ ამბობენ, 2024 წლის არჩევნებზე ჩამოსული ვიყავი, ასე დავამთხვიე, გულწრფელად მინდოდა ხელისუფლების შეცვლა (თუმცა ადრე "ოცნებას“ ვქომაგობდი), მაგრამ არჩევნები გაყალბდა, ჩემი თვალით ვნახე, უბნებზე რაც ხდებოდა.
ემიგრანტების ჩამოსვლა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მილიონნახევარი ქართველი რომ ემიგრაციიდან დაიძრას, ეს წარმოუდგენელიცაა. ეს ციფრი რომც გავანახევროთ (სტატისტიკას იქეთ ვასწავლიდი სტუდენტებს), დავუშვათ ნახევარს არ აქვს საბუთები, 800 ათასი კაციც წარმოუდგენელია. 2 კვირის მანძილზეც რომ მოხდეს ამდენის გატარება, 40-45 აეროპორტი დაგვჭირდება...
3 თვეა რაც ტრამპის განკარგულებით ამერიკა-მექსიკის საზღვარი ჩაიკეტა. სამი წელია აქ ვარ და ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, მექსიკის საზღვრიდან შემოსულთა უმრავლესობა ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენელია - სოფლების გამგებლები, მათი მოადგილეები, ძალოვნები - პოლიციელები, პოლკოვნიკები და ვიცეპოლკოვნიკები... ტაქსის მძღოლი ვარ, მინახავს და პირადად გამიცნია (აეროპორტის ტაქსების პარკინგზე, სადაც ბევრი ქართველი იყრის თავს) ქართველი პოლიციელები, რომლებმაც იმიტომ დატოვეს ქვეყანა, რომ გაუჭირდათ. ისევ თავისი ხალხი გამოექცათ, მისი ამომრჩეველი, რომლებმაც უბრალოდ თავშესაფარი კი არა, პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვეს. ისინი გამოექცნენ იქაურ ყოფას, ბანკის ვალებს ვერ იხდიან და შვილები ნახევრად მშივრები ჰყავთ. ამერიკაში ახალი ვინც ჩამოვიდა, დაახლოებით 70% ამათი მომხრე და თანამშრომელია. ძალიან გაბრაზებულები ვართ და მათი მომხრეებიც უკვე ბრაზობენ.
პაპუაშვილებმა და კობახიძეებმა დაიმახსოვრონ, რომ ემიგრანტისთვის სამშობლო მარტო გეოგრაფიული ადგილი არაა, პასპორტი მარტო საზღვრის საკვეთად და სამშობლოში შესასვლელად არ გვჭირდება. სამშობლო ჩვენთვის ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გაგვაჩნია. ჩვენ ღირსეულად ვაპირებთ სამშობლოში დაბრუნებას და ამას არ შევეგუებით. რა თქმა უნდა, დაიწერება პეტიციები, სხვა ქვეყნებში მყოფ ემიგრანტებთან ერთად მოვაწყობთ საპროტესტო აქციებს, შექმნილია კომისიები, იურისტებიც ჩაერთვებიან საქმეში და საკონსტიტუციოს მივმართავთ ერთობლივი სარჩელით. ეს ასე არ ჩაივლის... მალე ალბათ მოღალატეებად გამოგვაცხადებენ, მოქალაქეობასაც ჩამოგვართმევენ და საზღვარზეც აღარ შემოგვიშვებენ.
რეზი ჭეშმარიტაშვილი, 30 წლის ბლოგერი, ფილადელფია (პენსილვანიის შტატი):

- სამი წელი გახდა, რაც ემიგრაციაში ვარ. მქონდა არჩევანი - ან თვალი უნდა დამეხუჭა მორალზე, უსამართლობაზე, ან სხვა ქვეყანაში წავსულიყავი. აქ გვაქვს ერთადერთი პლატფორმა ემიგრანტებისთის - "დარიო რადიო“, სადაც მეც ვარ ერთ-ერთი წამყვანი. ჩვენს პოდკასტს ჰქვია "ჩემი რადიო ამერიკაში“, სადაც ვსაუბრობთ როგორც ემიგრანტების პრობლემებზე, ასევე საქართველოს პრობლემებზე, ემიგრანტები ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ. როცა "ოცნებამ“ რუსული კანონი შემოაბრუნა, ამან ემიგრაციის გააქტიურება გამოიწვია, ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორი მეც ვიყავი ფილადელფიაში - მანქანებით მსვლელობა მოვაწყეთ. კონკრეტული სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ გავრცელებულია ასეთი აზრი, რომ ფილადელფიაში დაახლოებით 25 000 ქართველი უნდა იყოს. ის, რომ ქალაქში 8 ქართული რესტორანია, ნიშნავს, რომ ბევრნი ვართ. ახლა არასრულფასოვან მოქალაქეებად კი გამოგვაცხადეს, მაგრამ 2024-ის არჩევნების დროსაც ასე ჩაგვთვალეს - ვინც დავრეგისტრირდით, ნიუ-იორკში კი მოგვეცა მონაწილეობის საშუალება (იმხელა რაოდენობის ხალხი იყო, მანჰეტენის პოლიცია შოკში იყო, ასეთი რამ არც ერთი ქვეყნის საელჩოში და არჩევნებზე არ მომხდარაო), მაგრამ ძალიან ბევრმა ვერ მიიღო მონაწილეობა, ჩვენი დროის განსხვავებიდან გამომდინარე, საქართველოში შედეგები უკვე გამოცხადებული იყო და დიდხანს რიგში დგომას უკვე აზრიც აღარ ჰქონდა, "ოცნებამ“ დაიწერა ის შედეგი, რაც მათ აწყობდათ. 