ავტორი:

საქართველო დასახელდა "ბინძური საფერფლის“ მფლობელად - რას ნიშნავს ეს?

საქართველო დასახელდა "ბინძური საფერფლის“ მფლობელად - რას ნიშნავს ეს?

ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-11 მხარეთა კონფერენციაზე (COP11), საქართველო დასახელდა "ბინძური საფერფლის“ (Dirty Ashtray) მფლობელად.

არადა, სულ რამდენიმე წლის წინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ თამბაქოს კონტროლის რეფორმების კუთხით საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი წვლილისათვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის იმდროინდელი თავმჯდომარე კაკი ზოიძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი დააჯილდოვა. მეტიც, საქართველოში მიღებული კანონისა და რეფორმების შესახებ ჯანმომ სპეციალური დოკუმენტური ფილმიც კი მოამზადა. ამასთან, საქართველო უზიარებდა თავის საუკეთესო გამოცდილებას რეგიონის ქვეყნებს.

ეს იყო აღიარება იმ მრავლისმომცველი და პრინციპული კანონმდებლობისა, რომელიც საქართველომ აამოქმედა:

  • სრულად აიკრძალა მოწევა დახურულ საჯარო სივრცეებში.
  • აიკრძალა თამბაქოს რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა.
  • შემოვიღეთ სადა შეფუთვა და დიდი, გამაფრთხილებელი პიქტოგრამები და სხვ.

მაშინ საქართველო დადგა ცივილური და მოწინავე ქვეყნების გვერდით, რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის პრიორიტეტი. მსოფლიო აღნიშნავდა, რომ ქვეყანამ შეძლო დაეძლია თამბაქოს ინდუსტრიის წნეხი.

  • 2025 წელი: რატომ მივიღეთ "საფერფლე“?

დღეს სურათი რადიკალურად შეცვლილია. არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალურმა ალიანსმა (GATC) საქართველოს, ყაზახეთთან ერთად, ანტი-ჯილდო მიანიჭა.

კონფერენციაზე განიხილებოდა "მუხლი 2.1“, რომელიც გულისხმობს სამომავლო, ინოვაციურ ზომებს (Forward-looking measures) თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში (მაგალითად: თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის რეგულირება, გარემოსდაცვითი ვალდებულებები და ე.წ. "თაობა თამბაქოს გარეშე“).

ნაცვლად იმისა, რომ საქართველო, როგორც ლიდერი, ამ პროცესის ავანგარდში ყოფილიყო, ქართულმა დელეგაციამ (რომელსაც ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები და ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა შეადგენდნენ) ნეგატიური პოზიცია დაიკავა და არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ წინადადებას.

საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის - თამბაქოს კონტროლის გლობალური ალიანსის შეფასებით, საქართველომ გამოიყენა ფორმალური, ბიუროკრატიული არგუმენტები პროცესის გასაჭიანურებლად, რაც პირდაპირ ემსახურება თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებს. მითუმეტეს, როცა ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სარეკომენდაციო ხასიათის იყოს.

  • "ორქიდეის" და "საფერფლის" ტრადიცია

"ორქიდეა“ და "ბინძური საფერფლე“ არ არის ოფიციალური დიპლომი ბეჭდით, მაგრამ უზარმაზარი მორალური და რეპუტაციული ძალა აქვს. ეს ტრადიცია წლებია არსებობს და მას Global Alliance for Tobacco Control (GATC) ახორციელებს.

  • ალიანსის წარმომადგენლები საჯაროდ აცხადებენ ნომინანტებს.
  • "ბინძური საფერფლე“ არის სიმბოლური საგანი, თუმცა ქვეყნის დელეგაციები მას, რა თქმა უნდა, ფიზიკურად არ იღებენ და არ მიაქვთ სახლში.
  • მთავარია "ბიულეტენი“, რომელიც ციფრულად ვრცელდება. იქ შავით თეთრზე წერია: “თამბაქოს კონტროლის მცდელობებისადმი თანმიმდევრული წინააღმდეგობისთვის, არგუმენტებით, რომლებიც უგულებელყოფდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტებს. მათი პოზიცია, როგორც ჩანს, განპირობებული იყო კერძო სექტორის ინტერესების დაცვით და არა საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებით.” ეს რჩება როგორც მოცემულობა. ეს ფაქტი შედის კონფერენციის ისტორიაში, პრესრელიზებში და საერთაშორისო მედიის არქივებში.

რა გავლენას ახდენს "საფერფლე“ ქვეყანაზე?შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ სიმბოლურია, მაგრამ შედეგები რეალურია:

  • 1. რეპუტაციის შელახვა: საქართველო კარგავს სანდო პარტნიორის იმიჯს ჯანდაცვის სფეროში. დონორი ორგანიზაციები და ჯანმო ხედავენ, რომ პოლიტიკური ნება მნიშვნელოვნად შესუსტდა.
  • 2. ლობისტების გააქტიურება: ეს არის სიგნალი იმისა, რომ თამბაქოს ინდუსტრიას სერიოზული გავლენა აქვს ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე, რასაც ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გავრცელებული 2025 წლის თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის საერთაშორისო ინდექსიც იუწყებოდა, - საქართველომ 96 ადგილი დაიკავა 100 ქვეყანას შორის და მისი შეფასება კიდევ უფრო გაუარესდა 2023 წლის ინდექსთან შედარებით.
  • 3. დიპლომატიური სირცხვილი: საერთაშორისო ტრიბუნაზე, სადაც 180+ ქვეყანა ზის, შენი ქვეყნის გამოცხადება "ინდუსტრიის მეგობრად“ დიპლომატიური მარცხია.

საერთაშორისო ექსპერტების განცხადებით, საქართველოს ჰქონდა ყველა რესურსი და მორალური უფლება, ყოფილიყო მუხლი 2.1-ის მხარდამჭერი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას უკვე აქვს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა, რომელთაგან ახლახან შევიდა ძალაში (2025 წლის 1 აპრილი) სტანდარტიზებული (სადა) შეფუთვის რეგულაცია, არსებულ კანონმდებლობას დახვეწა და გაძლიერება სჭირდება დღეს არსებული გამოწვევების გამო, რომელიც ახალი პროდუტების (ელ. სიგარეტები, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი, ნიკოტინის საღეჭი ბალიშები) მოზარდებსა და ახალგაზრდებში მასობრივად გავრცელების გამო აქვს. Cop11 – ზე ქართულ დელეგაციას შეეძლო სწორედ თამბაქოს ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგისა და ხელისუფლებაზე პირდაპირი გავლენების მცდელობის შესასუსტებლად ეთქვა: "ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან ბევრს გავაკეთებთ მომავალი თაობების გადასარჩენად“. სამწუხაროდ, 2025 წლის COP11 -ზე საქართველოს დელეგაციამ აირჩია საფერფლე.

  • ეკა ლომიძე, სპეციალურად ambebi.ge - სთვის ჟენევიდან