ავტორი:

კრემლის "სურვილების სია" თუ აშშ-ის "სამშვიდობო გეგმა" - რა უთხრა მარკო რუბიომ სენატორებს და რა განმარტებას აკეთებს ის

კრემლის "სურვილების სია" თუ აშშ-ის "სამშვიდობო გეგმა" - რა უთხრა მარკო რუბიომ სენატორებს და რა განმარტებას აკეთებს ის

"სამშვიდობო წინადადების“ ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

  • "ის ["სამშვიდობო გეგმა“] შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის რუსული მხარის წინადადებებს ეფუძნება, თუმცა, ასევე, უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც ეფუძნება“, - დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.

მანამდე, "რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მაიკ რაუნდსმა კონგრესმენებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მათ ესაუბრა და უთხრა, რომ "ეს "სამშვიდობო წინადადება“ აშშ-მა მიიღო და შემდეგ უკრაინას გადასცა“.

"მან მკაფიოდ განმარტა, რომ ჩვენ წინადადება მივიღეთ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ წარმომადგენელს გადასცეს. ეს ჩვენი რეკომენდაცია არ არის, ეს ჩვენი გეგმა არ არის“, - აღნიშნა რაუნდსმა.

სენატორი ანგუს კინგის თქმით, "სამშვიდობო გეგმა“ აშშ-ის პრეზიდენტის "ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს“.

"28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, მარკო რუბიოს თქმით, ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს, ეს ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა“, - განაცხადა კინგმა.

  • სენატორების განცხადებას სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ტომი პიგოტი გამოეხმაურა და მას "სიცრუე“ უწოდა.

"ეს აშკარა სიცრუეა. სახელმწიფო მდივანი და მთლიანად ადმინისტრაცია ყოველთვის აღნიშნავს, რომ ამ გეგმის ავტორი აშშ-ია, როგორც რუსების, ასევე უკრაინელების წინადადებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.