ინდიანას შტატში, Interstate 65-ზე მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის ირგვლივ, რომელსაც ეროვნული გვარდიის ერთი წევრი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე, 56 წლის ქართველი ემიგრანტი, გოდერძი გუჯაბიძე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბუნის ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ გუჯაბიძე, რომელიც სატვირთოს მართავდა, მას შემდეგ დააკავეს, რაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა (ICE) მათ შეტყობინება გაუგზავნა მისი სტატუსის შესახებ. ამერიკული პრესა წერს, რომ გუჯაბიძე შეჯახების მონაწილე იყო.
თუმცა, დაკავებულის ოჯახი ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არასწორად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ გოდერძი გუჯაბიძე უდანაშაულოა და მას ავარია არ გამოუწვევია.

შვილის ემოციური მიმართვა სოციალურ ქსელში: "მამაჩემი არაფერ შუაში არ არის!"
დაკავებულის შვილმა, ლიზა გუჯაბიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მამის უდანაშაულობის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
"გამარჯობა მეგობრებო, ეს პიროვნება მამაჩემია, რამდენიმე დღის წინ დააკავეს მამაჩემი ამერიკაში, ინდიანას შტატში მომხდარი ავარიის გამო. თვითონ არაფერ შუაში არ არის, ის შეესწრო ავარიას და გადაიყვანეს განყოფილებაში, როგორც მოწმე, შემდეგ გამომძიებელმა გაათავსუფლა, მაგრამ მოგვიანებით დააკავა საემიგრაციომ, რადგან არ ჰქონდა საბუთი.
ამ ავარიის შესახებ აშუქებენ ცრუ ინფორმაციას მედიები და ეს ინციდენტი რომ არ დააბრალონ მამას, გვჭირდება კარგი ადვოკატი, რომელიც დაგვეხმარება. ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და მირჩიოთ კარგი ადვოკატი."

ავარიის ფატალური დეტალები და გარემოებები
ტრაგედია 14 ნოემბერს, პარასკევს, დღის 12:15 საათზე, სამხრეთის მიმართულების I-65-ზე, I-865-ის მახლობლად მოხდა. ბუნის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, ავარიაში მონაწილეობდა სამი სატრანსპორტო საშუალება:
სამხედრო Humvee: რომელშიც ოთხი გვარდიელი იმყოფებოდა. ისინი კოლონით გადაადგილდებოდნენ ფრანკფურტის შეიარაღების საცავიდან Camp Atterbury-ისკენ. თეთრი Subaru: მძღოლი იყო 51 წლის ვერონიკა ვებსტერი. სატვირთო მანქანა (Car Hauler Truck): რომელსაც 56 წლის გოდერძი გუჯაბიძე მართავდა.
ოფიციალური წყაროების მიხედვით, შეჯახების შედეგად, მისაბმელის გარეშე მყოფი Humvee გადაბრუნდა, რის გამოც ოთხივე გვარდიელი კაბინიდან გადმოცვივდა. სპეციალისტი ტერი ფრაი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო სამი გვარდიელი (იზაია ფილიპსი, ნიკოლას რაინჰარტი და ლუკ რიჩარდსონი) სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.