ავტორი:

"სულ მეშინია, რომ ერთხელაც მიღალატებს ინტუიცია, თუმცა რაღაცნაირად მიმართლებს..." -  რას გვიყვება "საბავშვო ევროვიზიის" 4 გამარჯვებული ქართული სიმღერის ავტორი?

"სულ მეშინია, რომ ერთხელაც მიღალატებს ინტუიცია, თუმცა რაღაცნაირად მიმართლებს..." -  რას გვიყვება "საბავშვო ევროვიზიის" 4 გამარჯვებული ქართული სიმღერის ავტორი?

სულ შრომაშია, სულ რაღაცას აკეთებს, თავისუფალი დრო ნაკლებად აქვს... ბოლო წლებია, საბავშვო "ევროვიზიის“ მიმართულებით სერიოზული წარმატებებს აღწევს. მისმა შექმნილმა ოთხმა ნამუშევარმა პირველი ადგილი მოიპოვა... ახლაც "ევროვიზიისთვის“ ემზადება. კონკურსანტს - 10 წლის ანიტა აბგარიანს საკონკურსო სიმღერა დაუწერა, რომელმაც უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა...

რაში მდგომარეობს გიგა კუხიანიძის წარმატების საიდუმლო, როგორ წერს სიმღერას და რა გზა გაიარა ბავშვობიდან ამ წარმატებამდე - ამაზე Ambebi.ge - ს უამბო:

- ხანგრძლივი და გადატვირთული მუშაობის შემდეგ ზოგჯერ ისე ვიღლები, რომ მერე აღარაფერი მინდა და მგონია, ვერაფერს გავაკეთებ. ამიტომ მაქვს რაღაც შესვენების პერიოდები, მაგრამ მერე ისევ მოდის ახალი ტალღა, ახალი ენერგია, სურვილები და აღდგენილი ენერგიით ისევ ვიწყებ საქმეს. მივხვდი, რომ საქმის გარეშე არ შემიძლია, უინტერესოა ცხოვრება...

არ არის მარტივი, საერთაშორისო წარმატებები ჩვენი ქვეყნიდან აკეთო. ამისთვის მართლა ბევრი უნდა იმუშაო. მერე რა, თუ რაღაც უნარები, ნიჭი გაქვს, მთავარი მაინც მეტი შრომა და ფიქრია.

- როგორია შენი წარმატების ფორმულა?

- მართლა არ ვიცი, რას ნიშნავს წარმატების ფორმულა. ალბათ ჩემში არის ის უნარები, რაც ღმერთმა მიბოძა და ვფიქრობ, მკარნახობს, რა როდის უნდა გავაკეთო. საერთოდ ტენდენციებს მივყვები და რაღაცებს წინდაწინ ვხედავ, წინდახედული ვარ და რა ამინდიც არის, იმის მიხედვით ვმოქმედებ.

- უნარებს + სურვილი + შრომა + გემოვნება = წარმატებას - ე.ი. შენი წარმატების ფორმულა ასე გამოიყურება?

- ჰო, ალბათ ეგ არის და კიდევ ბედ-იღბლიანიც უნდა იყო...

- სიმღერის შექმნისას რაზე ფიქრობ?

- გასათვალისწინებელია თვითონ არტისტი, ვისთვისაც ვქმნი, მას უნდა მოვერგო. სრულად უნდა იყოს გამოყენებული მისი შესაძლებლობები, არტისტი მაყურებელს მაქსიმალურად უნდა აჩვენო, რომ დაფასდეს და შეძლოს საკუთარი თავის გამოვლენა. შესაბამისად, ამას მიდგომა სჭირდება, რაც ალბათ კარგად გამომდის და ასეთი მიდგომის დროს იწერება მუსიკა... რომელიმე ჟანრს ვირჩევ და და ის მკარნახობს, რა უნდა გავაკეთო. ნამუშევარი არტისტისთვის იქმნება და იქ ჩემი სურვილები ნაკლებად არის. თუ "ევროვიზიაზე“ ვსაუბრობთ, რაღაცები წინასწარ უნდა გათვალო, - თუმცა დიდად არ იცი, იმ 18 ქვეყნიდან რა სიმღერები დაიწერება. ეს რომ იცოდე, რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებ. მერე ყველას დასრულებული სიმღერა ერთ დღეს გამოიფინება და არც ის იცი, რასთან გაქვს საქმე...

ჯგუფ "ბზიკებთან" ერთად, რომელმაც საქართველო გიგას სიმღერით წარმადგინა 2008 წლის "საბავშვო ევროვიზიაზე" და გაიმარჯვა

ისე ხდება, რომ რაღაცნაირად სულ მიმართლებს, ჩემი გაკეთებული რაღაც განსხვავებული გამოდის.