2024-ის არჩევნებზე ჩვენ ვცადეთ და მივმართეთ ყველა უწყებას - ცესკოს, საგარეოს, საკონსულოს, მოვითხოვეთ გაეხსნათ ჩვენთვის უბნები, მაგრამ ყველაფერზე უარს გვეუბნებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, არ გვინდა ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთო. სინამდვილეში, ჩვენ ადრეც აკრძალულები ვიყავით, მაგრამ ამას ახლა უკვე გააფორმებენ. ჩვენი მიზანია "ოცნების“ ხელისუფლება შეიცვალოს. ჩვენ თუ პოლიტიკაზე რაღაცა დონის გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ მოგვეცა, ეს ნიშნავს, რომ არ ვართ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები. ხმის უფლება თუ ჩამოგვართვეს, ამით არაფერი შეიცვლება, რადგან თუ გააუქმეს პარტიები, რომლებიც მაგ. ნიუ-იორკში 90% აიღებენ, რა აზრია ქვს არჩევნებში ჩვენს მონაწილეობას? ჩვენს ქვეყანასთან კავშირი რომ არ გაგვეწყვიტა, ამისთვის მცდელობა არ დაგვიკლია, ახლა პირდაპირ ცდილობენ ნაჯახით გადაჭრან ეს კავშირი, მაგრამ ვერ შეძლებენ. რაც ამერიკაში ვარ, გაცილებით აქტიური და ჩაბმული ვარ ქართულ პოლიტიკაში (ასევე ამერიკულშიც), ვიდრე მანდ ვიყავი და ასეა ბევრია ადამიანი. სამშობლოსგან შორს ყოფნა და მონატრება მეტ პასუხისმგებლობას განიჭებს და ცდილობ დაიკმაყოფილო ის გრძნობა, რომ შენ წასული ხარ, მაგრამ ფესვებს მაინც არ მოწყდი, პროცესში ჩართული ხარ და ერთ აგურს დებ შენი ქვეყნის მომავლისთვის. როცა შენი თვალით უყურებ, როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიული და ცივილიზაციის ლიდერი ქვეყნები, შიგნით იხარშები, შენი გამოცდილება უნიკალურია და ჩემი წარმოდგენით, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი ჩვენი გამოცდილება იქნება.
პრემიერის გამონათქვამები სრული პროპაგანდაა. ჩვენი მიზანი არ შეიცვლება, " ქართული ოცნება“ შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან, დასავლურ კურსთან და ის გასაშვებია ხელისუფლებიდან.
მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი პროპაგანდისტის გამონათქვამს - ემიგრანტებმა არ იცით, თქვენს სამშობლოში რა ხდება, ჩამოდით, ბირჟაზე გაიარეთ, დომინო ითამაშეთო. მანდ რა ხდება, ჩვენზე უკეთ არავინ იცის. აქ უფრო მძაფრად ჩანს ყველაფერი - დღეში ათი სმს რომ მოგდის მეგობრებისგან, თუ შეგიძლია 50 დოლარით დამეხმარო, გთხოვ, ეს წამალი გამომიგზავნო, მანდ უფრო იაფიაო და სხვა. ეს რაზე მიანიშნებს? უკვე იმდენი ვართ ემიგრაციაში, ჩვენს გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. ჩვენ თუ ჩაგვხსნეს, უგუნურება იქნება.
საცხოვრებლების მიხედვით პეტიციები გავაკეთეთ (სანქციების მოთხოვნა, ახლა უფრო "მეგობარ აქტზე“ ვაკეთებთ აქცენტს), ვწერთ კონგრესმენებს, სენატორებს... ამან ჩვენ კიდევ მეტად დაგვიმატა მოტივაცია, საქართველოში პროტესტს დავეხმაროთ - ფულის ჩარიცხვა იქნება, თუ სხვა. იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაშიც საქართველოა, ლეგიტიმური ხელისუფლება გვჭირდება, რომელიც ეფექტიანად ახორციელებს კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ გვაქვს და რაზეა ლაპარაკი? ამათ ისიც კი ვერ აიტანეს, რომ 34 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. შეურაცხყოფის მოყენება უნდოდათ ჩვენთვის და ამაზე პასუხს აუცილებლად მიიღებენ. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება სამართლიანი არჩევნები და ემიგრანტებიც მოვიპოვებთ იმის სშუალებას, რომ ჩვენი აზრი სრულად იყოს წარმოდგენილი. ჩვენს ხმას აუცილებლად მოვიპოვებთ.