აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმა მოიცავს ნატო-ს მე-5 მუხლის მიხედვით შექმნილ უსაფრთხოების გარანტიას, რომელიც აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს ავალდებულებს, უკრაინაზე თავდასხმა მთელი "ტრანსატლანტიკური საზოგადოების“ წინააღმდეგ თავდასხმად მიიჩნიონ, - ნათქვამია გეგმის პროექტში, რომელიც Axios-მა მოიპოვა.
Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის არმიის მდივნის, დენ დრისკოლის მიერ ზელენსკისთვის ხუთშაბათს წარდგენილ 28-პუნქტიან გეგმაში უბრალოდ ნათქვამია, რომ "უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“. თუმცა, ამასთან ერთად, აშშ-მა უკრაინელებს შეთანხმების კიდევ ერთი პროექტი წარუდგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ნებისმიერი "მნიშვნელოვანი, განზრახ და ხანგრძლივი შეიარაღებული თავდასხმა“ "ჩაითვლება ტრანსატლანტიკური საზოგადოების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელ თავდასხმად“ და აშშ და მისი მოკავშირეები შესაბამისად უპასუხებენ, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებით.
"ასეთ შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისა და უკრაინასთან, ნატოსთან და ევროპელ პარტნიორებთან დაუყოვნებელი კონსულტაციების შემდეგ, განსაზღვრავს უსაფრთხოების აღსადგენად აუცილებელ ზომებს. ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს შეიარაღებულ ძალებს, სადაზვერვო და ლოგისტიკურ დახმარებას, ეკონომიკურ და დიპლომატიურ ქმედებებს და სხვა ნაბიჯებს, რომლებიც მიზანშეწონილად ჩაითვლება“, - აღნიშნულია პროექტში.
დოკუმენტი მოიცავს ხელმოწერის ხაზებს უკრაინის, აშშ-ს, ევროკავშირის, ნატოს და რუსეთის მხრიდან.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა გაურკვეველია, საჭირო იქნება თუ არა საბოლოოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმოწერა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა შაბათ-კვირას ზელენსკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, რუსტემ უმეროვთან ერთად განიხილა შემოთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები და რომ დოკუმენტი ზელენსკის ხუთშაბათს წერილობით გადაეცა.
Axios-ი წერს, რომ გეგმამ შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური რეაქცია ტრამპის "ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ მოკავშირეების მხრიდან, რადგან ის ფაქტობრივად ავალდებულებს აშშ-ის სამხედროებს, დაიცვან უკრაინა ახალი ომის შემთხვევაში.