დილის საათებში, რუსეთში, ჩუვაშეთის რეგიონს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულია 2 ადამიანი.
„დღეს ქალაქ ჩებოქსარიზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმა განხორციელდა. სამწუხაროდ, ორი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ორი მცხოვრები დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდია. ყველა დაზარალებული საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს“, - დაწერა რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ ნიკოლაევმა Telegram-ზე.

მისი თქმით, თავდასხმის გამო ევაკუირებული იქნა ლენინსკის რაიონის ნაწილი.
უკრაინული მედიის ცნობით თავდასხმის შედეგად დაზიანდა ჩებოქსარში მდებარე სტრატეგიული კვლევისა და განვითარების საწარმო, VNIIR-Progress.
რუსული საწარმო პროგრამულ და აპარატურულ სისტემებს, ავტომატიზირებული პროცესების მართვის სისტემებს აწარმოებს. ამასთან, კომპანია აწარმოებს Kometa-ს ანტენებს რუსეთის არმიისთვის, რომლებიც არმიას სხვა ელექტრონული ომის სისტემებისგან იცავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ბელგოროდის ოლქში 13 დრონი ჩამოაგდეს, ვორონეჟის ოლქში - 10, ლიპეცკის ოლქში - ოთხი, ბრიანსკის ოლქში - ერთი და შავი ზღვის თავზე - ხუთი.
რაც შეეხება უკრაინას, რუსეთმა ზაპოროჟიეს შეუტია. ღამით მომხდარი თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი შენობა დაზიანდა და 18 ადამიანი დაშავდა.
რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს 3 რაიონში 11 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაზიანდა 31 მაღალსართულიანი შენობა, 20 კერძო სახლი, საგანმანათლებლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები და შენობები.