აშშ-ის პრეზიდენტმა ხუთშაბათს წარადგინა 28-პუნქტიანი გეგმა, სადაც ნათქვამია, რომ "უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“. თუმცა, ამასთან ერთად, აშშ-მა უკრაინელებს შეთანხმების კიდევ ერთი პროექტი წარუდგინა.
"გეგმაში უბრალოდ ნათქვამია, რომ "უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“. თუმცა, ამასთან ერთად, აშშ-მა უკრაინელებს შეთანხმების კიდევ ერთი პროექტი წარუდგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ნებისმიერი "მნიშვნელოვანი, განზრახ და ხანგრძლივი შეიარაღებული თავდასხმა“ "ჩაითვლება ტრანსატლანტიკური საზოგადოების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელ თავდასხმად“ და აშშ და მისი მოკავშირეები შესაბამისად უპასუხებენ, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებით" - წერს გამოცემა.
"აშშ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების და იარაღის მიწოდებების შეწყვეტით დაიმუქრა, რათა აიძულოს ის, დაეთანხმოს აშშ-ის მედიაციით შექმნილი სამშვიდობო გეგმის ჩარჩოზე“, - ნათქვამია გამოცემის განცხადებაში ორ წყაროზე დაყრდნობით.
რას შედეგს მოიტანს ტრამპის გეგმა?
"ეს არის შეთანხმების ის არსებული დოკუმენტი, რომელზეც უკრაინა ხელს არ მოაწერს, ეს გამორიცხულია, რადგანაც ის თავის თავში გულისხმობს მსხვერპლის ანუ უკრაინის დასჯას და არა აგრესორის დასჯას და თუ კი მსგავსი შეთანხმება ამერიკის ხელისუფლების მხრიდან მართლაც იყო დაწერილი, ეს, როგორც მინიმუმ, აგრესიული რეჟიმებისთვის, როგორიც არის არა მხოლოდ რუსეთი, არამედ აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთი, არის წამახალისებელი.
აგრესორი არა მხოლოდ წახალისებული ხდება და არა მხოლოდ ტერიტორიებს იღებს ამ შეთანხმებით, არამედ მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული ექცევა ამნისტიის ქვეშ, შესაბამისად, მას არ მოუწევს ამ დანაშაულზე პასუხისგება და მეტიც - ის არსებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და კრძალავდა აგრესიულ დაპყრობით ომებს, უბრალოდ ქრება და არა მხოლოდ ქრება, არამედ თავად ნატო, რომელიც ცივი ომის მთავარი პირმშოა, იღებს ვალდებულებას, რომ აღარ გაფართოვდეს.
საბოლოო ჯამში, ეს არის საკუთარი თავის დადანაშაულება უშუალოდ მსხვერპლის მხრიდან და ასევე დასავლური ცივილიზაციის მეორე სვეტის - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უზარმაზარი რეპუტაციული თვითზიანი და ეს რეპუტაციული თვითზიანი უკვე დამდგარია. რაც არ უნდა მოხდეს, რუსეთმა მიზანს მიაღწია. რუსეთის მიზანი არ იყო მხოლოდ უკრაინის დაჩოქება. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არსებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის სრული ჩამოშლა, სადაც დაპყრობითი ომები გახდებოდა ჩვეულებრივი ამბავი“, - აღნიშნა კობერიძემ.

მან ასევე შეაფასა ევროპელი ლიდერების განცხადებები სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით და შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, "რატომ არ ჰქონდა ევროპას ხისტი რეაქცია“.
