17 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, პოეტის 134-ე დაბადების დღეს, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით - „დაბადებიდან - გარდაცვალებამდე... დიახ, სახელი უკვდავების დამერქმეოდა". პოეტის სახლ-მუზეუმში უცნობი ხელნაწერები გამოიფინა. რამდენიმე წლის წინ თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ კერძო პირისგან წერილები, პიესები, ლექსები შეისყიდა და რესტავრაცია ჩაუტარა.
სახლი, სადაც დღეს გალაკტიონის სახლ-მუზეუმია, 1935 წელს აშენდა და გალაკტიონი იქ საცხოვრებლად ოლია ოკუჯავასთან ერთად გადავიდა. სიცოცხლის ბოლო 24 წელი, 1959 წლის ჩათვლით გალაკტიონი იქ სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ჯერ ოლია ოკუჯავასთან, შემდეგ ესტონელ ოლღა დარიუსთან და სიცოცხლის ბოლო წლები მესამე მეუღლესთან - ნინო კვირიკაძესთან ერთად ამ ბინაში გაატარა.
ამ ვერსიით კი ის აქამდე საზოგადოებას არ უნახავს, არსად გამოქვეყნებულა.
„გამოფენაზე 10-იან წლების დასრულებული ჩანაწერები, ხელნაწერები და მონახაზები სახით პიესები, ნოველებია წარმოდგენილი, რაც შინაარსობრივად ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით საინტერესოა პოეტის არც ისე ცნობილი მხარე - გალაკტიონი როგორც თეატრის რეჟისორი. 1916 წელს, როდესაც თავის პირველ მეუღლეზე, ოლია ოკუჯავაზე იქორწინა, მეუღლეები რუსეთში გაემგზავრნენ. რუსეთში ყოფნისას, რამდენიმეთვიანი სარეჟისორო კურსები გაიარა და ოსტროვსკის პიესა „ტყე“ დადგა. საქართველოში კი თეატრის რეჟისორის დიპლომით დაბრუნდა,“ - გვიყვება სოფო ყარყარაშვილი, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის პედაგოგი, ექსკურსიამძღოლი.
- უბის წიგნაკი იქნება, რვეული, ცალკე დაწერილი პიესა - ზოგი დასრულებული, ზოგი მონახაზის სახით, ზოგან მოქმედი პირებით მონიშნული, სიუჟეტი კი მშრალად აღწერილი უაღრესად საინტერესოა.
გამოვყოფ პიესას „სულის მიმღები ანგელოსი“. როგორც გალაკტიონის შემოქმედებისთვის არის დამახასიათებელი, სახელწოდება გადაშლილი აქვს და სხვა სახელწოდება „ფულია“ მიწერილი. ჩამოწერილია პერსონაჟები, მთავარი პერსონაჟი ზულეიმაა. ზულეიმა ასევე მის ერთმოქმედებიან დრამაშიც გვხვდება. აღნიშნულ დრამას შედარებით მცირე ფორმატი აქვს. ხელნაწერებში, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი, არის ასევე წერილი, სადაც გალაკტიონი იმაზე წერს, თუ ვინ იყო ეს ზულეიმა. იმ წერილიდან ვიგებთ, რომ სემინარიაში სწავლის დროს მას მოსწონდა ერთი თათრის გოგონა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, მასწავლებელი გაებრაზებინა, რომ მას კლასიდან გაეგდო. ქუჩაში კი ზულეიმას შეხვედროდა. გოგონას ძალიან უყვარდა გალაკტიონის ლექსები და ისიც მათ უკითხავდა. ეს გოგონა შემდგომ თავისი საინტერესო პიესების პერსონაჟად აქცია.
