ავტორი:

"მამამთილი რძალს შვილების თვალწინ სცემდა, ქალზე ფიზიკურად ძალადობდა ქმარიც, ასევე ემუქრებოდა მოკვლით" - ზუგდიდში მომხდარი დანაშაულის დეტალები

"მამამთილი რძალს შვილების თვალწინ სცემდა, ქალზე ფიზიკურად ძალადობდა ქმარიც, ასევე ემუქრებოდა მოკვლით" - ზუგდიდში მომხდარი დანაშაულის დეტალები

ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ქმარსა და მამამთილს სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

  • უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა და ასევე, სხვადასხვა დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაზეც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მეორე ბრალდებულმა კი არასრულწლოვანის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა რძალზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები 19 ნოემბერს დააკავეს. დაზარალებულის მეუღლეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, სამი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს (მამამთილს) ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ასევე, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ზუგდიდში, 21 წლის თამარ ბულიაზე ძალადობის ბრალდებით, მისი ქმარი, დათა პაპავა და მამამთილი, კობა პაპავა გუშინ დააკავეს.

როგორც ტელეკომპანია "TV პირველს" ახალგაზრდა ქალმა განუცხადა, მას ფიზიკურად მეუღლე და მეუღლის მამა, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გაუსწორდნენ. ქალს სხეულზე დაზიანებების კვალი აღენიშნება.

თამარ ბულია ირწმუნება, რომ ქმრის ოჯახმა ის თბილისიდან ზუგდიდში მოტყუებით ჩაიყვანა და შვილის წართმევით ემუქრებოდნენ.

"ჩემზე ძალადობა 17 ნოემბერს, საღამოს მოხდა. ჩემზე მეუღლემ, დათა პაპავამ და მამამთილმა, კობა პაპავამ იძალადეს. ძალადობა ჩემი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. ადგილზე იყო ჩემი დედამთილი, ეკატერინე თოდუა, რომელიც ატეხა კივილი, რომ ჩემთვის შვილი წაერთმიათ. დაზიანებები აღმენიშნება, სილურჯეები მაქვს და ტკივილი აღმენიშნება ზურგის არეში", - განაცხადა თამარ ბულიამ.