- ეს ალბათ ინტუიციისა და ალღოს შედეგია...

- კი, მაგრამ სულ მეშინია, რომ ახლა მიღალატებს ინტუიცია - სულ ხომ არ გამიმართლებს?!. თუმცა, როგორც ვთქვი, რაღაცნაირად მიმართლებს... ალბათ რაც დრო გადის და შემოქმედებითად მეტს და მეტს გამოცდი, მეტი ფიქრი და დაკვირვება მოგიცავს ხოლმე... როცა 20-22 წლის ვიყავი, არაფერს ვაკვირდებოდი, ყველაფერს მარტივად ვაკეთებდი, მაგრამ მაშინაც კარგად გამომდიოდა.

ახლა რადგან ის ასაკი აღარ მაქვს, ვიწყებ ფიქრს, რაღაცებს ადვილად არ ვრისკავ, თუმცა რისკიანი მაინც ვარ და ბევრი ფიქრის შემდეგ "შეტევაზე“ გადავდივარ.

- 4 გამარჯვება, სულ 15 საბავშვო "ევროვიზია“ გაქვს გაკეთებული... ბოლო ნამუშევარსაც დიდი მოწონება აქვს…

წლევანდელ კონკურსანტ ანიტა აბგარიანთან ერთად

- დიდი გამოხმაურება აქვს უცხოურ ჯგუფებში თუ ქართულში, ყველა იმას აღნიშნავს, ამ დონის სიმღერას 10 წლის გოგონა რომ მღერის. ახლა რომ ვუკვირდები, ვფიქრობ - რატომ გავრისკე ასე, ამ ბავშვს რას ვერჩოდი-მეთქი?! მაგრამ როცა გავიცანი, მივხვდი, რომ შინაგანად პატარა უკვე არ იყო. დიდი ადამიანის აზროვნება აქვს. შესაძლებლობაც ასეთივე აქვს და სწორედ ამან მიმიყვანა იქამდე, რომ ასეთი რთული სიმღერა გამეკეთებინა. ძალიან მაგარი გოგოა ანიტა და ზუსტად ვიცი, დიდი მომავალი აქვს. უნიჭიერესია, მებრძოლი, ყველაფერს რომ გაგიკეთებს, შრომა რომ არ ეზარება და მიზანდასახულია. მასთან მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მიყვარს და მის დიდ წარმატებას ველოდები.

- ზოგადი მოლოდინი როგორია?

- ყველაფერს თუ გადავხედავთ, ასევე რეზონანსს, კარგის მოლოდინი მაქვს, თუმცა "ევროვიზიაზე“ რა მოხდება, ეს მაინც არავინ იცის. ამჯერად მასპინძელი ქვეყანა ვართ. 13 დეკემბერს აქ ტარდება კონკურსი, დიდი სამზადისია, უამრავი რამ კეთდება. მუსიკალური პროდაქშენი მე მაქვს ჩაბარებული. ამ ყველაფერს მთლიანად ვხელმძღვანელობ. რამდენიმე სიმღერის დაწერა მომიწია. ყველა ქვეყნის მონაწილე ერთად რომ მღერის, ის სიმღერაც დავწერე, ასევე გახსნის მუსიკა, ინტერვალ-აქტები და ა.შ. ბევრი რამ...

- ცოტა უკან დავბრუნდეთ და ბავშვობა გავიხსენოთ - როდის და როგორ მოვიდა შენთან მუსიკა?

- გენეტიკურად მომდგამს - დედაჩემი პროფესიით მუსიკოსია, ბაბუაც. ქუთაისში, სადაც დავიბადე, სამეზობლოში ყველამ იცის, წლინახევრის რომ ვიყავი, ინსტრუმენტზე რომ დავუკარი.

მერე დედა ზრუნავდა იმაზე, რომ პროფესიონალურად - დავუფლებოდი მუსიკის საფუძვლებს და კარგი კლასიკური განათლება მივიღე. ყოველთვის საუკეთესო პედაგოგები მყავდა და მუსიკალურად ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა. ასევე ვუკრავდი ჯაზბენდშიც - მუსიკის სფეროში სულ დაკავებული ვიყავი, თუ კლასიკური განათლების მხრივ, თუ საესტრადო მიმართულებით. 15 წლისამ პირველი დაკვეთაც კი შევასრულე - თეატრის სპექტაკლი გავაფორმე.

