"ყველას უკვირს, დრო როგორ მყოფნის - მგონი, ძალიან ბუნებრივი ამბავია. საერთოდ ასეა, ადამიანს რაც მეტი საქმე აქვს, მით მეტს ასწრებს. აქ მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრა და პასუხისმგებლობაა. თუ გრძნობ პასუხისმგებლობას, რაც არ უნდა დაღლილი იყო, გეზარებოდეს, ან სხვა საქმე გქონდეს, დროს გამონახავ. რაც შეეხება 9 შვილის დედობას, არ მგონია, ეს რაღაც მიუწვდომელი რამ იყოს," - გვეუბნება 9 შვილის დედა, ფილოლოგი და მკვლევარი რუსიკო კობახიძე.
. ცოტა ხნის წინ ჯერ ერთ დღით, შემდეგ კი - სამი დღით დააპატიმრეს... ის ჩვენში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილეა.
ხოლო თუ როგორი დედაა, როგორ ათავსებს ერთმანეთთან პროფესიულ საქმიანობას, დედობას, ბებიობას და აქტივისტობას, ამ მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
რუსიკო კობახიძე:
- 2 შვილი რომ მყავდა, სამშვილიან დედებზე ვამბობდი, - გაგიჟდნენ-თქო?! არადა, ასე არ ყოფილა... რაც მეტი შვილი მიჩნდებოდა, თავისუფალი დროც მემეტებოდა... 9 შვილი ერთდროულად ხომ არ გაჩენილა?! ჩემმა შვილებმა განმივითარეს შრომის, მოთმინების და დროის სწორად განაწილების უნარი. მთავარი კიდევ ის არის, თუ რა პერიოდში გავაჩინე ისინი.
- 90-იან წლებში დაიბადნენ?
- ჩემი პირველი შვილი 1990 წელს დაიბადა და მთელი 90-იანი წლები სულ ფეხმძიმედ და სულ პატარა ბავშვით ვიყავი... 1990, 1991, 1993, 1994, 1996, 1998, 2000, 2003, 2005 - ეს ჩემი შვილების დაბადების წლებია. ასეთი ანდაზაა - "რაც არ გკლავს, გაძლიერებსო". თუ უმკლავდები, ე.ი. უკვე დაძლეული გაქვს და იძენ ახალ უნარებს, ახალ შემართებას. ენერგია კი არ გაკლდება, გემატება. რაც მთავარია, გემატება განცდა, რომ შეუძლებელი არაფერია.

- როგორც ჩანს, შვილების დაბადებამ თქვენში ამ უნარების გაღვიძებას მეტი სტიმული მისცა...
- ჩემი მიზანი 9 შვილის ყოლა არ ყოფილია, არ ვაპირებდი, მაგრამ რადგან ასე მოხდა, ამ პასუხისმგებლობას ხომ არ გავექცეოდი?! საერთოდ, პასუხისმგებლობის გრძნობაა, რომ მთელი ცხოვრება მჭამს... ერთიც არის, ვინც უშველოა, ან ვისაც ნაკლები შვილი ჰყავს, არ ვფიქრობ, რომ დალხენილი და უსაქმურია. თავის ცხოვრებაში ყველა რაღაც შრომას დებს.
- ხართ ლექტორი, მკვლევარი, ფილოლოგი - საკუთარი პროფესიისთვის და თავისთვის დრო გრჩებოდათ?
- პროფესიისთვის დრო ნამდვილად არ მრჩებოდა, მაგრამ სადღაც 5 შვილის გაჩენის მერე უკვე მქონდა დრო იმისთვის, რომ რაღაცები მეთარგმნა, სტატიები დამეწერა. 2012 წელს პატარა 8 წლის იყო, რომ დოქტორანტურაში ჩავაბარე. მერე დისერტაცია დავიცავი. იმ დროისთვის კი ბავშვები უკვე დიდიები იყვნენ... ჩემი ინტერესების სფერო სკოლისკენ და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისკენ წავიდა.
- ბავშვების გაზრდისა და აღზრდის პროცესში ვინმე გეხმარებოდათ?
- პირველ, მეორე, მესამე შვილზე დასახმარებლად დედაჩემი მოდიოდა. მეოთხიდან ორ რაღაცას მივხვდი, - დამხმარე უფრო მღლიდა, რადგან ბუნებით ისეთი ვარ, არ შემიძლია, საქმეში სხვაც რომ ერევა... დაღლასთან ერთად, გავაცნობიერე, რომ - თუ ბავშვებს ვაჩენ, ვალდებული არავინაა, თავისი დრო შემომწიროს. თვითონ უნდა მოვუარო... უფროსებისთვის შემეძლო პატარ-პატარა საოჯახო საქმეები დამევალებინა, რაც მათთვის მძიმე სამუშაო არ იყო. მთავარი სირთულე საერთოდ ბავშვის გართობაა. ჩემი შვილები ერთმანეთში ისე ერთობოდნენ, რომ ეს მოხსნილი მქონდა, რაც დიდი შვება იყო. პირველი შვილი 35 წლისაა, მეცხრე - 20 წლის. 7 ბიჭი მყავს და 2 გოგო. 2 ამერიკაში ცხოვრობს, 4 - ჩემთან... ზოგს ენერგია ერთმა შვილმა შეიძლება დაახარჯვინოს. ამიტომ სულ ვამბობ, ერთი შვილი უფრო რთული გასაზრდელია-მეთქი.

