ავტორი:

საფრთხისშემცველი ნივთიერებები სათამაშოებში - რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ შეიძენთ?

საფრთხისშემცველი ნივთიერებები სათამაშოებში - რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ შეიძენთ?

სათამაშოების უსაფრთხოება რეგულაციების არსებობის მიუხედავად, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ 2025 წლის პირველ ნახევარში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, 106 შემოწმებული სათამაშოდან 51-ში დარღვევები გამოავლინა.

  • 17 დასახელების სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებს სძვრებოდა პატარა ნაწილები, რაც დახრჩობის საფრთხეს ქმნის;
  • 33 ნიმუშში, რომელიც ტყლარწებსა და ლატექსის ბუშტებს მოიცავდა, დაფიქსირდა ქიმიური საფრთხეები.

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო სათამაშო?

ჯანმრთელობის რისკების თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათამაშოები შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს, როგორიცაა CE ნიშანი და EN 71. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ უხარისხო სათამაშოებზე ხშირად აღნიშნული ნიშნებიც გაყალბებულია, რაც კიდევ უფრო ართულებს ავთენტური პროდუქციის ამოცნობას.

ილუსტრაციაზე წარმოდგენილი მაგალითი დაგეხმარებათ ამოიცნოთ, არის თუ არა სათამაშო უსაფრთხო. ამასთან ეცადეთ, პროდუქტის შეძენისას მოითხოვოთ სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მაღაზია ბრენდის ოფიციალური შემომტანია (იქნება ეს „ბარბი“, „ჰოთვილსი“, „მეჩბოქსი“ თუ სხვა).

როგორ ხვდება ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქცია ბაზარზე და ვინ აკონტროლებს სათამაშოების ხარისხს?

თქვენი ბავშვები შეიძლება საფრთხეში იყვნენ, თუ სათამაშოებს აქტიურად იწერთ Temu-დან და Shein-იდან.

გერმანულმა მომხმარებელთა დაცვის ასოციაციამ Stiftung Warentest-მა შეამოწმა Temu-სა და Shein-ის ჩინური ონლაინ პლატფორმებიდან შეძენილი სამკაულები, საბავშვო სათამაშოები და USB დამტენები. 162 პროდუქტიდან ორ მესამედზე მეტმა ვერ დააკმაყოფილა ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტები. დაახლოებით მეოთხედი კი პოტენციურად საშიშად შეფასდა. ტესტირებული პროდუქციიდან რამდენიმე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა და შეიძლება გამოეწვია ალერგიული რეაქციები, სმენის დაზიანება და სხვა.

ჩვენს ქვეყანაში იმპორტირებული სათამაშოების კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანო ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოა. მისი წარმომადგენელი, ნიკო ფილფანი განმარტავს მექანიზმებს, რითაც საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოებას კონტროლდება - სააგენტო პერიოდულად ატარებს ბაზრის შემოწმებას ან რეაგირებს მომხმარებელთა მიმართვაზე.

იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციამ უსაფრთხოების სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, მისი ბაზრიდან ამოღება ხდება. კრიტიკული შეუსაბამობების შემთხვევაში კი შეიძლება, სათამაშოები მომხმარებლებისგანაც გამოითხოვონ:

„2021 წლიდან ამოქმედდა სათამაშოების ტექნიკური რეგლამენტი და სწორედ აღნიშნული პერიოდიდან ვახორციელებთ პერიოდულ კონტროლს, რომელიც მოიცავს როგორც პროაქტიულ, ასევე დაგეგმილ ზედამხედველობას. წლებისა და კვარტლების მიხედვით იგეგმება შესამოწმებელი ობიექტები და პროდუქტები ან დაინტერესებული პირი თავად მოგვმართავს კონკრეტულ ნივთთან დაკავშირებით და გვაქვს შესაძლებლობა, ჩავატაროთ ლაბორატორიული შემოწმება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ვატარებთ შესაბამის ღონისძიებებს“, - განმარტა ნიკო ფილფანმა.

ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელი მიმართავს მომხმარებლებს, ეჭვის შემთხვევაში მიმართოს მათ და მიაწოდოს ნივთი, რომელიც ანონიმურობის დაცვით შემოწმდება.

ნიკო ფილფანის თქმით, იგეგმება დაფარვის არეალის გაზრდა და მეტი მიზნობრივი შემოწმება, რაც მნიშვნელოვანია პრევენციისთვის.

რომ შევაჯამოთ, სათამაშოს შერჩევისას ბავშვის უსაფრთხოების დაცვაში დაგვეხმარება:

  • ბაზრის რეგულირების სააგენტოს კვლევებისთვის თვალი მიდევნება - ვებგვერდზე პერიოდულად ქვეყნდება საფრთხისშემცველი სათამაშოების შესახებ ინფორმაცია;
  • უცხოური ვებგვერდებიდან საეჭვო ხარისხის პროდუქციის გამოწერისგან თავის შეკავება;
  • მაღაზიებში ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა;
  • დაკვირვება სიმბოლოებზე, რომლებიც ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობას ადასტურებს.

R