დედაჩემი ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე ძალიან ზრუნავდა - სულ კარგ მუსიკას მასმენინებდა. მერე დავამთავრე მუსიკათმცოდნეობა... ქუთაისში ძალიან საინტერესო იყო ჩემი თაობა - მხატვრები, მუსიკოსები და მათგან ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი - სად და ზოგი - სად. დავიშალეთ. 16 წლის ვიყავი თბილისში რომ წამოვედი. 90-იანების ის პერიოდი იყო, როცა ქვეყანაში შუქი არ იყო. თბილისში ადგილ-ადგილ შუქი მაინც არსებობდა, ამიტომ სახლი კრწანისში ავიღე, სადაც ვმუშაობდი. დაკვეთებს ვიღებდი და იქიდან დაიწყო ყველაფერი, - რთულად, ბევრი წვალებით, შრომით, მაგრამ ყოველთვის მქონდა იმედი, ვიცოდი, რომ მივაღწევდი იმას, რაც ყოველთვის მინდოდა.

- რა იყო თბილისში შექმნილი პირველი ნამუშევარი?

- ჩემი პირველი დამკვეთი თბილისში მაკა დავითაია იყო, რომელიც, უკვე წლებია, ჩემი უახლოესი მეგობარია. მაშინ საბავშვო სტუდიაში მუშაობდა და სპექტაკლის გაფორმება სჭირდებოდათ. დავმეგობრდით და მას მერე განუყრელი მეგობრები ვართ. დიდი ხანია "გიგა პროდაქშენში“ მუშაობს.

- დიდი ქალაქი პრეტენზიულია ხოლმე... როგორ მიგიღო თბილისმა. ნიჭიერი ადამიანში გარკვეულმა ნაწილმა კონკურენტი ხომ არ დაინახა?

- რაღაცები ყოველთვის იყო, ინტრიგები, მაგრამ ის რაღაცები არასდროს მაინტერესებდა. ვიცოდი, რომ მქონდა მიზანი და გეზი. ცუდი არავისთვის გამიკეთებია. თუ ვინმე რაიმეს ჩემს საწინააღმდეგოს აკეთებდა, გული კი მტკიოდა, მაგრამ მაინც ვიცოდი, მე გავიმარჯვებდი და ჩემს სწორ გზაზე ვივლიდი.

- მასობრივად მაინც შოუბიზნესიდან, საესტრადო მუსიკით გაგიცნეს. თბილისში ვინ იყო პირველი მომღერალი, ვისთვისაც სიმღერა შექმენი?

- ნინო სურგულაძე. როცა ჩავწერე, მისმა ხმამ გამაგიჟა. 17 წლის ვიყავი, პირველი სიმღერა რომ დავუწერე. სასწაული მომღერალია. დღეს ნინო სურგულაძე ჩემი შვილის ნათლიაა და კარგი მეგობრები ვართ. ალბათ დღეს ბიონსე რომ გავიცნო, ისე არ გამიკვირდება, როგორც მაშინ ნინოს გაცნობა გამიკვირდა.

- სიმღერას რომ წერ, განმარტოება გჭირდება?

- ჩემთან არის კიდევ რამდენიმე ჩამწერი სტუდია, თანამშრომლები ერთად ვმუშაობთ, მაგრამ როდესაც "ევროვიზიას "ვაკეთებ,“ მაშინ ძალიან განცდებში ვარ. ყველამ იცის, რომ სიმშვიდე მჭირდება და ზედმეტი ხალხი იქ არ უნდა იყოს. ამიტომ სტუდია იკეტება - მთავარია, სიმღერა დავწერო. ვინაიდან მაგ დროს ძალიან ემოციური ვარ, იციან, რომ არ უნდა დამირეკონ, არ დამელაპარაკონ. ვიდრე არ დავწერ და სიმღერაზე მუშაობას არ დავასრულებ, არავინ მელაპარაკება. ყოველ ჯერზე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს, თან ვადებიც შემჭიდროებულია ხოლმე. სტუდიაში ბევრჯერ ღამე გამითენებია. სახლიდან ჩემი ნივთები წამიღია და სტუდიაში მიცხოვრია. ანდრია ფუტკარაძის (2024 წლის საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული - ავტ.) სიმღერაზე რომ მუშაობდი, ღამე იქ ვრჩებოდი. ანდრია მოდიოდა, ძალიან განიცდიდა, სოლიდარობას მიცხადებდა, მეცოდები მარტო რომ რჩები აქ და მეც ხომ არ დავრჩე შენთან ერთადო?!

ანდრია ფუტკარაძესთან ერთად

არადა, მე კომფორტში იმ თვალსაზრისით ვიყავი, რომ ღამე კაციშვილი არ მირეკავდა, არაფერს მეკითხებოდა და მხოლოდ ვმუშაობდი.

- ვინ არის შენთვის მუსიკაში მნიშვნელოვანი ადამიანი. ვის სიტყვას აქვს დიდი წონა?