- დედის თვალით დანახული საკუთარი შვილები როგორები არიან?
- სულ აქვთ პრეტენზია, რომ თითოეული არის დედისერთა. ჩემი ჯინსი რატომ არ გარეცხე, ეს სადილი რომ გააკეთე, ხომ იცი, რომ არ მიყვარს და ამ დროს სხვა უნდა გავუკეთო... ძალიან განსხვავებულები არიან, არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს როგორც ინტერესებით, ისე ხასიათით... მყავს 6 შვილიშვილი და 2-ს ველოდები. 2 ბიჭია დაოჯახებული და ერთი გოგო.
- ამ ეტაპზე პროფესიულად რას საქმიანობთ?
- ჩემი სპეციალობით „ილიაუნიში“ აკადემიურ წერას ვკითხულობ, კავკასიის უნივერსიტეტში ჟურნალისტებს პუბლიცისტიკის ისტორიას (მე-19 საუკუნიდან - მე-20-ეს დასაწყისამდე) ვუკითხავ. ჩემი მთავარი სამსახური „სოვლაბია“ - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია საბჭოთა წარსულის შესწავლა. იქ არა მარტო საბჭოთა წარსულს ვსწავლობთ, პრესაბჭოთას - პირველ რესპუბლიკაზე არაერთი კვლევა გვაქვს გაკეთებული, ასევე პოსტსაბჭოთა პერიოდზე, გვიანი საბჭოეთზე, პროპაგანდის, კულტურული მეხსიერების ისტორიაზე. ბევრი კუთხით ვმუშაობთ და ეს ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სფეროა. ვატარებთ სხვადასხვა ტურებს.
ასევე რედაქტორი ვარ და მთელი ჩვენი გამოცემები ჩემი დარედაქტირებულია. მიმაჩნია, რომ ბევრი ჩვენი მინუსი, სისუსტე გამოწვეულია სწორედ ამ საბჭოთა აზროვნების ვერ დაძლევისგან. ჩვენში ჩადებულია ისეთი მენტალური კონსტრუქციები, რომელიც შეუმჩნეველია და ამასთან დაკავშირებითაც ვმუშაობ... სკოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ვგიჟდებოდი ჩემს მოსწავლეებზე და ისინი - ჩემზე, მაგრამ უკვე ასაკში მივხვდი, რომ სკოლა დიდ ენერგიას ითხოვდა. მე კიდევ საქმის სანახევროდ გაკეთება არ შემიძლია. ამიტომ რომელიღაცაზე უარი უნდა მეთქვა. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ბოლოს სკოლას დავემშვიდობე.