გარდა მის მიერ შეთხზული პიესებისა, ჩაწერილი აქვს ასევე „აბესალომ და ეთერის“ თავისებური ინტერპრეტაცია სამ მოქმედებად. მას იქვე აქვს თავისივე სახელით გაკეთებული კომენტარები... სადაც აბესალომი ეთერს სიყვარულს უხსნის, მიწერილია, რომ „სტალინურად და ლენინურად“. ასეთი სამუშაო ვერსიები გახლავთ ეს ხელნაწერი პიესები, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა წელს აქვს ჩასწორებული.
- ლექსები, რომლებიც იმ ვერსიით, როგორც ხელნაწერებშია წარმოდგენილი, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის... სხვა ავტორთა ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები ხშირად აქვს ჩართული სხვა შინაარსის ხელნაწერში, მაგალითად, „მგზავრის წერილები“. მანამდე გენეალოგიური ხე აქვს დახატული, რომელსაც მიწერილი აქვს - „ჩემი თავგადასავალი“. ხელნაწერში „მგზავრის წერილები“ გალაკტიონი თავისი ცხოვრების ერთ-ერთ რთულ პერიოდზე საუბრობს. მან თბილისის სასულიერო სემინარია ვერ დაამთავრა, თუმცა მასწავლებლის გამოცდები ჩააბარა და სოფელ ფაცხნალში, ხარაგაულის მახლობლად, დაწყებითი კლასების მასწავლებლად ერთი წელი მუშაობდა. როგორც მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, ის არცთუ სასიამოვნო წლები იყო პოეტის ბიოგრაფიაში. „მგზავრის წერილებში“ საუბრობს იმ მომენტზე, როდესაც ხარაგაულიდან უკან ბრუნდება და ბედნიერია, რომ ამ მისთვის რთულ პერიოდს და მძიმე ეტაპს შორდება. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება გალაკტიონის ერთ-ერთი ადრეული სიყვარული ისტორიაც.
- გალაკტიონი ცხოვრების მანძილზე აწარმოებდა დღიურს და დღიურებში ხშირად ტექსტს განსხვავებული ჩანახატი აქვს გაკეთებული - ისე, რომ რთულია ჩანახატისა და მინაწერის დაკავშირება. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ხელნაწერი თავისი განსხვავებული ჩანახატით... პირველი კრებული, რომელიც 1914 წელს ქუთაისში გამოიცა, სადაც 157 ლექსი შევიდა, ხოლო გამოფენაზე წარმოდგენილი გალაკტიონის ჩანახატი არწივის გამოსახულებაში ჩასმული ავტოგრაფი და პირველი კრებული გალაკტიონისეულ დიზაინს წარმოადგენს. ჩანს, როგორ ეძებდა მისთვის საინტერესო დიზაინს. ასევე აქვს გაფორმებული აფიშები...
მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია რელიგიურ თემატიკაზე შესრულებულ ჩანახატებს, კერძოდ, ჯვარცმას, სასულიერო პირებს, რელიგიურ სიუჟეტებს. ჩვენს გამოფენაზეც წარმოდგენილია ერთ-ერთი სასულიერო პირი. სამუშაო და რითმების რვეულშიც აქვს პატარა ჩანახატები გაკეთებული, თუმცა მოცულობითი, მასშტაბური და მონუმენტური ეს არ არის.
როგორც პოეტის დღიურებიდან ირკვევა, პირველ მეუღლესთან ერთადაც ხატავდა... ხშირია სხვადასხვა ქართველი მწერლის შარჟი. ძალიან საინტერესო გამოსახულებით ხატავდა მწერლებს, ზოგჯერ ჩიტების, გაბერილი ბუშტების სახით. ოღონდ, მიმანიშნებელ ტექსტებს ძალიან იშვიათად აკეთებდა, თუ ვინ იყო შარჟის ობიექტი. ზოგადად თეატრით და სცენოგრაფით იყო დაინტერესებული და ეს სცენოგრაფიული ჩანახატებიც ძალიან საინტერესოა.
