“ჩვენკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ აქეთ თითის გამოშვერა აიტანოს! ბურთი სრულად ნატოს ტერიტორიაზე. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ იყოს ნატოს წევრი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„თუ მიამიტობაზეა საუბარი, ქართველი ხალხი აღარ არის უკვე მიამიტი ამგვარი განცხადებების მიმართ. მგონი, კარგად ხედავს ქართველი ხალხი, თუ რასთან გვაქვს საქმე. 2008 წელს, რომ თქვეს, კარი ღია არისო, გავიდა 17 წელი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა. გააკეთა როგორც ინსტიტუციურად, ისე სამხედრო მხრივ დაახლოების თვალსაზრისით, პირდაპირ ომებში შესვლით და ბრძოლით ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ. ბატონი რუტე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და პრემიერიც იყო, იმ ქვეყანაზე 10-ჯერ მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ასე რომ, ჩვენკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ აქეთ თითის გამოშვერა აიტანოს! ბურთი სრულად ნატოს ტერიტორიაზე. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ იყოს ნატოს წევრი, არათუ სურვილია გამოთქმული, კონსტიტუციაშია ჩაწერილი ეს საკითხი. ვხედავთ, რომ ვიღაცას აწყობს საქართველო იქნება, უკრაინა თუ სხვა ქვეყანა, ლიმბოში ჰყავდეს, არც იქით და არც აქეთ, შუაში გაჭედილი, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს, ვიდრე ამცირებს. ვხედავთ, მათ შორის, უკრაინის მაგალითზე, ნატოს გარშემო რა დისკუსიები იყო. როდესაც ომი იწყებოდა, გამოვიდა ზელენსკი და თქვა, გაგვაგებინეთ, გვიღებთ ნატოში თუ არა.
როგორც თავსებადობის, ინსტიტუციურად, ყველა საკითხში ნატოს წევრი ქვეყნების 7-8 ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრებით. მიამიტი ქართველი ხალხი, მიამიტი აღარ არის. ნატო ჩამოყალიბდეს რა უნდა, საქმეც ის არის, რომ ვერ ჩამოყალიბდნენ რა უნდა. ვხედავთ, მათ შორის, ნახევრად ოფიციალურად გახდა ცნობილი, ევროკავშირის ვითომდა კონტრშეთავაზება 24 პუნქტიანი, სადაც იგივე საკითხი იყო, კონსენსუსი ნატოსგან, მაგრამ არსად არ იყო გადაწყვეტილება უკრაინის ნატოში წევრობაზე, მაშინ როდესაც სიტყვით თითქოს ჰპირდებოდნენ, როგორც საქართველოს 2008 წლიდან მოყოლებული. წლიდან წლამდე ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, კვლავ გაუგებრობაში აყენებენ საქართველოს. უკრაინასთან დაკავშირებით ხომ გესმის განცხადებები, უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი. 3 წელია იბრძვიან, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, გახდე ნატოს წევრი. მიამიტი არც ქართველი და უკრაინელი ხალხი იქნება. ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში რომ გყავს ერები, მიუღებელია. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ დაიჯეროს ლამაზი სიტყვები:“ღია კართან გეპატიჟებით“, „გელით“... არანაირი „ღია კარი“ და „მიპატიჟება“ არ უნდა, უნდა გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა.
კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.
„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ,“ - განაცხადა მარკ რუტემ.