- დედაჩემის სიტყვაა მთავარი. ყოველთვის მეშინია, რომ მოუსმენს, ისეთ ნიუანს დამიწუნებს, მეც რომ ვიცი, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში უკეთესი არ გამომივიდა. ამას შეიძლება ვერავინ მიხვდეს, მაგრამ დედაჩემს არ გამოეპარება და მაინც მეტყვის. სულ ვეჩხუბები, - ხომ შეიძლება არ თქვა?.. ყველაზე კრიტიკულია.

მეუღლესთან და შვილთან ერთად

ასევე ოჯახში ნინოს (მომღერალი ნინო ძოწენიძე - ავტ.) ჩემი მეუღლის აზრი მაინტერესებს, შვილის, ძმის. ოჯახის წევრები არიან და თანამოაზრეები და ამიტომ მათი აზრი მნიშვნელოვანია. დანარჩენი - ხალხის რეაქცია უფრო მაინტერესებს იმაზე, რასაც ვაკეთებ.

- შვილი მღერის?

- მუსიკოსი არ არის, თუმცა მუსიკაში კარგი მონაცემები აქვს. გვინდოდა, მუსიკალური სფეროსთვის აგვერიდებინა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი აქვს, რომ მუსიკა უნდა და სხვა არაფერი. გვეუბნება, რომ სიმღერის გარეშე არ შეუძლია. არაფერს ვუშლი, ოღონდ, ჯერ უნივერსიტეტი დაამთავროს, ჯიპაში ეკონომიურზე სწავლობს.

- გიგა, ზოგადად რა გაბრაზებს?

- საშინლად მაბრაზებს ტყუილი, უპასუხისმგებლო ადამიანები. ეს ძირითადად საქმიან ურთიერთობაშია შესამჩნევი. ძალიან მაღიზიანებს, ზერელე დამოკიდებულება რომ აქვთ, საქმის მიმართ. სამწუხაროდ, არა მხოლოდ მუსიკაში, ბევრი არაპროფესიონალი არსებობს ყველა სფეროში. წალეკა არაპროფესიონალიზმმა ყველაფერი...

- დამღლელი სამუშაოს შემდეგ, თავისუფალ დროს ენერგიის აღდგენას რის ხარჯზე ახერხებ?

- თავისუფალ დროს მიყვარს მხოლოდ ვახშმის მომზადება, ეს არის ჩემთვის რელაქსი. ვგიჟდები, როცა ვახშამს ვამზადებ და მაგ დროს ჩემი მეგობრები მოდიან. ვსაუბრობთ, ღვინოს ვწრუპავთ და ჩემს მომზადებულ კერძებს ვაგემოვნებინებ. გვაქვს ხოლმე თბილი, მეგობრული და გემრიელი საღამოები და ეს ამბავი ხშირად ხდება. ოქტომბერ- ნოემბერში კი, "ევროვიზიის“ გამო მსგავსი რაღაცებისგან შორს ვარ. ამიტომ მომენატრა ეგ ფუსფუსი - დიდი განტვირთვაა.

საერთოდ დასვენება შინ მიყვარს და ჩემი სახლი ჩემი საუკეთესო "მეგობარია“.

- საკუთარი გამოცდილებიდან დამწყებ მუსიკოსებს რას ეტყოდი?

- საკუთარი თავის უნდა გჯეროდეთ. რასაც მოინდომებ, ყველაფერს მიაღწევ. თუ მიზანი გაქვს, სანამ არ მიაღწევ, იმ გზაზე სიარული არ უნდა შეწყვიტო. ბევრჯერ გეგონება, რომ არ გამოდის, იმედგაცრუებაც გექნება, რაც, აბსოლუტურად ტყუილია, ზუსტად მაშინ უნდა მიხვდე, რომ ყველაფერი გამოვა. ასე იყო ჩემს ცხოვრებაში. ბევრჯერ მქონია სტრესი, მგონებია, რომ არ გამოდის, მაგრამ მაინც "მივწოლილვარ,“ "რქებით“ გამიტანია და ჩემი სათქმელი მომიტანია.

შენი საქმე უნდა გიყვარდეს, ინტერესი უნდა გქონდეს. აღიარების ინტერესის ქონაც საჭიროა, რომ ეს შენ შექმენი და ხალხს მოსწონს. როდესაც წარმატებას მიაღწევ, კიდევ მეტი უნდა გააკეთო, თამასა არ უნდა დააგდო, რომ კიდევ წინ გადადგა ნაბიჯი. არასოდეს ხარ მაგარი - სულ უნდა იყო ფორმაში და ხარისხიანად იმუშაო. არასოდეს დაიჯერო, რომ ყველაფერი შეგიძლია. წარმატებას რომ მივაწევ, ერთ კვირაში ვივიწყებ...