რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი 2025 წლის 7 ოქტომბერს 72 წლის გახდა. ის რუსეთს 25 წელია მართავს, ბრეჟნევსაც კი აჯობა, რომელიც სსრკ-ის სათავეში 18 წელიწადს იყო. პუტინი ხუთჯერ გახდა რუსეთის პრეზიდენტი: რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2000 წელს მან ხმათა 51,95% აიღო, 2004 წელს - 71,31%, 2012 წელს - 63,6%, 2018 წელს - 76,69% (2020 წელს რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, პუტინს კიდევ შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა), 2024 წელს კი სარეკორდო 87,28%. პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გასაიდუმლოებულია. ოფიციალური ვერსიით, ის საუკეთესო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაშია. თუმცა დაკვირვებული თვალი ამჩნევს, რომ ასაკი თავისას შვრება. შესაბამისად, დიქტატორის გარემოცვაში უკვე ჩურჩულებენ, რა იქნება პუტინის შემდეგ და ვინ იქნება "მემკვიდრე".
თავად პუტინს ამ თემაზე საუბარი არ უყვარს. 2021 წელს მას ამერიკელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ფიქრობს თუ არა მემკვიდრეზე და აპირებს თუ არა ხელისუფლებაში დარჩენას 84 წლამდე. ამაზე კრემლის ბინადარი გაბრაზდა და თქვა, რომ ამ თემაზე საუბარი დესტაბილიზაციას იწვევს.
2025 წლის მაისში კი გამოვიდა დოკუმენტური ფილმი "რუსეთი. კრემლი. პუტინი. 25 წელი" (მედვედევის 4-წლიანი პრეზიდენტობა სათვალავშიც არ ჩააგდეს). ამ ფილმში მემკვიდრეზე საუბარი თავად პუტინმა დაიწყო: "ეს პრინციპული საკითხია. ამაზე მუდმივად ვფიქრობ. უნდა გამოჩნდეს ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც ხალხის ნდობას მოიპოვებენ". პუტინის ინტერვიუმ ახალი ბიძგი მისცა მკითხაობას იმაზე, თუ ვინ იქნება "მემკვიდრე". გავლენიანი ანალიტიკოსები შემდეგ ფიგურებზე საუბრობენ.
1. მიხაილ მიშუსტინი - რუსეთის პრემიერ-მინისტრი. აქვს რუსეთის რეგიონებში გავლენიანი პირების, დიდი ბიზნესისა და კორპორაციების მხარდაჭერა. გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით არ გამოირჩევა სისხლისმსმელი განცხადებებით.

შესაბამისად, ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ მიშუსტინის ფიგურა შესაძლოა დასავლეთისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იყოს.
2. დენის მანტუროვი - პირველი ვიცე-პრემიერი. '

სარგებლობს ეფ-ეს-ბეს, რუსეთის საგარეო დაზვერვისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაწილის მხარდაჭერით, რაც რუსეთის პოლიტიკაში ნამდვილად არ არის უმნიშვნელო ფაქტორები.
3. იგორ კრასნოვი - გენერალური პროკურორი.

ის პირადად პუტინის დიდი სიმპათიით სარგებლობს. გარდა ამისა, მის უკან დგას "როსნეფტის" გენერალური დირექტორი და რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, იგორ სეჩინი. მას მხარს უჭერენ მოსამართლეთა კორპუსი და პროკურატურა.
4. ალექსეი დიუმინი - პუტინის თანაშემწე და სახელმწიფო საბჭოს მდივანი.

მას გენერალ-პოლკოვნიკის წოდება აქვს. არსებული ინფორმაციით, 2014 წელს სწორედ ის ხელმძღვანელობდა ყირიმის ანექსიის ოპერაციასა და კიევიდან გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩის რუსეთში ევაკუაციას. სწორედ ამისთვის მიიღო მან რუსეთის გმირის წოდება. სარგებლობს პირადად პუტინის მხარდაჭერით.
5. სერგეი კირიენკო - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, დასავლურ პრესაში საკმაოდ პოპულარული ფიგურა, რუსეთში კი "რუხ კარდინალს" უწოდებენ.

