ნაწილობრივ ალფრედ ჰიჩკოკის "ფსიქოს" სიუჟეტი გათამაშდა ახლახან იტალიაში, თუმცა რეალური ისტორიის მთავარი გმირი, ფილმისგან განსხვავებით, ფსიქიკური ავადმყოფი კი არა, თაღლითი აღმოჩნდა.
მოკლედ, იტალიის ქალაქ მანტუას მახლობლად მომხდარმა ამბავმა მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო - უმუშევარი შვილი დედას, 82 წლის გრაციელა დალ’ოლიოს გარდაცავლების შემდეგ, მას იმდენად "დაემსგავსა", რომ ქალის პენსიას სამი წლის განმავლობაში შეუფერხებლად იღებდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი, დედის მუმიფიცირებული ცხედარი სახლის სამრეცხაოში ჰქონდა გადამალული.
56 წლის მამაკაცმა დედის გარდაცვალება არავის შეატყობინა. ნაცვლად ამისა, მან დედის ცხედარი საძილე ტომარაში მოათავსა და სახლის სამრეცხაო ოთახში გადამალა. სამი წლის შემდეგ, როდესაც სამართალდამცველებმა ცხედარი აღმოაჩინეს, ის უკვე მუმიფიცირებული იყო.
შვილმა კი, ამ ხნის განმავლობაში, საკუთარი თავისთვის იდეალური როლი შექმნა: ის საგულდაგულოდ იმეორებდა დედის ყველა დეტალს, მაკიაჟის ჩათვლით. თაღლითმა ისეთი დამაჯერებელი გარდასახვა მოახერხა, რომ მანტუას მუნიციპალიტეტის ოფისში დედის პირადობის მოწმობაც კი გაუგრძელა მისი გარდაცვალების შემდეგ.
გარდაცვლილი დედის პენსიით და ოჯახის საკუთრებაში არსებული სამი სახლის შემოსავლით, მამაკაცი წლიურად დაახლოებით 61 000 დოლარის შემოსავალს იღებდა.
როგორც ირკვევა, ეს ამბავი საბოლოოდ ერთმა დაკვირვებულმა საჯარო მოხელემ გამოააშკარავა. ოფისის თანამშრომელს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოხუც "ქალბატონს" შედარებით "მამაკაცური" ნაკვთები, დაბალი ხმა და "სქელი" კისერი შეამჩნია.
მოხელემ საქმის კურსში ჩააყენა პოლიცია, რომელმაც დედისა და შვილის ფოტოები შეადარა და მიხვდა, რომ მათ წლების განმავლობაში ატყუებდნენ.
მამაკაცმა სამართალდამცველებს სახლის ჩხრეკის უფლება მისცა, რა დროსაც სამრეცხაოში გრაციელა დალ’ოლიოს ცხედარი იპოვეს.
ბორგო ვირჯილიოს მერმა, ფრანჩესკო აპორტიმ, განაცხადა:
"ის ალბათ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუმცა ამას ექსპერტიზა დაადგენს. ეს ძალიან უცნაური და ძალიან, ძალიან სამწუხარო ისტორიაა“.
შვილის წინააღმდეგ საქმე ცხედრის უკანონოდ დამალვისა და თაღლითობის ბრალდებით აღიძრა.