რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარებმა ყირგიზეთში, ისიკ-კულის ტბის ქვეშ "ჩაძირული ქალაქის კვალი" აღმოაჩინეს. შთამბეჭდავ მტკიცებულებებს შორისაა შუა საუკუნეების სამარხის ნაშთები, დიდი კერამიკული ჭურჭელი და აგურით ნაშენი შენობის ნაწილები.
ვარაუდობენ, რომ ქალაქში მუსლიმური სალოცავი სახლები, სკოლები, აბანოები და მარცვლეულის საფქვავიც კი იყო. ექსპედიციის ხელმძღვანელის, ვალერი კოლჩენკოს თქმით, ეს „მნიშვნელოვანი“ კომერციული დასახლება უნდა ყოფილიყო, თუმცა მე-15 საუკუნეში ის საშინელი ტრაგედიის შედეგად დაიკარგა, რომლის მასშტაბიც "პომპეის კატასტროფას" შეიძლება შევადაროთ.

"ადგილი, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ, იყო ქალაქი ან მსხვილი სავაჭრო ცენტრი" - თქვა კოლჩენკომ.
პირველ ზონაში გამომწვარი აგურის მრავალი ნაგებობა აღმოაჩინეს, მათ შორის წისქვილის ქვა, რომელიც გამოიყენება მარცვლეულის დასაქუცმაცებლად და დასაფქვავად. ასევე ნაპოვნია საზოგადოებრივი შენობის კვალი, რომელიც შესაძლოა მეჩეთად, აბანოდ ან სკოლად გამოიყენებოდა.

დანარჩენ სამ ზონაში ასევე გამოვლინდა ადრეული სამარხის, XIII საუკუნის მუსლიმური ნეკროპოლისის და თიხის აგურისგან ნაგები მრგვალი და მართკუთხა ნაგებობების კვალი.
პროექტის დამფინანსებელი რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების თქმით, "ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ აქ ოდესღაც უძველესი ქალაქი იდგა".

ტორუ-აიგირის ეს დაკარგული დასახლება წარმოადგენდა „ქალაქს ან დიდ კომერციულ აგლომერაციას“ აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთზე - ძვ.წ. II საუკუნიდან XV საუკუნის შუა პერიოდამდე. აბრეშუმის გზა ხელს უწყობდა აბრეშუმის, სანელებლების, ძვირფასი ლითონებისა და იდეების გაცვლას ჩინეთსა და ხმელთაშუა ზღვას შორის. თუმცა, კოლჩენკოს თქმით, ისიკ-კულის ტბასთან მდებარე ქალაქი XV საუკუნის დასაწყისში "საშინელმა მიწისძვრამ" გაანადგურა.
ცივილიზაციის დაცემის შემდეგ, მისი ადგილი მომთაბარე ხალხმა დაიკავა და დღეს ტბის სანაპირო პატარა სოფლებით არის მოფენილი.