28-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის დაწყებამდე კარგი იქნება ვიცოდეთ, ვინ არის მისი ავტორი და სად შეიქმნა ის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორებმა უკრაინაში ომის დასრულებით მიზნით შექმნილ "სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით განაცხადეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მათ ესაუბრა და უთხრა, რომ "სამშვიდობო გეგმა“ აშშ-ის პრეზიდენტის "ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს“.
"28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, მარკო რუბიოს თქმით, ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს, ეს ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა“, - აღნიშნა სენატორმა, ანგუს კინგმა.
მოგვიანებით, ამერიკელი სენატორების განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ "სიცრუე“ უწოდა, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ "სამშვიდობო წინადადების“ ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია.
"ის ["სამშვიდობო გეგმა“] შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის რუსული მხარის წინადადებებს ეფუძნება, თუმცა, ასევე, უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც ეფუძნება“, - დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.