"დონალდ ტრამპი ყველაფერს ზომავს თავისი პერსონალური ხედვით. მას მუდმივად პირზე აკერია ის ფრაზა, რომ პუტინი მისი მეგობარია. ტრამპი არ არის საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკოსი, ის სტანდარტულად არის ქარიზმატული შოუმენი და კარგად გამოსდის შიდა პოლიტიკის შოუმენობა. მას არ უყვარს, როცა არ აქებენ ან მასზე ცუდს ლაპარაკობენ და ევროპამ ეს კარგად ისწავლა, ამიტომაც მოსალოდნელი იყო ევროპის მხრიდან მშრალი ფრაზები, რათა არ გააღიზიანონ, ჯერ კიდევ სჭირდებათ ამერიკა, ჯერ კიდევ არ არის მზად ევროპა, სრულად იყოს დამოუკიდებლად მილიტარიზებული, ამიტომაც გასაგებია მათი მხრიდან ეს დამოკიდებულება, წარმოუდგენელი იქნებოდა ევროპის მხრიდან ძალიან ღია დაპირისპირება ამერიკასთან, მაგრამ ის უკვე ითქვა, რომ ეს კაპიტულაციაა, ეს არ არის ხელშეკრულება, რომელზეც ხელის მოწერა შეიძლება და ეს არ არის გეგმა, რომელიც მშვიდობას მოიტანს.
ეს არის გეგმა, რომელიც რუსეთს მისცემს დროს, რომლის შემდეგაც ის აუცილებლად განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე და ის აუცილებლად მიმართავს იმას, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის - დივერსიას, საბოტაჟსა და ჰიბრიდულ ომს. ამით მას მართლა კარგად შეუძლია დასავლური ცივილიზაციის დაჩოქება, თუ კი მას ექნება თავისუფალი დრო და არჩევანი“, - აღნიშნა გიორგი კობერიძემ.

"უკრაინაში შემდგომი თვეები ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იქნება. რუსეთმა იცის, რომ მომავალი ზამთარი და აშშ-ში შიდა დაპირისპირება და უკრაინასთან მიმართებით გაურკვევლობა უნდა გამოიყენოს. ევროპამ იცის, რომ გამარჯვებული რუსეთი ომებს კი არ შეწყვეტს არამედ ახალ ომებსა და კონფლიქტებს წააქეზებს ევროპის შიგნით, თავად კი ჰიბრიდული სამხედრო კამპანიებით იქნება დაკავებული და ახლო სამეზობლოს თანდათანობით შეწოვასაც დაიწყებს თავისი ულტიმატუმებითა და მუქარებით. მათ შორის ვიქნებით ჩვენც.
ამიტომ ახლა ევროპა ნამდვილად ვერ და არ გადმოვა უკრაინის მხარდამჭერი ნავიდან. გამარჯვებული რუსეთის შემხედვარე როგორ მოიქცევა ბევრად გაძლიერებული ჩინეთი სამეზობლოს სადაო ტერიტორიაზევე, თავად განსაჯეთ. რუსეთმა ერთ მიზანს უკვე ნაწილობრივ მიაღწია ამ ომში - არსებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი თითქმის აღარ არსებობს (ან ზოგან არსებობს და ზოგან არა) და ეს ტრამპის სამშვიდობო გეგმის წინადადებაში გამოიხატა. როცა შეგიძლია დამპყრობელს შესთავაზო და გაუფორმო დაპყრობა და ხალხის მასობრივი განადგურება და მსხვერპლს დაუწესო შეზღუდვები, ესე იგი ლიდერის პოზიციებსაც თმობ და შენივე ხელით შექმნილ საერთაშორისო წესრიგსაც უარყოფ.
საბედნიეროდ დასავლეთი ერთ სვეტზე არ დგას მხოლოდ, მაგრამ პროცესი საკმაოდ ცუდია. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, ხვალ ტრამპი რომ გამოვიდეს და თქვას - უკრაინას ისევ ვუჭერ მხარსო (მისი არაპროგნოზირებადობიდან გამომდინარე). მაგრამ მთავარი არა სიტყვები, არამედ შედეგია: საერთაშორისო მშვიდობა რუსეთის დამარცხების ან მისი იძულების გარეშე უბრალოდ ვერ მიიღწევა" - ამბობს კობერიძე.
წაიკითხეთ ასევე: