ავტორი:

"დაუკარით, იმღერეთ, გიყვარდეთ... თორემ მერე უკვე გვიან იქნება" - როგორ შეიქმნა თემურ ცაგურიას მთავარი ჰიტი და ვინ არის ქალი, ვისაც ის ეძღვნება?

"დაუკარით, იმღერეთ, გიყვარდეთ... თორემ მერე უკვე გვიან იქნება" - როგორ შეიქმნა თემურ ცაგურიას მთავარი ჰიტი და ვინ არის ქალი, ვისაც ის ეძღვნება?

უფროსი თაობის (და არა მხოლოდ) წარმომადგენლები კარგად იცნობენ არაერთი ცნობილი და ყველასთვის საყვარელი სიმღერის ავტორსა და შემსრულებელ თემურ ცაგურიას. შეიძლება ითქვას, რომ მისი ჰიტები უკვდავია. მუსიკოსი, რომელმაც მრავალი წელის ემიგრაციაში გაატარა, სამშობლოში 6 წლის წინ დაბრუნდა და ამჟამად კონცერტისთვის ემზადება. ამბობს რომ ყველა ჰანგს აქვს თავისი ისტორია. ინტერვიუს წინ სიმღერა "დაუკარით, დაუკარით“ შეგვისრულა და საუბარიც ამ სიმღერასთან დაკავშირებული კითხვით დაიწყო...

თემურ ცაგურია:

ასე გამოვიდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ეს სიმღერა დამყვება, როგორც სავიზიტო ბარათი. ამერიკაშიც ძალიან მოსწონდათ, დავბრუნდი საქართველოში და ამ სიმღერით მიხსენებენ, ასევე უყვართ "სანამ ვიყავი ახალგაზრდა“, "მეცხვარის სიმღერა“... ეს სიმღერები ჰიტად შემომრჩა.

- როგორ შეიქმნა "დაუკარით, დაუკარით“ და პირველად როდის შეასრულეთ?

- 1967 წელი იყო და ამდენ წელს გაუძლო. მუსიკაც და ტექსტიც ჩემია.

- მუზა როგორ მოვიდა?

- "სიყვარულო ძალსა შენსა“ ხომ გაგიგიათ?.. ყველა მუზა არის პოეზიისა და მუსიკის მეუფე. როგორც კი გეწვევა მუზა და დაგაჯდება მხარზე, ხელად მოდის მუსიკაც და ლექსიც. შეყვარებულ კაცს კიდევ მუზა სულ დასტრიალებს. უსიყვარულოდ ღმერთმა ნუ გვაცოცხლოს. დაუკარით, იმღერეთ, გიყვარდეთ... თორემ მერე უკვე გვიან იქნება...

- ადრესატმა თუ იცის, რომ ეს სიმღერა მის გამო შეიქმნა?

- იცის, ეს სიმღერა ჩემს მეუღლეს ვერა ცაგურიას მივუძღვენი, რომელიც ჩემსავით, ხელოვნების მსახურია, ბალერინაა. ვერა გახლდათ ჭაბუკიანისა და წიგნაძის მოსწავლე. შემდეგ გახსნა საბალეტო სკოლა... ვერა ზღაპარი იყო ... წარმოიდგინეთ ულამაზესი ბალერინა, სიფრიფანა, რაღა დავუმატო?.... მე მაშინ "რეროს“ სოლისტი ვიყავი, ის ჩვენთან მოვიდა, როგორც მოცეკვავე. მახსოვს, მისი პირველი გამოსვლა, მივულოცე. შემდეგ მანაც მომილოცა... მას შემდეგ 52 წელია ერთად მოვდივართ. დღეს გვყავს 3 შვილი, 3 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი. ახლა ისინი არიან ჩემი და ვერას ზღაპრები, გადაწონეს ყველაფერი...

- ყველაზე დასამახსოვრებელი შეფასება, თქვენი სიმღერის მოსმენის შემდეგ.

- ემიგრაციაში ჩემი შემფასებელი იყო ამერიკის ცენტრალური პრესა: "ვაშინგტონ პოსტმა“ ჩემს ხმაზე დაწერა: "საოცარი ხმა“; "ვაშინგტონ თაიმსმა“ მიწოდა - "ბრწყინვალე“. ერთხელ მითხრეს, - მარიო ლანცას ხმა გაქვსო... ბევრი შექება მომისმენია და სიმართლე გითხრათ, მსიამოვნებდა. მე ფული არ წამომიღია ამერიკიდან, ეს შეფასებები ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

საქართველოში 6 წლის წინ დავბრუნდი და აღარ ვაპირებ არსად წასვლას. ამერიკას ვუთხარი ნახვამდის, მაგრამ მუსიკალურ კარიერას - ვერა. სანამ შემიძლია, ვიმღერებ.

- შესანიშნავად შეგიძლიათ და როგორც ვიცი, უახლოეს მომავალში კონცერტსაც გეგმავთ.

- დიახ. "ზაზანოვაში“ 30 ნოემბერს 19 საათზე გეპატიჟებით. ვემზადები, რომ რამე არ შემეშალოს...

- სიმღერა რა ასაკში დაიწყეთ?

- ბავშვობიდან, თბილისის პიონერთა სასახლის გაერთიანებული გუნდის სოლისტი ვიყავი. დიდი სიამოვნებით ვასრულებდი სოლო ნომრებს გუნდთან ერთად. ამავე დროს პიონერთა სასახლის თეატრალურ წრეზეც დავდიოდი.

- როგორც ვიცი, სპორტულადაც ცხოვრობთ...

- ესეც ბავშვობიდან... წყალბურთელი ვიყავი და შემდეგ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრიც გახლდით. დღესაც თბილისის ზღვაზე ყოველდღიურად ვცურავ. დიდი ხნით არა, 10 წუთი, ზაფხულში კი 2 საათი ვცურავ ხოლმე.

- რა არის მთავარი ცხოვრებაში?

- სიყვარული - სამშობლოს, ადამიანების, შენი ისტორიის, კულტურის.....