- გასული წლის 28 ნოემბრიდან უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილე ხართ. რა არის თქვენი პროტესტის მთავარი მიზეზი?
- საერთოდ ძალიან ბევრი საპროტესტო აქციის მონაწილე ვარ. განსაკუთრებით 2019 წლის 20 ივნისს გავიხსენებ. მთელი ზაფხული, სანამ ის პროტესტი არ ჩაქრა, აქციებზე როგორც სამსახურში ისე დავდიოდი. 28 ნოემბერს ქუჩაში ზუსტად იმან გამომიყვანა, რამაც ასეულობით ადამიანი გამოიყვანა. უბრალოდ მივხვდით, რომ მთლიანად გვკეტავდნენ და გვართმევდნენ სასიცოცხლო წყაროს, რაც ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში გამოიხატება. იზოლირებული საქართველო კი რუსეთის გავლენის სფერო გახდება და არა მარტო გავლენის სფერო, კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. ასეთ დროს კი რუსეთის წინაშე აბსოლუტურად დაუცველები ვრჩებით. ქუჩაში გამოსვლის მიზეზი გითხარით, მაგრამ რამ დამტოვა იქ და რატომ არ წავედი მაშინ, როცა ბევრი წავიდა? გეტყვით. როცა ქუჩის აქტიური თავდასხმები, წამება, წყლის ჭავლი შეწყვიტეს, რუტინის გაძლება ბევრს გაუჭირდა. თებერვლიდან ხალხის რაოდენობამ იკლო.
მე რადგან 9 შვილის დამსახურებით რუტინა ძალიან კარგად მაქვს გათავისებული, დავრჩი. უბრალოდ პატარა ნაბიჯებით სიარულს უფრო ძლიერი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ვიწროვადიან პერსპექტივაში შეიძლება საზოგადოებამ სწორი განვითარება შეიძინოს, რომელიც უძლებს რაღაცას... თებერვლის მერე იქ დარჩენილ ხალხს რომ ვუყურებდი, მივხვდი, რომ ის, როგორც მე, არსად წამსვლელი არ არის. იქ ერთი ორგანიზმივით დავრჩით და ასევე ვართ. მიუხედავად იდეოლოგიური, ასაკობრივი სხვაობისა, ერთმანეთი გვიყვარს... ჩემი აზრით, დღეს "რუსთაველი" ჩვენი საზოგადოების განვითარების მინი-მოდელია. კარგად ჩანს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ტიპის, აზროვნების, ინტერესის ადამიანები, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დაპირისპირებულებიც ერთად იდგენენ. არანაირი ზემოდან მართვა, ხალხი იღებს გადაწყვეტილებას. ჯერ არის იდეა და მერე არგუმენტირებულად ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, რას გააკეთებს, რა მიაჩნია სწორად. ეს იმას ნიშნავს, რომ პროტესტმა მიიღო იმ კონკრეტულ სიტუაციაში ის იდეა. დღეს მაგალითად, ქუჩებში დავდივართ.

- თქვენი დაპატიმრების ფაქტს როგორ აფასებთ?
- ჯერ ერთი დღე დამაპატიმრეს, მერე - სამი. მგონია, რომ არ გამიჭირდა, ჯერ პირველ რიგში იმიტომ, რომ ამაზე შეგნებულად წავედი. მართალი გითხრათ, არ მეგონა, რომ ჩემს დაპატიმრებას გაბედავდნენ, ვფიქრობდი, ამით რეპუტაციულ ზიანს მიიღებდნენ-თქო. მაგრამ ამდენს ხომ ვერ აზროვნებენ... ჩემი დაპატიმრებით მეტი ზიანი მიიღეს, ვიდრე სარგებელი. ამ სამ დღეში რა სარგებელი უნდა მიეღოთ? აღვიზრდებოდი და ქოცი გავხდებოდი?! სრულიად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჩვენი დაუმორჩილებლობით იმ კანონს გავუქარწყლებდით, რაც ასეც მოხდა... იქ, სადაც სამი დღე ვიყავი, გამორჩეული პატივისცემით მექცეოდა ყველა - პოლიციიდან დაწყებული, ბადრაგით დამთავრებული. პირობები არ არის რაღაც კოშმარული, რომ ვერ გაძლო. ერთ-ერთმა მეგობარმა დაწერა, რუსიკო კობახიძეს, 9 შვილის დედას რომ აპატიმრებ, რას ფიქრობ, ამით დააშინებ, ქალს ამდენ ღამე აქვს ნათენებიო...

- როგორია თქვენი მოლოდინი?
- ჩემი თვალსაზრისით, ძალიან დაბნეულები ჩანან, რადგან როგორც, თვითონ ამბობენ, 50 აკაცუკს ვერაფერი მოუხერხეს. ხან სცემეს, ხან კანონები მიიღეს, დაგვდევენ... ვერც მოუხერხებენ. ამიტომ ჩვენი დამარცხების არც ძალა აქვთ, არც ნერვები და არც რესურსი. ველოდები მათ ჩამოშლას. ბოლომდე ვიქნებით იქ. სხვათა შორის, ძალიან კარგი სლოგანი გვაქვს „ბოლომდე“. ეს ბოლო არავინ იცის, როდის არის, მაგრამ მზად ვართ, რა დროც დასჭირდება, იქ ვიდგეთ.