აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ბოლო კვირის განმავლობაში ჩემმა გუნდმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მხრივ (ომის, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!). ბოლო თვეში 25,000 ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაპირველი, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეერთებული შტატების მიერ მომზადდა, დაიხვეწა ორივე მხრიდან დამატებითი წვლილებით და უთანხმოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტი რჩება. ამ სამშვიდობო გეგმის დასრულების იმედით, ჩემს სპეცწარმომადგენელს სტივ უიტკოფს მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა დავავალე და, ამავდროულად, არმიის მდივანი დენ დრისკოლი უკრაინელებთან გამართავს შეხვედრას. შემატყობინებენ ყველა მიღწეულ პროგრესზე, ისევე, როგორც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, ომის მდივანს პიტ ჰეგსეტს, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სუზი უაილსს.
პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრის იმედი მაქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება დასრულებული, ან დასრულების სტადიებში იქნება,” - წერს ტრამპი.
“მინდა, რომ ეს დასრულდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვაზე, აწესებს თუ არა ახალ ვადას უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის მისაღებად, ტრამპმა უპასუხა: „იცით, რა არის ჩემთვის ვადა? როდესაც ეს დასრულდება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ გარკვეული სადავო საკითხები ტერიტორიას ეხება.
„საზღვრის გაწმენდის მცდელობისას, სახლის შუაგულში გავლა არ შეიძლება. გზატკეცილის შუაგულში გავლა არ შეიძლება. ამიტომ, ისინი ცდილობენ რაღაცის გაკეთებას, ეს რთული პროცესია“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთი დათანხმდა ზოგიერთ საწყის ნაბიჯს.
„ისინი დათმობებზე მიდიან. მათი დიდი დათმობა ის არის, რომ წყვეტენ ბრძოლას და აღარ იკავებენ ტერიტორიებს“, -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მომავალ კვირას მოსკოვში გაემგზავრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად და, შესაძლოა, მასთან ერთად მისი სიძე ჯარედ კუშნერიც წავიდეს.
„არ ვარ დარწმუნებული ჯარედის წასვლაში, მაგრამ ის პროცესშია ჩართული, ჭკვიანი ახალგაზრდაა. ვფიქრობ, ისინი მომავალ კვირას მოსკოვში პრეზიდენტ პუტინს შეხვდებიან“, - აღნიშნა ტრამპმა.