სილქნეტის მხარდაჭერით, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ფელიქს ვარლამიშვილის, ვარლას გამოფენა მიმდინარეობს.
ფელიქს ვარლამიშვილი 1903 წელს ქუთაისში დაიბადა. 1922 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებისთანავე, ის ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადავიდა. მისმა სტუდენტობის დროინდელმა ნამუშევრებმა როგორც გრაფიკაში, ასევე ფერწერაში, მაშინვე მიიქციეს საზოგადოების ყურადღება. 20-იან წლებში მისი გამოფენები გაიმართა თბილისსა და ქუთაისში.
სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ფელიქს ვარლამიშვილმა თბილისში დააარსა საკუთარი სამხატვრო სკოლა. 20-იანი წლების ბოლოს ის პარიზში ჩავიდა და მონპარნასზე დასახლდა. მისი ნახატები პირველად 1933 წელს გამოიფინა პარიზში - „სპერანცას“ გალერეაში.

ვარლას შემოქმედება ორ კულტურულ რეგიონს უკავშირდება. მისი ხელოვნება, ისე, როგორც ქართული მხატვრობა, დასავლურ-აღმოსავლური კულტურის ნიშნებს ატარებს. მხატვარი ფერის საშუალებით ძვირფასი ქვების ბრწყინვალების ეფექტს ქმნის. პირობით სივრცეში, რომელიც, ხატის მსგავსად, მარადისობის ილუზიას ატარებს, მიმდინარეობს „ისტორიები“ ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკიდან: შრომის, მოსავლის აღების, ნადირობის, თევზაობის, დასვენების, ოჯახური იდილიისა და გართობის სცენები, რომლებსაც ავტორი ისე წარმოგვიდგენს, რომ რელიგიური თუ ისტორიული მოქმედების შთაბეჭდილებას გვიქმნის. მისი თემა სიცოცხლის დღესასწაულის დემონსტრაციაა ყოველდღიურობაში, როცა არსებობის მისტიკა რუტინული სცენებით არის გადმოცემული. ზოგჯერ მხატვარი მითოლოგიურ, რელიგიურ და ისტორიულ თემებსაც მიმართავს.

ვარლას შემოქმედებაში იგრძნობა გოთური ქანდაკების და ხატწერის გავლენა და, ამავდროულად, გამოსახულების მოდერნისტული ინტერპრეტაცია შემოდის. მის შემოქმედებაში შერწყმულია ქართულ-ევროპული თემატიკა და სხვადასხვა კულტურის ნიშნები: ფერი - ბიზანტიური მოზაიკების და შუა საუკუნეების ქართული მინანქრის ბრწყინვალებით ელვარებს, სცენები ზოგჯერ ხატის პრინციპზეა აგებული და რელიგიური კომპოზიციის სქემით წარმოდგენილი, ზოგჯერ კი აღმოსავლური მინიატურის სტილისტიკა უცნაურად და თამამად ერწყმის დასავლური ხელოვნების კონფიგურაციებს.

ფელიქს ვარლამიშვილი 1986 წელს პარიზში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ნეშთი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს. 1987 წელს მხატვრის მეუღლემ, ზირე ბინდერმა მხატვრის 10 ნამუშევარი საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმს გადასცა.
ფელიქს ვარლამიშვილის პერსონალურ გამოფენებს მასპინძლობდნენ აშშ-ს, იაპონიის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქალაქების პრესტიჟული საგამოფენო დარბაზები.

წინანდლის მამულში ვარლას გამოფენა დეკემბრის ბოლომდე გასტანს. ექსპოზიცია აერთიანებს მხატვრის 20 - მდე ნამუშევარს კერძო კოლექციებიდან, რომელსაც “ბაია გალერეა” წარადგენს.
ღონისძიებების მასპინძელია სილქ-ჰოსფითალითი.
R