ევროპულ მედიაში წერენ, რომ კირიენკო უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მართვაში აქტიურად არის ჩართული და ასევე, ხშირად ერევა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვას საშინაო საქმეებში. 2022 წლამდე კირიენკო კულუარებში პუტინის "მემკვიდრეობის" ყველაზე რეალურ კანდიდატად სახელდებოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მან კრემლის ბინადრის კეთილგანწყობა გარკვეულწილად დაკარგა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა ფაქტით დასტურდება, უკრაინის ომის დაწყებამდე ორი წლით ადრე კრემლმა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის სამხედრო თუ სამოქალაქო ჩინოვნიკების მოსასყიდად (განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მერებსა და გუბერნატორებს. ამ სცენარის მიხედვით, ომის დაწყების პირველივე დღეებში უკრაინელი პოლიტიკოსები მასობრივად უნდა გადასულიყვნენ რუსების მხარეზე და ოკუპანტებს ყვავილებით დახვედროდნენ. პროექტი ჩავარდა და კირიენკომ პუტინის რისხვა დაიმსახურა, რადგან ამ ოპერაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. თუმცა მან რაღაცა მანქანებით მოახერხა თანამდებობის შენარჩუნება.
6. ვიაჩესლავ ვოლოდინი - რუსეთის დუმის სპიკერი. პუტინის ერთ-ერთი მთავარი ფანატიკური მომხრე. მას ეკუთვნის სიტყვები: "არ იქნება პუტინი, არ იქნება რუსეთი".

ის იყო ერთ-ერთ ინიციატორი დრაკონული კანონების მიღებისა, რამაც რუსეთში საბოლოოდ დაანგრია თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოება. ასევე, მისი ინიციატივით, მიიღეს და მიიღებენ კანონებს, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეებს უნდა "ასწავლოს", როგორ აღზარდონ შვილი და როგორ იცხოვრონ მაღალი "სულიერ-მორალური პრინციპებით". მხარს უჭერს ინიციატივას, რომ რუსი ქალები კანონმა დაავალდებულოს, აუცილებლად გააჩინონ შვილი და ვინც ოჯახს არ შექმნის, პენსიის გარეშე დარჩება. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ლგბტ საზოგადოების მიმართ. თუმცა ოპოზიციონერი რუსი ჟურნალისტები უკვე თამამად საუბრობენ ვოლოდინის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე.
7. ანდრეი ბელოუსოვი - თავდაცვის მინისტრი.

არ მალავს, რომ აქვს დიდი პოლიტიკური ამბიციები. პუტინის დავალებით თავდაცვის სამინისტროში ჩაატარა საკადრო წმენდა, რითიც "ანტიკორუფციონერის" სახელი დაიმკვიდრა. თუმცა მისი სამომავლო კარიერა დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის პერიპეტიებზე.
ვნახოთ, ვის ეღირსება ზემოხსენებული ფიგურებიდან "მემკვიდრეობა."
მართლაც რეალურად ფიქრობს თუ არა პუტინი "მემკვიდრეზე", ჩვენ არ ვიცით. სამაგიეროდ, კრემლის ბინადარმა მოახერხა თავისი ნათესავებისა და საყვარლების უზრუნველყოფა. ამის შესახებ "დოიჩე ველემ" გამოცემა "პროექტზე" დაყრდნობით მოამზადა საინტერესო მასალა, რომლის ეპიზოდსაც გთავაზობთ.
"რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 24 ნათესავი იკავებს ისეთ თანამდებობებს, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული. საბიუჯეტო ხელფასებს იღებენ პრეზიდენტის ორივე ქალიშვილის - მარია ვორონცოვასა და ეკატერინა ტიხონოვას, ასევე, ბიძაშვილების - ევგენი და იგორ პუტინების, ლიუბოვ შელომოვასა და ლიუბოვ კრუგლოვას ოჯახების წევრები.
გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო თანამდებობის მიღებაში დაეხმარა მისი ყველა - ოთხივე საყვარელი ქალის - ყოფილი ცოლის, ლიუდმილა ოჩერეტნაიას, ალინა კაბაევას, სვეტლანა კრივონოგისა და ალისა ხარჩევას ოჯახის წევრებს. გააგრძელეთ კითხვა