საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა მისცა.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის წარმოსადგენია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ასევე, მოჰამედ ალი რაშიდ ალაბბარის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეესტრის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ 30 კალენდარული დღის ვადაში დამატებითი დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდება.
ეს არის თამაში, რაშიც სახელმწიფო და ე.წ. იუსტიციის სამინისტრო მონაწილეობს. ამ დოკუმენტების ვერანაირი დახარვეზება ვერ გააჩენს განცდას, თითქოს სახელმწიფო უწყებები საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს იცავენ, - ასე შეაფასა "ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გავრცელებული ინფორმაცია.
მისივე თქმით, საჯარო რეესტრი დაუხარვეზებს თუ არ დაუხარვეზებს რაიმე ტიპის დოკუმენტს არაბულ კომპანიას, ეს არაფერს ცვლის.
"ფაქტი არის ერთი- 6,5 მლრდ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული და ყველა შტოს თანამდებობის პირი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ბრალდებული დღევანდელი სასამართლო სისტემის პირობებშიც კი. შესაბამისად, საჯარო რეესტრი დაუხარვეზებს თუ არ დაუხარვეზებს რაიმე ტიპის დოკუმენტს არაბულ კომპანიას, ეს არაფერს ცვლის. ეს არის ტყუილი და პროპაგანდისთვის კიდევ ერთი საკენკი იმისთვის, რომ წარმოაჩინონ, თითქოს ისინი იცავენ რაიმე ტიპის სტანდარტს და სამოქალაქო ინტერესს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე, ასევე ამონაწერის განახლებაზე უარი უთხრა და კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცა, რომ დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
როგორც ცნობილია, არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს. კერძოდ, თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე, შენდება ახალი მწვანე ქალაქი - მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი - პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. მთლიანობაში საუბარია, 6.6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე. თუმცა, ამ პროექტზე არაბულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოყვა. ისინი ითხოვენ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და კონტრაქტის გასაიდუმლოებით შექმნილ საფრთხეებზე საუბრობენ.