- ბავშვობაში ნიკო სულხანიშვილის გუნდში ირიცხებოდა. ნაწერებში აღნიშნავს, როგორ აქებდა პედაგოგი მის ხმას, რომ იდეალური ალტი გაქვსო. ჩვენს სამუზეუმო სივრცეში წარმოდგენილია, როგორ ღიღინებს გალაკტიონი თავის ერთ-ერთ ლექსს „სახლი ტყის პირას“, რომელიც შესულია პოეტის მეორე და ყველაზე მნიშვნელოვან პოეტურ კრებულში „არტისტულ ყვავილებში“. თავის მუსიკალურ ნიჭს კი დედას უკავშირებს.
- დედასთან მიწერილი წერილები ჩვენი გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ამ კუთხით ის წერილები, რაც გამოფენაზეა წარმოდგენილი, 10-იან წლებით თარიღდება. დედას ხშირად დროის უქონლობის გამო ეწუწუნება, რომ ვერ ჩადის მასთან სოფელში. უმეტესად ფულს სთხოვს... არის ხელნაწერი, სადაც გალაკტიონი დედას საყვედურობს, გადიასავით თავზე ნუ მევლებით. სხვას თუ არ ვარგე, იმდენს მაინც შევძლებ, რომ თავს მოვუფრთხილდე და დედას სთხოვს, ასე ძალიან ნუ იღელვებს და ინერვიულებს მასზე.
- ''ლირიკული თეატრი“ ყოფილა მისი აუხდენელი ოცნება... ადრეულ წლებში ხელნაწერებშიც კარგად ჩანს, როგორ ამუშავებს პიესებს და როგორი საინტერესო შინაარსისაა ისინი. პიესები არ არის მოცულობითი, ზოგი საერთოდ მონახაზის სახით აქვს წარმოდგენილი. ხან უბრალოდ სტრუქტურა აქვს ჩამოწერილი და მოქმედი პირები ჰყავს წარმოდგენილი, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა შინაარსობრივად და იდეურად. ჩანაწერებში აღნიშნული აქვს, რომ ოცნებად ჰქონდა „გალაკტიონ ტაბიძის ლირიკის თეატრის“ დაარსება. ასე უნდოდა სცენაზე მისი ლექსების გაცოცხლება.
- ძალიან მჭიდროდ იყო პრესასთან დაკავშირებული. ჯერ კიდევ, როდესაც 1908 წელს სასულიერო სემინარიაში სწავლას იწყებდა, იქ თავის მეგობართან ერთად ხელნაწერი ჟურნალი „შუქი“ გამოსცა. სამწუხაროდ 2 ნომერი მოამზადა, მაგრამ მეორე ვეღარ გაავრცელა. ქუჩუ ქავთარაძემ, ფსევდონიმით დემონი, ვისთან ერთადაც ჟურნალი მოამზადა, თავი მოიწამლა და გალაკტიონსაც ჰქონდა იმავე მეთოდთ თვითმკვლელობის მცდელობა... 1922 წელსაც გამოსცა თავისი სახელობის ჟურნალი - „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ უწოდა, რომლის სულ 9 ნომერი გამოვიდა და უსახსრობის გამო დახურა. სხვადასხვა დროს აქტიურად ცდილობდა, რედაქტორებთან დაკავშირებას. გამოფენაზე წარმოდგენილია ერთ-ერთი ხელნაწერი, სადაც მიმართავს ერთ-ერთი პერიოდული გამოცემის რედაქტორს. წერს, რომ ჯერ 10 ლექსს გიგზავნით და შემდეგ გადახაზულია და სამ ლექსს უგზავნის. იქვე იმედს გამოთქვამს, რომ მუდმივი ხასიათი ექნება მისი ლექსების ამ ჟურნალში გამოქვეყნებას, თუმცა არ აკონკრეტებს რომელი ჟურნალია. არც რედაქტორის სახელია წერილში მითითებული...
მოკლედ, ამ ხელნაწერების სახით ძალიან საინტერესო მასალებზე მიგვიწვდება ხელი, რაც პოეტზე კიდევ მეტ და განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის.
იხილეთ ასევე: